საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მოასპარეზე „ნარბონის“ 37 წლის ფორვარდი ტარიელ რატიანიძე წვრთნას შეუდგაო, იუწყება ფრანგული პრესა.
ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გასული წლის 26 აგვისტოს, მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში, როცა მისი გუნდი „ბიარიცს“ სტუმრობდა, „ნარბონის“ სასტარტო მარჯვენა ბურჯად დააყენეს, მაგრამ მე-13 წუთზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, მოედანი დატოვა და მას მერე ამ დაზიანების მოშუშებაში იყო. რატიანიძეს მხარზე ოპერაცია გაუკეთდა და რეაბილიტაციამ მთელი ნახევარი წელი წაიღო. ახლა კი ტარიელი სრულად გამოჯანმრთელდა და მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშობს.
პარასკევს „ნარბონი“ მორიგ ტურში „ორიაკს“ უმასპინძლებს, მაგრამ პრო დ2-ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მორაგბე ამ მატჩსაც გამოტოვებს და მეორე დღეს, 4 მარტს ესპუარების ჩემპიონატის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. „ნარბონის“ ჭაბუკები I ჯგუფის უპირობო აუტსაიდერის, „სტად ფრანსეს“ თანატოლებს პარიზში დაუპირისპირდებიან და სტუმართა შორის მამისტოლა ტარიელ რატიანიძეც იქნება, ოღონდ არა ბურჯის პოზიციაზე, არამედ შერკინების მეორე ხაზში, სადაც ახალმოშუშებული მხარი ნაკლებად დაიტვირთება. თუმცა, შემდგომში მწვრთნელები ძირითად გუნდში მას კვლავ პირველ ხაზში ათამაშებენ.
ცნობისთვის, რატიანიძე უნივერსალი მორკინალია, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია როგორც ბურჯად, ისე მეორე ხაზშიც. აქვე ტარიელის განვლილი კარიერის მოკლე მიმოხილვაც: „ნარბონი“ მისთვის მე-6 ფრანგული კლუბია. მანამდე იყო „ბეზიე“, „ლიონი“, „დაქსი“, „აჟენი“ და „მონ-დე-მარსანი“. რას შეეხება საქართველოს ნაკრებს, ბორჯღალიანი მაისური ტარიელ რატიანიძეს 17-ჯერ აქვს მორგებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1