დიდი 10

19:07 | 28.02.2017 | ნანახია 3644 - ჯერ

დიდი 10: დიდი ნახტომი

თბილისის "აკადემია" უმაღლეს ლიგას 2015 წელს დაუბრუნდა და წელიწადნახევარში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, რაც დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებას დამატებით ინტრიგას სძენს.

გასულ სეზონში ‘მხატვრებმა’ ბოლო ორ ტურში მოპოვებული გამარჯვებით უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნეს, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი, სამი გამარჯვება მოიპოვეს, აქედან ერთი - ბონუს-ქულით, მცირედი მარცხისთვის 3 პრემიალური ქულაც აიღეს და წრე მე-8 ადგილზე დაასრულეს.

ამ დროს ისინი საჩემპიონო პლეი-ოფისა და გასავარდნი ზონისგან თითქმის ერთნაირად იყვნენ დაშორებულები. "აკადემიამ" მეორე წრეში ზედიზედ 5 თამაში მოიგო, მიყოლებით დაამარცხა დიდი 10-ის პრიზიორები და ექვსეულში ამაყად შეაბიჯა.

სწორი სტრუქტურით და ნიჭიერი ახალგაზრდებით

„ბოლოდროინდელ პროგრესს საფუძველი ადრეულ წლებში ჩაეყარა და ეს კლუბის პრეზიდენტის, გია ღლონტის დამსახურებაა“, - გვიხსნის გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე, - „გიამ კლუბის სტრუქტურა დაალაგა და ახალგაზრდების მოზიდვასა და მათ გუნდში დამაგრებაზე ზრუნავდა. დიდი სამუშაო გაწია სპორტულმა დირექტორმა პაატა ნარიმანაშვილმა, რომელიც ყველა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელთა მუშაობას კოორდინაციას უწევდა. მეორე მხრივ, გაგვიმართლა და კლუბში ნიჭიერი თაობა მოვიდა, რომელიც 14-16 წლის ასაკში ყველა თამაშს იგებდა და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა.

2013 წელს, როდესაც "აკადემია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ახალგაზრდებმა ჭაბუკთა „ა“ ლიგა დაუმარცხებლად მოიგეს. 2014 წელს გუნდიდან 17 მოთამაშე დავითხოვეთ და რიგები სწორედ ამ ახალგაზრდა, მაგრამ უაღრესად ტექნიკური, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდებით შევავსეთ და პირველი ლიგის 14-ვე შეხვედრა მოვიგეთ, თან მხოლოდ ერთში ვერ ავიღეთ პრემიალური ქულა“.

დიდ 10-ში დაბრუნებულმა გუნდმა მიზნად უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება დაისახა და ამოცანა წარმატებით შეასრულა. ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და ვერ ვიტყვით, რომ "აკადემიისთვის" მიმდინარე სეზონის პირველი წრე განსაკუთრებული იყო.

ამას მთავარი მწვრთნელი გამოუცდელობით ხსნის: „ჩვენ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი ვართ და აქცენტს მხოლოდ ჩვენთან აღზრდილ მორაგბეებზე ვაკეთებთ. შარშან მხოლოდ საბა შუბითიძე დავიმატეთ, რომელიც ჩვენი აღზრდილი იყო და 1 წელი განათხოვრებული გვყავდა. ამრიგად, ბიჭების 80%-ს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა და შედეგებზე ეს მოქმედებდა. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში რამდენიმე თამაში სწორედ ამ გამოუცდელობის გამო, უკანასკნელ წუთებზე დავთმეთ“.

გამარჯვებების სერია

2016/2017 წლების დიდი 10-ის მეორე წრე ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში დაიწყო და "აკადემიამ" ბოლნისის "ყოჩებს" 19:10 სძლია, ხოლო ერთ კვირაში ბრინჯაოს პრიზიორ გორის "ჯიქს" სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით 9:7 აჯობა.

