ევროპაში, უფრო სწორად, საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უიქ-ენდი არცთუ წარმატებული გამოდგა. ფრანგულ პრესაში დიდი გამოხმაურება მხოლოდ თამაზ მჭედლიძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს მოყვა. მოგეხსენებათ, პრო დ2-ის კალენდარული მატჩი „მონტობანსა“ და „აჟენს“ შორის იყო (18:22) უაღრესად დაძაბული და შეხლა-შემოხლებიც ხშირი იყო, რადგან მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის. ჰოდა, 48-ე წუთზე, როცა თაზოს გუნდი 19:18 იგებდა და „მონტობანი“ გააფთრებით უტევდა, სტუმართა 9 ნომერმა კლემან დარბომ ოპონენტი წესების დარღვევით შებოჭა, რისთვისაც მონტობანელმა პიერიკ ეკლოზმა მისი დასჯა გადაწყვიტა - 115-კილოიანმა მეორეხაზელმა 35 კილოგრამით მჩატე დარბო ძირს დააგდო და მუშტებით ცხვირ-პირის ნაყვა დაუწყო. მანამდე განზე მდგომმა მჭედლიძემ ეს ვეღარ მოითმინა და მოძალადე ეკლოზს თავს დაესხა. რეფერიმ ორივე გააგდო და თაზოს მომდევნო მატჩის გამოტოვება ავტომატურად მოუწევს, დანარჩენს კი სადისციპლინო კომისია გადაწყვეტს.
სხვათა შორის, ამ ინციდენტის მთავარმა მომქმედმა პირმა, 31 წლის კლემან დარბომ მეორე დღეს უცნაური რამ ჩაიდინა - „მონტობანთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...
რაკი საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონით დავიწყეთ, ბარემ მივყვეთ. თამაზ მჭედლიშვილის გარდა „მონტობანთან“ დასკვნითი ნახევარი საათი ვახტანგ ახობაძემ ითამაშა, ხოლო „აჟენი“ ცხრილის მე-2 საფეხურზე ავიდა და ლიდერ „ოიონას“ კვლავ კინკილა ქულით ჩამორჩება. მოგეხსენებათ, პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მომგები გუნდი ტოპ-14-ში ავტომატურად ადის, მომდევნო ოთხ ადგილზე გასულები კი, კიდევ ერთ საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებენ.
„ოიონამ“ გასვლით მატჩში 13:9 „ანგულემი“ დაამარცხა, რომელსაც სინბინების ლიმიტის გადაჭარბების გამო კაპიტანი შალვა სუთიაშვილი ვერ ეხმარებოდა. ოიონელთა სასტარტო შემადგენლობაში კი გიორგი ვეფხვაძე იყო, ვინც მწვრთნელმა ჩვენთვის უცნობი მიზეზებით მე-19 წუთზე სათადარიგოთა სკამზე დასვა, მაგრამ როცა მისი შემცვლელი გაასინბინეს, ქართველ ბურჯს 10 წუთით თამაშში დაბრუნება მოუხდა - 43-53-ე წუთებზე.
„ორიაკმა“ კვლავ წააგო („ნარბონთან“ სტუმრად 19:23) და ამ გუნდის მრავალრიცხოვან ქართველთაგან მხოლოდ ნიკოლოზ ხატიაშვილმა ითამაშა, ისიც - ბოლო 19 წუთი. მოგეხსენებათ, ლევან დათუნაშვილი ტრავმირებულია და ოპერაციისთვის ემზადება, მერაბ შარიქაძე ესპანეთთან სანაკრებო მატჩში დაშავდა, ხოლო გიორგი შარაშიძე განაცხადში ვერ ხვდება. „ორიაკი“ მე-8 ადგილზე დარჩა.
ასევე შეინარჩუნა ძველი პოზიცია „კარკასონმაც“ (მე-9), რომლის შემადგენლობაში 31-ე წუთზე ვეტერანი ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი გამოჩნდა, ვისთვისსაც ეს სეზონში მხოლოდ მე-9 მატჩი იყო. მისმა გუნდმა „კოლომიე“ 26:14 დაამარცხა.
პრო დ2-ის 23-ე ტურში საქმეში კიდევ ორი ქართველი ბურჯი ჩართულა. „მონ-დე-მარსანთან“ გასვლით მატჩში „ვანი“ 3:33 განადგურდა და ამ მის შემადგენლობაში დასკვნითი 26 წუთი არჩილ ბეჟიაშვილმა ითამაშა. ამ მარცხმა „ვანი“ გასავარდნ ზონაში დააქვეითა, საიდანაც „ალბი“ ამოვიდა. ეს გუნდი ბოლო დროს გონს მოეგო და ამ ჯერზე „პერპინიანი“ დაამარცხა (26:24), რომელიც საპლეიოფო ზონაში მოხვედრას ლამობს. „ალბის“ სასტარტო მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი გახლდათ, ვინც 58 წუთი ითამაშა და საერთოდაც, მყარად დაიმკვიდრა ადგილი ამ გუნდის ლიდერთა შორის.
