20-წლამდელები

13:02 | 27.02.2017 | ნანახია 3146 - ჯერ

მოთამაშეთა კეთილდღეობა


საქართველოს რაგბის კავშირი 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ფაზაში გადადის. ტურნირს საქართველო 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს და მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

მოთამაშეთა კეთილდღეობა

მსოფლიო რაგბი მოთამაშეთა კეთილდღეობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ მიმართულებით საქართველოში სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისში იმყოფებოდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის სამედიცინო დირექტორი პიტერ გრაიმი, რომელიც სრკ-ს მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის კოორდინატორ ნოდარ ანდღულაძესთან ერთად, 20-24 თებერვალს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბში ჩართულ პირებს და მოხალისეებს გადაუდებელი დახმარების მსოფლიო რაგბის პირველი დონის ტრეინინგი ჩაუტარეს.

“ვატარებთ მსოფლიო რაგბის პირველი დონის სამედიცინო გადამზადებას, რის შემდეგაც რაგბში ჩართულ პირებს ტრავმირებული მოთამაშეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა გაუადვილდებათ. ეს კურსი უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც რაგბისთან რაიმე შეხება აქვს - მწვრთნელები, მენეჯერებმა და რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალმა. პირველი დონე სავალდებულო გახდება“ - აცხადებს ნოდარ ანდღულაძე, რომლის მიზანს საქართველოში სპორტული მედიცინის დონის ამაღლება წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში სპორტული მედიცინის დონე ავამაღლოთ და ის სათამაშო დონეს გავუთანაბროთ. სტუმრად გვყავს მსოფლიო რაგბის სამედიცინო კურატორი პიტერ გრაიმი, რომელიც 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის სამედიცინო დირექტორია და პირველი დონის პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებს ატარებს. პირველ დონეს 60-მდე მსმენელი გაივლის და მათგან შეირჩევა 12 საუკეთესო, რომლებსაც მოედანზე შესვლის და სამედიცინო დახმარების გაწევის უფლება ექნებათ“.

მთელი დღე უნარების გასაუმჯობესებლად

იმისათვის, რომ პირველი დონის კურსი ყველა ადამიანისთვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო, მსურველები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფში 10-12 ადამიანი გაერთიანდა და შესაბამისი თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ისინი დანიშნულ დროს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ცხადდებოდნენ, უკვე პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

სწავლების კურსი 10 საათზე იწყებოდა და მთელი დღე გრძელდებოდა. გრაიმი საქმის პროფესიონალია და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე პრაქტიკულად ერთიდაიგივეს გამეორება უწევდა, პროცესში მთელი არსებით იყო ჩართული.

“ჩვენი პირველი დონის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც რამე ინტერესი აქვს რაგბში: მწვრთნელებისთვის, მორგბეთა ოჯახის წევრებისთვის, მორაგბეებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც შესაძლოა ტრავმიანი მორაგბის გვერდით თუნდაც შემთხვევით აღმოჩნდეს.

“მსმენელებს ვასწავლით მარტივ უნარებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება არ საჭიროებს განსაკუთრებულ აღჭურვილობას. სამაგიეროდ, ამ ხერხებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

“რაგბი კონტაქტური სპორტია და გადაუდებელი დახმარების გაწევა ხშირად ხდება საჭირო. ხშირია კისტრის და თავის ტრავმები, გონების დაკარგვა და ამ დროს აუცილებელია მეტი ზიანის თავიდან აცილება. მაგალითად, კისრის ტრავმის დაფიქსირება, სუნთქვის ხელშეწყობა, რადგან სასუნთქი გზების გადაკეტვა სიკვდილს იწვევს. ხშირად გონდაკარგულ ადამიანს სუნთქვა უჭირს და თუ არავინ დაეხმარება დაიღუპება, ხოლო საჭირო უნარი ახლო მყოფ ადამიანს სტრესულ სიტუაციაში მის გადარჩენაში დაეხმარება.“

მარტში ექიმები მომზადდებიან

პირველი დონის სამედიცინო გადამზადებას რაგბში ჩართული ადამიანების შედარებით ფართო სპექტრმა გაიარა, ხოლო მარტში მეორე დონის გადამზადებაა დაგეგმილი და განათლებას ის 12 ექიმი გაიღრმავებს, რომლებიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურებიან.

“იმ ექიმებს, რომელთაც მეორე დონის გადამზადება გავლილი არ ექნებათ, მოედანზე შესვლის უფლებას ვერ მივცემთ. საქართველოს რაგბის კავშირი ყველას მაქსიმალურად დაეხმარება, ხოლო გამოცდაზე გასვლა და ჩაბარება სავალდებულო იქნება“ - პასუხისმგებლობით უდგება საქმეს ანდღულაძე და იმ მემკვიდრეობაზე საუბრობს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს სპორტული მედიცინის კუთხით დარჩება.

“გადამზადება 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ტარდება, თუმცა მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა შიდა რაგბისთვისაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, გადავამზადებთ ყველას ვინც რაგბშია ჩართული. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს და მსმენელთა ჯგუფები ქუთაისიდანაც გვყავდა. მასში ასევე ჩართული იყვნენ მოხალისეები. საბოლოოდ, 12 სერთიფიცირებული ექიმი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს რაგბის აკადემიაში და დიდი 10-ის კლუბებში დასაქმდებიან“.

მოხალისე-ევაკუატორები რუსთავში

სამედიცინოს გარდა, აქტიურად მიმდინარეობს დამხმარე პერსონალის გადამზადება, რომელთა მიზანია უსაფრთხოდ მოახდინონ დაშავებული მოთამაშის მოედნიდან ევაკუაცია.

მოხალისეებისგან შემდგარი, გადამზადებული და სპეციალური ინვენტარით აღჭურვილი პირველი ასეთი ქართული ბრიგადა უკვე გამოჩნდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩზე გერმანიის წინააღმდეგ.

“ამ პროექტში ჩართული არიან მოხალისეები და მათი გამოცდა გერმანიასთან მატჩში მოხდა. ესაა გუნდი, რომელიც კონცენტრირებული იქნება მხოლოდ მოთამაშის მოედნიდან უსაფრთხოდ გამოყვანაზე. მსგავს პრაქტიკას გამოვიყენებთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან მატჩისას, ახალგაზრდული ნაკრებების და დიდი 10-ის შეხვედრებისას“ - ამბობს სრკ-ს მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის კოორდინატორი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:01 | 28.02.2017
krasni (587)

U20-ის მსოფლიოს ნორმალულ პირობებში ჩატარებაზე, ჩვენი ბიჭების ნაჩვენებ შედეგზე, მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.და რა თქმა უნდა ბევრ რამესაც ვისწავლით.

12:58 | 28.02.2017
პანტელეიმონი (1218)

ნამდვილად საჭიროა ამ უნარების და ცოდნის მიღება.

16:14 | 27.02.2017
BEERTRANCE (1073)

კარგია.

0.157959