18-წლამდელები

17:46 | 1.03.2017 | ნანახია 3119 - ჯერ

18-წლამდელების ფრანგული ტურნე

18-წლამდელების "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე არიან და რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ დივიზიონისთის ემზადებიან, რომელსაც 6-16 აპრილს საფრანგეთი, ბრეტანი უმასპინძლებს.

განდგომილი ბობოლები

ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატმა ცვლილება რამდენჯერმე განიცადა და მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ელიტის წარმომადგენლებთან თამაშის საშუალება მიიღეს. 2012 წლიდან ტურნირს ელიტური დივიზიონი ეწოდა და მასში ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად მეორე ეშელონის ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა - საქართველო და პორტუგალია.

ტურნირმა ეს ფორმატი 4 წელი შეინარჩუნა, უმცროსი ბორჯღალოსნები მუდმივად პროგრესირებდნენ და 2015 წელს პირველად ითამაშეს ფინალში (ირლანდიის და იტალიის დამარცხებით), სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდნენ. მაგრამ გაგრძელება არალოგიკური იყო, ტურნირი ირლანდიამ, ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და იტალიამ დატოვეს და ელიტურ დივიზიონს ელიტიდან მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.

2016 წელს ქართველებმა მეორედ ითამაშეს ფინალში და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. პარალელურად კი, რაგბი ევროპამ ნაყოფიერად იმუშავა და “განდეგილების” ნაცვლად ევროპის ჩემპიონატს კანადის, აშშ-სა და იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებები დაემატა. შედეგად, ტურნირმა ევროპის ღია ჩემპიონატის სახე მიიღო და მასში თამაში უფრო საინტერესო გახდა.

„ვფიქრობ, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი გველის, შარშანდელზე ბევრად უფრო მაგარი ტურნირი იქნება. შესაძლოა, ახალი გუნდები ექვსი ერის წარმომადგენლებზე სუსტები არიან, მაგრამ ამ ასაკში არასდროს გვითამაშია არაევროპულ გუნდებთან და განსხვავებული სტილით მოთამაშე ნაკრებებთან შერკინება უაღრესად საინტერესოა“ - სიახლეების მოლოდინშია 18-წლამდელთა მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი.

სელექცია 350 მორაგბიდან

საქართველოში რაგბი მზარდი სპორტის სახეობა რომაა ეს რეგისტრირებულ მოთამაშეთა ზრდის ტემპებზეც აისახება, უწინარესად ადრეულ ასაკში და თუ ადრე მწვრთნელებს 50-60 მორაგბიდან უწევდათ სატურნირო რაზმის შერჩევა, წელს 18-წლამდელთა მწვრთნელებმა საქმეში 350-მდე მორაგბე იხილეს.

ისინი აღმოსავლეთსა და დასავლეთში ეტაპობრივად ამოწმებდნენ 60-60 ბიჭისგან შემდგარ ჯგუფებს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდების მწვრთნელებთან და გასული წლის მიწურულს ‘შევარდენის’ ბაზაზე პირველი, 12-დღიანი შეკრება მოაწყეს. სელექცია და მზადება, უმეტესად ფიზიკური კონდინციების ასამაღლებლად, შემდგომშიც გაგრძელდა და მეორე შეკრებაზე, რომელიც 4 მარტამდე გაგრძელდება 40 მორაგბე შევიდა.

„მონპელიეში 12 მარტს მივემგზავრებით და იქ 24-მდე დავრჩებით. ‘მონპელიეს’ თანატოლთა გუნდთან გვექნება ერთობლივი, მართვადი ვარჯიში, 17 მარტს მათთან თამაშს გავმართავთ, ხოლო 22 მარტს ერთი წლით უფროსი ასაკის ბიჭებისგან შემდგარ რეგიონის ნაკრებს ვეთამაშებით. ამჟამად შეკრებაზე 40 მოთამაშე გვყავს და საფრანგეთში მათგან 31-ს წავიყვანთ“ - გვიყვება გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი:

„აქამდე აქცენტი ფიზ-მომზადებაზე კეთდებოდა, ამ შეკრებაზე კი საქმეში ტაქტიკური მომზადებაც ჩავრთეთ. მონპელიეში გატარებული 12 დღე დაგვეხმარება იმ დეტალების დანახვაში, რომელთა გამოსწორებაზე ტურნირამდე უნდა ვიმუშაოთ. მონპელიედან 25 მარტს ვბრუნდებით. ბიჭები სამი დღე დაისვენებენ, მერე ისევ შევიკრიბებით და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში, უკვე ოფიციალურ ტურნირზე მივემგზავრებით. მანამდე მონპელიეს შეკრებას და იქ ჩატარებულ თამაშებს გავაანალიზებთ და დეტალებს დავამუშავებთ“.

ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესის მატების გარდა, სასელექციო ახალგაზრდების რაოდენობის ზრდას საქართველოს რაგბის აკადემიის გამართულ მუშაობას უკავშირებს ტყეშელაშვილი:

„აკადემიის რეკომენდაციით ძალიან ბევრი ბიჭი ავიყვანეთ და მომავალშიც ასე იქნება. შესაძლოა, რომელიმე ახალგაზრდა პირველ ეტაპზე ნაკრებში ვერ მოხვდეს, მაგრამ მზადება 5-6 თვე გრძელდება, ამ პერიოდში მათ მომატების შანსი აქვთ და მწვრთნელების რეკომენდაციით ასეთ მოთამაშეებს აუცილებლად მივცემთ მეორე შანსს. ამჟამად შეკრებაზე მყოფ 40 მორაგბეს შორის 12 დასავლეთ საქართველოდანაა, თუმცა ვფიქრობ, მომავალი წლისთვის ეს რაოდენობა გაიზრდება, რადგან აკადემიის დასავლეთ საქართველოს ფილიალი სრული დატვირთვით ამუშავდა“.

