საფრანგეთი ტოპ-14

10:36 | 24.02.2017 | ნანახია 4260 - ჯერ

შალვა მამუკაშვილი „ტულონს“ შეუერთდა

როცა სეზონის დასაწყისში, 10 სექტემბერს „მონპელიემ“ შინ „პო“ 41:!3 დაამარცხა, მასპინძელთა კვაჭმა ბისმარკ დი პლესიმ ლელო მიითვალა, მაგრამ ბურთის დამიწების მომენტში მხრის მყესები გაიწყვიტა და გუნდი სეზონის სტარტზევე საკვანძო ფიგურის გარეშე დარჩა.

ამ დროს საფრანგეთში შალვა მამუკაშვილი გაახსენდათ - 26 წლის ქართველი ჰუკერი, რომელსაც „ბორჯღალოსნის“ კვართი 43 მატჩში აქვს მორგებული. მამუკაშვილი „მონპელიეს“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და ასე ჩამოყალიბდა შერკინების პირველხაზელთა მრისხანე ქართული ტრიო - მიხეილ ნარიაშვილი-შალვა მამუკაშვილი-დუდუ ქუბრიაშვილი. შალვა გუნდს უმტკივნეულოდ მოერგო და თავი კლუბის გულშემატკივრებსაც შეაყვარა. იანვრის ბოლომდე დადებული ხელშეკრულება ქართველმა ჰუკერმა 100%-ით გამოიყენა და „მონპელიეს“ მიერ 2 ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ჩატარებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა: ტოპ 14-ის 12 მატჩში 2 ლელო გაიტანა, ხოლო ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი სრულად ითამაშა და ერთი ლელოს დადება მთავარი საკლუბო ტურნირის 6 მატჩშიც მოახერხა. გუნდის სახელოვანი აფრიკელი დამრიგებელი ჯეკ უაითი ძალზე კმაყოფილი იყო შალვათი - ვარჯიშებზეც სამაგალითოა და თამაშის დროს, როცა ყველას ძალა ელევა, თავისი ამოუწურავი ენერგიით გუნდის დამუხტვა ეხერხებაო.

მოკლედ, მამუკაშვილმა კარგი თვეები გაატარა „მონპელიეში“, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ბისმარკ დი პლესიმ ტრავმა მოიშუშა, მწყობრში ჩადგა, ხოლო შალვას სამედიცინო ჯოკერის სტატუსი აღარ გაუხანგრძლივეს, რადგან საკადრო პრობლემები უკანახაზელების მხრივ შეექმნათ. ასე დარჩა მამუკაშვილი უქმად. თუმცა, მას მხოლოდ თებერვლის გაცდენა მოუხდა. კვაჭების დეფიციტი სხვა ფრანგულ კლუბს - „ტულონს“ შეექმნა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის გუნდის ძირითადი 2 ნომერია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გიომ გირადო. ამ პოზიციაზე ტულონელთა ინგლისელი მწვრთნელის, მაიკ ფორდის მეორე და მესამე არჩევანი შესაბამისად ფრანგი ჟან-შარლ ორიოლი და ახალგაზრდა „ბორჯღალოსანი“ ალხაზაშვილი იყვნენ, მაგრამ ორიოლიმ „ტულონის“ ბოლო მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, ხოლო ალხაზაშვილი გერმანიასთან სანაკრებო მატჩში დაშავდა. გირადოს სამ ფრონტზე ეულად მოუწევდა ბრძოლა - 6 ერი, ჩემპიონთა თასი და ტოპ 14. ამდენად, მამუკაშვილის დამატება საუკეთესო გამოსავალი იყო ტულონური კლუბისთვის და ქართველი მორაგბე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით ამ კლუბს შეუერთდა კიდეც.

შალვა მამუკაშვილს მონპელიედან ტულონამდე 231 კილომეტრის დაფარვა მოუწია. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ქართველი კვაჭი 4 მარტს, ‘ბრივთან“ მატჩის მონაწილეთა შორის იქნება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:06 | 24.02.2017
temuchin (431)

მართლა ვერ ვხვდები ამ დონის მოთამაშე სრულფასოვანი კონტრაქტით რატომ არ უნდა თამაშობდეს რომელიმე სერიოზულ კლუბში?

15:28 | 24.02.2017
ddimitri (22)

Италия и Грузия встретятся в 2018 году, საინტერესეო, რამდენად მართალი ინფორმაციაა?
0?'>http://rugger.info/news/12404':'>http://rugger.info/news/12404'))

15:57 | 24.02.2017
maxo_65 (458)

ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, შესაძლებელიაო..

13:25 | 24.02.2017
dede (87)

იტალია 2018 გვეთამაშებაო მართალია?

12:52 | 24.02.2017
maxo_65 (458)

არადა რა კარგი სეზონი ქონდა, რატომ არ დაიტოვეს მიკვირს

12:22 | 24.02.2017
zangura (109)

შალვა იმენა პროფესიით ჯოკერია : ))
მართლა რა ვერ ეღირსა სრულყოფილი კონტრაქტიი.

11:40 | 24.02.2017
krasni (587)

ტულონში კარგია, მაგრამ საცოდაობაა შალვა მარტო სამედიცინო ჯოკერის სტატუსით.

0.080881