ერთა თასი

21:20 | 9.03.2017 | ნანახია 4576 - ჯერ

რუსეთის "დათვები"

კვირას, 12 მარტს, ბორჯღალოსნები “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ბოლოსწინა, მეოთხე ტურში ‘დინამო არენაზე’ რუსეთს მიიღებენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ-რეჟიმში TKT.ge/geovrus , ასევე სტადიონის სალაროებში (ყოველდღე 11.00-19.00)

ლინგვისტური კურიოზი

მეფის რუსეთში რაგბის დანერგვა ბრიტანელებმა 1907 წელს სცადეს დედაქალაქ პეტერბურგში, მაგრამ როგორც ადგილობრივი გაზეთი წერდა, გუნდებს მეკარეები (!) აკლდათ

ოვალურ-ბურთა თამაში ფეხბურთისადმი მიძღვნილი, ვრცელი ნაშრომის დანართში 1909 წელს აღწერა რუსული სპორტული ჟურნალისტიკის ფუძე’მდებელმა გეორგ დიუპერონმა, ოღონდაც ინგლისურში გაუწაფაობის გამო, სახელში გამოიყენა ასო ё (იო)

მერე და მერე, სტამბურ მიზეზთა გამო (იშვიათი ё > е), „რიოგბი“ იქცა „რეგბი“დ. რუსულად რაგბს აქამდეც ასე მოიხსენიებენ, ქართულში კი შეცდომა 1989 წელს გასწორდა – „რაგბი“ დაინერგა

1923 წელს, ნეპ-ის ხანაში, რაგბს თამაშობდა მოსკოვის ორი, კერძო კლუბი, მაგრამ ახალმა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ისინი მალევე დახურა. 1933 წელს, შინ’სახ’კომის საზოგადოება „დინამოს“ 10 წლის’თავზე, ახალ სახეობათა ათვისების კამპანიის ფარგალში, მოსკოვში მოეწყო „საჩვენებელი თამაში“

მარგინალური და უპერსპექტივო

პრესაში გაჩაღდა აგიტაცია, გამოიცა ორიგინალური სასწავლო წიგნი, დადგინდა ახლანდელზე უკეთესი ტერმინოლოგია, აეწყო ბურთისა და „ზელანდიური“ კვართების წარმოება, 1935 წელს კი შეიქმნა მმართველი ორგანო – „რაგბის სექცია“ და დედაქალაქის, მოსკოვის პირველობაც გათამაშდა

1937 წელს, მოსკოვშივე ჩატარდა სასწავლო სემინარი, რომელშიც თბილისელი გიგა დვალიც მონაწილეობდა, მაგრამ რეპრესიებმა ლამის მთლიანად რომ შეიწირა რაგბის აქტივი, ხოლო მათ ნაცვლად – შეთავსებით მომუშავე სხვა’სპორტელებმა – საქმეს თავი ვეღარ დაადგეს, ომის წინ (1940) თამაში ჩაკვდა

ომის შემდეგ აღდგა მოსკოვის მინი-პირველობა და გეგმის შესასრულებლად ორი „ქალაქთა მატჩიც“ მოეწყო (1947 თბილისში, 1949 კიევში), მაგრამ ნორჩმა უკრაინელმა ხელ’ბურთელებმა ძლიეს მობერებული მოსკოველი „რეგბისტები“, რის გამოც კომიტეტმა დაფინანსება შეუწყვიტა მარგინალურ, უპერსპექტივო, არა-ოლიმპიურ სახეობას

პოლიტიკის გადამკიდე

საბჭოეთში „რეგბის“ თამაში სერიოზულად გაჩაღდა 1958 წლიდან – იდეოლოგიური წნეხის შერბილების კვალად, მოსკოვის „საერთაშორისო ახალგაზრდულ“ ფესტივალზე მომგებიანად წარმოჩინების შემდეგ

ოვალურ ბურთს ბევრ რესპუბლიკაში მიეტანა ლაღი სტუდენტობა, მაგრამ ბიუროკრატიულ წინაღობათა გადამკიდე, „საკავშირო ფედერაცია“ 1967 წელსღა შეიქმნა – დაწესდა პირველობათა გამართვა და წოდებათა მინიჭებაც. ერთი კია, არა-ოლიმპიურობის გამოვე, „რეგბს“ არასოდეს ღირსებია სრული აღიარება – არ შეუტანიათ სპარტაკიადაში