უცნობი მეტოქეები

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის განახლებული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 7 აპრილს გამართავენ და 1/4-ფინალში კანადელ თანატოლებს შეერკინებიან, ხოლო ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში თასის ნახევარფინალში იაპონიისა და ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

„კანადის 18-წლამდელთა ნაკრებზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვეთ. ისინი ტურნეზე ირლანდიაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ კლუბებთან ორი ამხანაგური თამაში გამართეს. ჩვენ ამ თამაშების ჩანაწერები ვნახეთ, თუმცა არ ვიცით რა ცვლილებები იქნება კანადელთა შორის ოფიციალური ტურნირისთვის.

ვფიქრობთ, სათამაშო სტილი მეტ-ნაკლებად უცვლელი იქნება. იმ გუნდმა, რომლის თამაშიც ვნახეთ, ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კანადელებს ყავთ ფიზიკურად დიდი, მასიური ბიჭები და სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ. არაფერი ვიცით იაპონიის შესახებ და მათზე წარმოდგენას 20-წლამდელთა ნაკრების მიერ ჩატარებული შეხვედრების მიხედვით თუ შევიქმნით“ - ამბობს ტყეშელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ქართველებმა უცნობ მეტოქეებს გონივრული თამაში უნდა დაუპირისპირონ და მაქსიმალურად გამოიყენონ სიღრმეები. შემადგენლობის მხრივ მაღალი ბიჭების და გამოცდილების ნაკლებობაა.

„მზადება გეგმის მიხედვით მიდის და ვფიქრობ, ტურნირისთვის კარგ ფიზიკურ კონდინციაში ვიქნებით. ამ შემადგენლობიდან წინა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ორმა ითამაშა. წელს საფრანგეთში სრულიად ახალი გუნდით მივდივართ, თუმცა გაისად ამ ბიჭების ნახევარი კვლავ ჩვენთან იქნება და მერე გამოცდილი გუნდი გვეყოლება.

ჩვენი სურვილია, რომ ხელით რაც შეიძლება ბევრი ვითამაშოთ და ამჟამად სწორედ ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ძლიერ მხარეებს არ გამოვიყენებთ. გუნდში 4 ძალიან კარგი მგეზავი გვყავს, სელექციისას აქცენტი მოთამაშეთა აღნაგობაზე გაკეთდა და ხაზის მოთამაშეები ამ კუთხით გამორჩეულები არიან. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მაღალი ბიჭი გვყავს. ბიჭების ტექნიკური და გონებრივი მონაცემები მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ხელდახელ თამაშის მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება“ - იმედოვნებს ჩავლეიშვილი და გუნდს მიზნად წელსაც ფინალში თამაშს უსახავს.

სიახლე 18-წლამდელთა გუნდში

დიდი აქცენტი კეთდება ბიჭების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე და სწორედ ამიტომ, მონპელიეში შეკრების შემდეგ გუნდი დაახლოებით 1 კვირით სამშობლოში ბრუნდება.

დავით ჩავლეიშვილი: „ჩვენ გვქონდა ასეთი პრაქტიკა - წავედით ფრანგულ შეკრებაზე და მას ევროპის ჩემპიონატი მოყვა. პრაქტიკულად 1 თვე ვიყავით წასული და ამან ბიჭებზე ცუდად იმოქმედა. ამდენი ხნით უცხო გარემოში ყოფნით, ახალგაზრდებს ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ და გადავწყვიტეთ ერთი კვირით სამშობლოში დავბრუნდეთ, ბიჭებს სამი დღით დასვენების, ოჯახთან ყოფნის საშუალება მივცეთ. ვფიქრობ, ეს გუნდისთვის უკეთესი იქნება“.

ამ კუთხით მთავარი სიახლე მალხაზ დავითაშვილია - ფსიქოლოგი, რომელიც გუნდის წევრებთან ყოველდღიურად მუშაობს. ის უმცროს ბორჯღალოსნებს ჯერ მონპელიეში, შემდეგ კი უშუალოდ ტურნირზე მიყვება და მწვრთნელები ფიქრობენ, ფსიქოლოგის დახმარება ბიჭებს დიდ სამსახურს გაუწევს.

18-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე არიან:

შერკინება: გიორგი ლებანიძე (ლელო), გიორგი ახალაძე (აია), ლუკა ჭელიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), იროდიონ ქუცნიაშვილი (ხულიგანა), გია ხარაიშვილი (ხაშური), ზაურ თევდორაშვილი (აია), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ყოჩები), საბა ჯღარკავა (ლელო), ნიკა წივწივაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იასაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), კობა კოლოტაური (ლელო), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი), დავით გვიდიანი (წყალტუბო), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, გუნდს საფრანგეთში დახვდება);

ხაზი: საბა ხურცილავა (არმაზი), ანდრო ახვლედიანი (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (ბაგრატი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო), გიორგი ჭედია (ხულიგანა), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები).

სამწვრთნელო შტაბი : დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:55 | 05.03.2017
johna (12)

წარმატებები პატარა ლომებს!!!

17:51 | 02.03.2017
maxo_65 (458)

უფრო და უფრო უკეთესი ბიჭები მოდიან..

02:40 | 02.03.2017
tengocie (60)

პატარა ლომები. აბა თქვენ იცით გაგვახარეთ

19:16 | 01.03.2017
krasni (587)

აწეული თამასა არ უნდა ჩამოვწიოთ, ფინალის გარდა სხვა შედეგი არც უნდა განვიხილოთ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს.

0.079432