ლეგიონერები

14:00 | 27.02.2017 | ნანახია 4002 - ჯერ

თამაზ მჭედლიძე: მე-7 ლელო პრო დ2-ში (+VIDEO)

თამაზ მჭედლიძემ კვლავ გაიტანა ლელო. საფრანგეთის პრო დ2-იდან ტოპ 14-ში აღზევებისთვის მებრძოლი „აჟენის“ ქართველმა ცენტრმა „ნარბონთან“ საშიანო მატჩის მე-20 წუთზე თავისი გუნდის პირველი ლელო დადო. მე-20 წუთზე აჟენელებმა ლელოს ხაზიდან 5 მეტრში საკუთარი დერეფანი მოიგეს, მოლი ყოჩაღად შეკრეს და მიზნისკენ დაიძრნენ, ხოლო ზედ ხაზზე მოიერიშე ჯგუფს თაზო მოწყდა, რომელმაც ბურთი დაამიწა. „აჟენი“ 5:3 დაწინაურდა, ხოლო მჭედლიძისთვის ეს იყო მე-7 ლელო პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში. ამ მაჩვენებლით ქართველი ერთ-ერთი მოწინავეა მთელი ლიგის მასშტაბით. მჭედლიძემ პიველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მანამდე, 55-ეზე მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი შეიცვალა და მოედანზე ორი ქართველი შევიდა: გიორგი თეთრაშვილმა კვაჭის პოზიცია დაიკავა, ხოლო ვახტანგ ახობაძემ - მარჯვენა ბურჯისა. „აჟენმა“ 32:22 მოიგო და ლიდერ „ოიონასთან“ 1-ქულიანი ჩამორჩენით სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე დაბრუნდა.

„ოიონამ“ კი შინ „მონ-დე-მარსანი“ 18:10 დაამარცხა. ლიდერის შემადგენლობაში 52-ე წუთზე ბურჯი გიორგი ვეფხვაძე გამოჩნდა. ეს ვეფხვაძის მე-9 მატჩი იყო მიმდინარე სეზონში.

„აჟენის“ დარად 62-ქულიანმა „კოლომიემ“ მე-2 ადგილზე აინაცვლა - წინა ტურში თითქოსდა გამოცოცხლებულ „ალბის“ 36:21 მოუგო. ამ უკანასკნელის სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯის პოზიცია ბექა შეყლაშვილს ეკავა, ვინც 62-ე წუთზე შეცვალეს. „ალბი“ გასავარდ მე-15 ადგილზე დარჩა, მისი უშუალო კონკურენტი „ვანი“ კი, „პერპინიანთან“ გასვლაზე 34:39 მარცხის პირობებში ბონუს-ქულას დასჯერდა. ვანელთა შემადგენლობაში საწყისი 50 წუთი მარცხენა ბურჯად არჩილ ბეჟიაშვილმა ითამაშა, ვისთვისაც ეს სეზონში მხოლოდ მე-6 მატჩი იყო.

ოდნავ მეტი, 8 მატჩი აქვს ნათამაშები მიმდინარე პრო დ2-ში ვეტერან გიორგი ნაცარაშვილს. „კარკასონის“ მარჯვენა ბურჯი პირველიდან 51-ე წუთამდე იყო მოედანზე, ხოლო იგივე 51-ეზე შეცვლა მეტოქე გუნდის, „ორიაკის“ შემადგენლობაშიც მოხდა - თამაშში მერაბ შარიქაძე ჩაერთო. „ორიაკმა“ სატურნირო მდგომარეობა რამდენადმე გაიუმჯობესა - მე-8 ადგილზე ავიდა, რომელზეც მანამდე „კარკასონი“ იდგა.

კვლავ წააგო „ანგულემმა“, რომელსაც შალვა სუთიაშვილმა უკაპიტნა. ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, 80 წუთი მაინც არ გამოუვიდა - 47-ეზე მეტოქის მაღალი ბოჭვისთვის გაასინბინეს, არადა დაზარალებული „დაქსის“ 9 ნომერი იყო, ვინც ზორბა ქართველს მხრებამდე ძლივს წვდება და ჩვენი ნაკრების მესამეხაზელს ძალაუნებურად გამოუვიდა აკრძალული ბოჭვა. სუთიაშვილისთვის ეს იყო სეზონში მე-3 ყვითელი ბარათი. 27:22 და „ანგულემი“ კიდევ დაშორდა სანუკვარ მე-5 საფეხურს, უკვე 8 ქულით.

სინბინი კიდევ ერთმა ქართველმა „გამოიმუშავა“. უელსურმა „კარდიფ ბლუზმა“ პრო12-ის მორიგ ტურში „ედინბურგი“ 18:17 დაამარცხა, თანაც შოტლანდიაში. კარდიფელთა სასტარტო მარჯვენა ბურჯი კი ანტონ ფეიქრიშვილი გახლდათ, ვინც მე-15 წუთზე დანიშნული შერკინებისას კონტაქტში არასწორი შესვლისთვის მიაბრძანეს მინდვრიდან. ეს მის კლუბს 3 ქულად დაუჯდა - სქოთებმა კარში დაარტყეს და ანგარიში გახსნეს. ფეიქრიშვილი 51-ეზე შეცვალეს. საბოლოოდ, როგორც ზემოთ ითქვა, კარდიფელებმა მოიგეს, თუმცა ამ მატჩის შედეგს არც ერთისთვის ჰქონდა პრაქტიკული დატვირთვა და არც მეორისთვის - საპლეიოფო ოთხეულამდე ქულათა უზარმაზარი ნაპრალია.

ბრიტანეთში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე 63-ე წუთზე ჩაერთო „ნორთჰემპტონისა“ და „ვუსტერის“ დაპირისპირებაში. ბრეგვაძის „ვუსტერმა“ 14:24 წააგო და მხოლოდ 2 ქულით უსწრებს ბოლო, ინგლისის ავივა პრემიერშიპიდან გასავარდნ ადგილზე მყოფ „ბრისტოლს“, რომელსაც გასულ ტურში გიორგი ნემსაძე არ დახმარებია.

"აჟენისა" და "ნარბონის" ვიდეომიმოხილვის 30-ე წამიდან - თამაზ მჭედლიძის ლელო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:59 | 28.02.2017
პანტელეიმონი (1218)

საღოლ თაზო ! ! !

20:17 | 27.02.2017
DataN24 (215)

უკანახაზელი გორგოძეა ფაქტიურად კარგი იქნება თუ გადავა აჟენი ტოპ 14 ში, ცოტა სისხარტეც თაზო და ვარსკვლავი გახდები

0.102242