გაჭიანურდა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაც – საბჭოეთი „ფირა“ში 1975 წელსღა შევიდა. ნაკრებმა „ერთა თასზე“ ჯერ სამჯერ მოიპოვა ბრინჯაო (1979 1981 1983) და მერე – ოთხჯერ ვერცხლიც (1985 1987 1989 1990), „ძერჟავის“ დაშლის წინ კი მოიხილა ბრიტანეთი, არგენტინა, ჰონკონგი, ავსტრალია და ახალი ზელანდიაც

საბჭოეთმა ნებით – პოლიტიკურ მოსაზრებათა გამო – უგანა საწყის ორ მსოფლიო თასს (1987 1991), მაგრამ ირბ-ში (დღევანდელი „მსოფლიო რაგბი“) მაინც შევიდა 1990 წელს. ქვეყნის დაშლის შემდეგ მისი ადგილი რუსეთს მემკვიდრეობით ერგო, მაგრამ საქართველოში ნაწვნევი წყვილი მარცხის (1996 1998) გამო „დათვები“ 2000 წელს რე-ორგანიზებულ „ერთა თასზე ვეღარ მოხვდნენ

7-კაცა ურჩევნიათ

თანამედროვე რუსული რაგბის ცენტრი ციმბირია – ქალაქი კრასნოიარსკი, რომელსაც ორი ბობოლა კლუბი – „ენისეი“ და „კრასნი იარი“ ჰყავს. ეს გუნდები ბოლო ხანს მეორე და მესამე დონის ევროპულ ტურნირებში მონაწილეობენ და რაზმში თითო-ოროლა ბორჯღალოსანიც (რატი ურუშაძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე ...) ჰყავთ ხოლმე, მაგრამ ცივი ჰავის გამო, თამაშთა გამართვა სამხრეთ რუსეთში უწევთ

ამავე პრობლემის წინაშე დგას ეროვნული ნაკრებიც – საშეჯიბრო პერიოდში (თებერვალი – მარტი) ფორმაში ვერასდროს ვერაა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა 2010 წელს მაინც აჯობა რუმინეთს და 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური პირდაპირ მოიპოვა, მაგრამ შემდეგ ციკლში ისევ მოეცარა ხელი

ახალ, საბაზრო რეალობაში, მოსკოვური რაგბი დაკნინდა. პოზიცია დათმო ჯარის გუნდმა – მონინოს ვევეა’მაც. შინა-აშლილობაა ფედერაციაშიც: მთელს ქვეყანაში სოკოებივით მომრავლებული სამოყვარულო კლუბები არ იზიარებენ სახსრების განაწილების დადგენილ პრიორიტეტებს, და რუსეთის სპორტის უფროსობაც 15-კაცაზე მეტად ოლიმპიურ, 7-კაცა რაგბში ითხოვს შედეგს

სასახელო ტრადიცია

გასაგებ მიზეზთა გამო, ჩვენთვის რუსეთთან ყოველ რაგბულ რკენას თან ფრიადი ემოციური მუხტი დაჰყვება

ბორჯღალოსნებიც აგრძელებენ 1996 წელს ჩაყრილ სასახელო ტრადიციას – მათ არავისთან არა აქვთ ისე დადებითი შედეგი, როგორც დათვებთან:

20 მატჩში 18 მოგება - 1 წაგება * 1 ფრე (ქულა 500:231, ლელო 55/14)

rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:50 | 10.03.2017
kakhaberry (30)

რუსების ლინგვისტური კურიოზი კი აღინიშნა, მაგრამ ქართულშიც ხშირად ვუშვებთ შეცდომას. თუნდაც ამავე სტატიაში. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად ვამბობთ "რაგბს" "რაგბში", "რაგბმა" რაც არასწორია. უნდა ვთქვათ "რაგბის" "რაგბიში", "რაგბიმ". დაბოლოება "ი" ამ შემთხვევაში არ იკვეცება, რადგან საწისი სიტყვაა "რაგბი" და არა "რაგბ". ანუ "ი" ქართულის დანამატი არ არის.

იმედია არ მიწყენთ ამ პატარა შენიშვნას

10:14 | 10.03.2017
BEERTRANCE (1073)

ამათთან თამაშს იგივე ყურადღება უნდა ექცეოდეს, რაც გერმანიასთან ან ბელგიასთან თამაშს.

09:26 | 10.03.2017
LA.paata (38)

დათვებივით ჩამოვლენ და კურდღლებივით გაიპარებიან....))

22:23 | 09.03.2017
ogafa (407)

მოუგებტ და ეგ იქნება

0.122054