ახალი წლის შემდეგ "აკადემია" ჩემპიონატს კიდევ უფრო მობილიზებული დაუბრუნდა. თებერვლის დასაწყისში გუნდს ზედიზედ ორი ისეთი თამაში ელოდა, რომ ლოგიკურად, ქულის აღებაც უნდა გასჭირვებოდა. მაგრამ "მხატვრები" სხვაგვარად ფიქრობდნენ და ვიცე-ჩემპიონ "ლოკომოტივს" პირველ ტაიმში 10 უპასუხო ქულა გაუტანეს (ბერიკაშვილის ლელო, მათიაშვილის გარდასახვა და ჯარიმა), მეორე ტაიმში თავი დაიცვეს და 10:6 იმარჯვეს.

ეს მაქსიმუმი არ იყო და ერთ კვირაში ჩემპიონის ჯერი დადგა. ერთი ლელო კვლავ ბერიკაშვილმა დაამიწა, მეორე - თორნიკე ზოიძემ, მათიაშვილმა კი, უკვე 19 ქულას მოუყარა (2 გარდასახვა და 5 ჯარიმა) თავი – 29:13. გასულ ტურში "აკადემიამ" "არმაზს" 20:11 სძლია, რითაც საკუთარი წარმატება გაამყარა და ექვსეულში დამკვიდრების საკითხის გადაწყვეტის შანსი 5 მარტს ექნება - თუ უახლოესი მდევარი "არმია" დაამარცხა და სერია 6-მდე გაზარდა, მაშინ საპლეიოფო ექვსეული პრაქტიკულად დაბევებული ექნება და ლიდერებს თავსატეხი გაუჩნდებათ, რადგან მათ საკუთარ თავზე იწვნიეს "აკადემიის" ძალა.

„რადგან შეკრებებისთვის ბევრი თანხა არ გვაქვს, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით თამაშებს ვატარებთ. შანსს არ ვუშვებთ და ვეთამაშებით ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს. გარდა ამხანაგური თამაშებისა, ორი გუნდით ვმონაწილეობდით 7-კაცას ჩემპიონატში. მას სრული სერიოზულობით მივუდექით და მართალია, ტრავმები იყო, მაგრამ ხაზის მოთამაშეები საუცხოოდ შეთამაშდნენ. ვარჯიშებიც თამაშთან მაქსიმალურად მიახლოებული გვაქვს, პრაქტიკულად ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა გვყავს, ბიჭები მუდამ სათამაშო ტონუსში არიან და შედეგმაც არ დააყოვნა“. - ამბობს ობოლაძე ბოლოდროინდელ წარმატებებზე და სეზონის მიზნებზე საუბრობს:

„დიახ, ამ სეზონში სულ სხვა დონეზე ვართ და ამ გამარჯვებების სერიამ წინ წაგვწია, თუმცა ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. სეზონის დაწყებამდე ვგეგმავდით, რომ ექვსეულში მოხვედრისთვის ბოლო ტურამდე გვებრძოლა და ვფიქრობ, ეს გამოგვივა“.

აკადემიელი ბორჯღალოსნები

"აკადემიას" ახალგაზრდებთან სწორი მუშაობის შედეგი "ბორჯღალოსნებზეც" აისახა. ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდებიდან ფრანგულ კლუბებს მიაშურეს და ახლა "ბორჯღალოსნები" არიან მერაბ შარიქაძე და ლაშა ლომიძე. სარაგბო ანი-ბანი "აკადემიაში" შეისწავლეს და ნაკრებში სხვა კლუბების გავლით მოხვდნენ ბადრი ალხაზაშვილი და გიორგი ბეგაძე.

"ბორჯღალოსნების" კვართი 8-ჯერ მოირგო "აკადემიის" გუნდის კაპიტანმა საბა შუბითიძემ, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დებიუტი ჰქონდა ანზორ სიჭინავას, ახლა კი, ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება სოსო მათიაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:28 | 01.03.2017
პანტელეიმონი (1218)

აკადემია წინ ! ! !

11:44 | 01.03.2017
buratino (480)

ბრავო აკადემიას! აი როგორც იმ სიმღერაშია:
"ვივა აკადემიაააა, ვივა პროფესოორეეე!!!"

23:35 | 28.02.2017
temuchin (431)

გენაცვალეთ ლომებო! წარმატებები!!!

0.092148