ტოპ 14-ში პირველადგილოსანი ასევე უცვლელია. ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ მორიგი სენსაცია შექმნა - „ტულუზი“ გასვლაზე 27:21 დაამარცხა და უკვე ერთპიროვნულად და 4-ქულიანი უპირატესობით გალიდერდა. ეს იყო „ლა როშელის“ ზედიზედ მე-5 მოგება მიმდინარე ჩემპიონატში და არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება უხვტიტულა „ტულუზთან“. ყაულაშვილი სასტარტო მარჯვენა ბურჯი იყო და 46 წუთი მის პირისპირ მეორე ქართველი იდგა - ტულუზელთა მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი. როცა „ლა როშელის“ თავკაცმა ყაულაშვილის შეცვლა გადაწყვიტა, „ტულუზის“ დამრიგებელმა კაკოვინიც უმალ გამოცვალა. არადა. ტულუზელებს რომ მოეგოთ, მე-6, ბოლო საპლეიოფო ადგილზე მყოფ „ტულონს“ მინიმუმ დაეწეოდნენ.
„ტულონმა“ კვლავ წააგო და კვლავ გაამძვინვარა თავისი მეპატრონე მურად ბუჯელალი. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ძალზე წარუმატებლად თამაშობს - გასულ ტურში გაცილებით დაბალბიუჯეტიან „ბრივთან“ 5:15 წააგო. ამ მატჩშიც შედგა ქართველების პირადი კონკურენცია: ბრიველთა #1-ის, კარლენ ასიეშვილის პირისპირ ტულონელთა #3 ლევან ჩილაჩავა იდგა. პირველმა 69 წუთი ითამაშა, მეორემ - 55, ხოლო ლევანის გარდა „ტულონის“ სასტარტოში მამუკა გორგოძეც იყო, რომელმაც მეორე ხაზში 63 წუთი იასპარეზა.
და კიდევ ორი ბურჯის შესახებ: მიხეილ ნარიაშვილმა პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა და მისი „მონპელიე“ ლიონში უშანსოდ, 3:16 დამარცხდა, ხოლო გიორგი მელიქიძე „სტად ფრანსეს“ ბოლო 11 წუთში „ბორდოსთან“ უკვე მიღწეული უპირატესობის (32:9) შენარჩუნებაში დაეხმარა.
ერთიც: პრო 12-ის მორიგ ტურში „კარდიფ ბლუზმა“ „მანსტერს“ უმასპინძლა და 13:23 წააგო. არადა, ვიდრე უელსური კლუბის სასტარტოში ანტონ ფეიქრიშვილი იყო, მრისხანე ირლანდიელები ანგარიშში წინ გასვლას ვერ ახერხებდნენ. გავიდნენ თუ არა ფეიქრიშვილი და მისი პირველხაზელი პარტნიორები მინდვრიდან, კარდიფელებმა მაშინვე მიიღეს ზუსტი არეკნი, ლელო და ზედაც გარდასახვა.
ესეც მჭედლიძის გაძევების ეპიზოდი:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყაულაშვილს აქვს ნაკრებში ნათამაშევი?
ვა ლა როშელის სამწრთვნელო შტაბში აქვსენტი გიორგიაძე გაიჩითა
კაკოვინმა დაჯაბნა თუ იცით ყაულაშვილი? ვინმემ უყურეთ ამ თამაშს?
აულაშვილი სასტარტო მარჯვენა ბურჯი იყო და 46 წუთი მის პირისპირ მეორე „ბორჯღალოსანი“ იდგა - ტულუზელთა მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი. "მეორე ბორჯღალოსანი არა აქ მხოლოდ 1 ბორჯღალოსანს ვხედავ, საფრანგეთიკსენ მოცქირალი ხალხი არარიიან ბორჯღალოსნები
კაკოვინზე ამბობ?? რას გულისხმობ დაწერე რაა, მე ვიცი რო პროსტა არ იძახებენ და რამე ისეთი მიზეზია??
კაკოვინზე ამბობ?? რას გულისხმობ დაწერე რაა, მე ვიცი რო პროსტა არ იძახებენ და რამე ისეთი მიზეზია??
არა რა კაკოვინზე, ყაულაშვილზე ვამბობ მაგას უჭირავს საფრანგეთის ნაკრებზე თვალი, კაკოვინს მცირე უკმაყოფილება დაეტყო მსოფლიოზე რომ ვერ მოხვდა მაგრამ მერე კიდევ იყო გამოახებული