სტატიები

17:08 | 6.03.2017 | ნანახია 2379 - ჯერ

შეხვედრები დასავლეთ საქართველოში

საქართველოს რაგბის კავშირი რეგიონებში რაგბის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და გასულ კვირას გურიასა და აჭარას წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, გამგეობის წევრმა და რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ, გამგეობის წევრმა გიორგი კობახიძემ და აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ შეხვედრები ოზურგეთში, ქობულეთში, ქედასა და ბათუმში გამართეს.

ოზურგეთში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლები ესწრებოდნენ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომელიც ამ რეგიონის გუნდებს აწუხებს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონში სასკოლო რაგბის დანერგვის პერსპექტივებს.

„ადგილობრივი ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და გურიაში რაგბის განვითარების ჩვენმა გეგმამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაწყდა, რომ ადგილობრივი გამგეობები დაეხმარებიან მწვრთნელებს, მათ ხელფასს დაუნიშნავენ და ისინი მოზარდებთან ვარჯიშების ჩასატარებლად სოფლებში ივლიან. მივიღეთ პირობა, რომ მოწესრიგდება ოზურგეთის ‘არწივების’ სტადიონი და მოეწყობა მარტივი ტიპის გასახდელები. ჩვენის მხრივ, ვიღებთ ვალდებულებას, რომ თვეში ერთხელ კვალიფიციურ სპეციალისტებს გავგზავნით და ისინი უზრუნველყოფენ მწვრთნელების გადამზადებას, ასევე, ჩაატარებენ ვარჯიშებს ადგილობრივ მოზარდებთან. გარდა ამისა, გურიის რეგიონს დავეხმარებით ბურთებით, ფორმებით და სხვა სარაგბო ეკიპირებით“ - ვიზიტის შედეგებზე გვესაუბრება გოჩა სვანიძე.

ქედაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი გამგებელი დავით დუმბაძე დაესწრო და მან სრკ-ს წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ მარტივი მოედანი, გასახდელებით 500-კაციანი ტრიბუნით აქაც მოეწყობა. სრკ იღებს ვაკლდებულებას, რომ ქედის რაიონს დაეხმარება არქიტექტურული მიმართულებით და სხვა ინვენტარით. არქიტექტორების ჯგუფის ქედაში მივლინება თვის ბოლოს იგეგმება, რათა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.

აჭარაში რაგბის განვითარების მიზნით შედგა შეხვედრები ქობულეთსა და ბათუმში. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის სურვილია, რომ მახლობელ ტერიტორიაზე მოხდეს ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, სადაც რაგბის ფესტივალები გაიმართება. მან სრკ-ს წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ ნებართვის მისაღებად რეგიონის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობა გაუწიონ.

დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონებში სასკოლო რაგბის დანერგვას. რაგბი თავისი არსით სოციალური პროექტია და შესაძლოა ყველამ მაღალ დონეზე ვერ, ან არ ითამაშოს, მაგრამ ის ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის აღზრდას.

„ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა შეხვედრით ყველანი კმაყოფილი ვართ. შევთანმხდით, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ინვესტიციების მოზიდვაზე. რადგან ამ ეტაპზე კერძო სექტორის ჩართულობა გართულებულია, სარაგბო გუნდებს ფინანსურად სახელმწიფო დაეხმარება, ჩვენ კი მათ გამოცდილი კადრებით და ინვენტარით ვუზრუნველყოფთ, რათა განვითარებამ სწორი მიმართულება მიიღოს“ - ამბობს სვანიძე.

სრკ-ს პრეზიდენტის სურვილი და ინიციატივაა, რომ აღდგომის დღეებში, ან შემდგომ კვირაში გურიაში მოეწყოს ‘ხსოვნის ტურნირი’ და სამომავლოდ ის სხვა რეგიონებშიც ჩატარდეს.

გაიოზ მონიავა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის ვიზიტები კახეთსა და ქვემო ქართლშიც მოეწყობა:

„გურიასა და აჭარის რეგიონს, ზოგადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებს სრკ-ს აკადემიის ქუთაისის ფილიალი მოემსახურება. ყველა იმ რეგიონს, რომელშიც ვიმყოფებოდით, რაგბის განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს გავუწევთ და პარალელურად, სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ. მიგვაჩნია, რომ ბავშვთა რაგბი ყველა რეგიონში უნდა იყოს განვითარებული და შემდგომ ვიზიტებს კახეთსა და ქვემო ქართლში ვგეგმავთ“.

ზუგდიდს საკუთარი კომპლექსი ექნება

გურიასა და აჭარაში გამგზავრებამდე გაიოზ მონიავა და გიორგი კობახიძე სამეგრელოს სტუმრობდნენ. მიზანი რა თქმა უნდა აქაც რაგბის განვითარება იყო და შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ასევე სამეგრელოს რეგიონების გემგებლებთან და მათ მოადგილეებთან გაიმართა.

გარდა ბავშვთა რაგბის განვითარებისა, აქ საუბარი დიდ გუნდსაც შეეხო და გადაწყდა, რომ დიდი 10-ის ერთ-ერთი გუნდი უახლოეს მომავალში ზუგდიდის სახელით გამოვა. ქალაქში ფონდი ‘ქართუ’ სარაგბო კომპლექსს ააშენებს და ეს ყველაფერი რეგიონის მოზარდებს შორის რაგბისადმი ინტერესს გააღვივებს.

„სამეგრელოში რამდენიმე ბავშვთა გუნდი არსებობს და ამ რეგიონს რაგბის განვითარების კუთხით დიდი რესურსი გააჩნია. გადაწყდა, რომ ზუგდიდში ‘ქართუ’ რაგბის კომლექსს ააშენებს. გვსურს, რომ დიდი 10-ის რომელიმე გუნდმა ზუგდიდის სახელით ითამაშოს, იქვე ჩაატაროს ვარჯიშები და ეს რაგბის პოპულარიზაციას გაზრდის, ადგილობრივ მოზარდებს მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. ადგილობრივი ხელმძღვანელობა მონდომებულია და ვფიქრობთ, სულ მალე დიდ 10-ში ზუგდიდის გუნდი გამოჩნდება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:30 | 07.03.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

20:00 | 06.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.087169