საფრანგეთი ტოპ-14

12:32 | 8.03.2017 | ნანახია 2718 - ჯერ

დუდუ აპრილის ბოლოსკენ გამოკეთდება

19 თებერვალს, საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ ტურში „მონპელიემ“ „ტულუზს“ უმასპინძლა და 27:18 დაამარცხა. იმ თამაშში მასპინძელთა წარმატება დიდწილად მათი შერკინების დამსახურებაა. მონპელიელთა ორივე სასტარტო ბურჯი ქართველი იყო - მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. მიხო 66-ე წუთამდე იყო თამაშში, ხოლო დუდუ მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრეღა დაასვენეს. 74 წუთი ასეთი დონის მატჩში ძალიან დიდი დროა მისი ამპლუის მოთამაშისთვის.

მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ქუბრიაშვილი სერიოზული ტრავმით თამაშობდა. დუდუს თამაშისას წვივში ტკივილმა შეაწუხა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია და ბრძოლაში დარჩა. თამაშის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ 30 წლის მორაგბეს წვივის კუნთი აქვს გაწყვეტილი და რომ ასეთი ტრავმის მოშუშებას 4 კვირა მაინც დასჭირდებაო.

ამასობაში 2 კვირაზე მეტი გავიდა და მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. განმეორებითმა და უფრო კონკრეტულმა გამოკვლევამ, რაშიც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც იგულისხმება, არცთუ სასიხარულო დიაგნოზი დაუსვა გამოცდილ „ბორჯღალოსანს“: დავით ქუბრიაშვილის გამოჯანმრთელების თარიღი სადღაც აპრილის მეორე ნახევარშიაო, თქვეს ექიმებმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დუდუს ტოპ 14-ის კიდევ სულ ცოტა 5 თამაშის გაცდენა მოუწევს - „კლერმონთან“, „რასინგთან“, „ბრივთან“, „გრენობლთან“ და „ბაიონთან“. რაღა რჩება? რეგულარული ჩემპიონატის ორი დასკვნითი ტური („ლა როშელთან“ და „სტად ფრანსესთან“), და პლეი-ოფი - რა თქმა უნდა, „მონპელიე“ საპლეიოფო ადგილს თუ დაიკავებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:54 | 08.03.2017
პანტელეიმონი (1218)

დუდუ, ღმერთმა კარგად გამყოფოს.

0.087394