ამბები

16:27 | 24.09.2014 | ნანახია 2357 - ჯერ

ქართველების ქულებმა მათ გუნდებს ვერ უშველა

საფრანგეთის ნახევრადპროფესიონალურ ფედერალ 1-ის მესამე ტურში მერაბ კვირიკაშვილმა 14, ლაშა მალაღურაძემ 12, ხოლო სიმონ მაისურაძემ 5 ქულა მოიპოვა, მაგრამ სამივე ქართველის გუნდი დამარცხდა.

I ჯგუფში კვირიკაშვილის, რეზო გიგაურისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონი” ლიდერ “ნევერთან” სტუმრად 14:17 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ყველა ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავის ანგარიშზეა, მაგრამ მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და “მონლუსონი” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “მეკომ” მასპინძელთა ლელოს ლელოთი მე-14 წუთზე უპასუხა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მაგრამ 26-ე და 31-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით მან გუნდი ჯერ 8:7 დააწინაურა, ხოლო ტაიმი 11:10 მოაგებინა.

მგეზავს შემდეგი ორი დარტყმა გაუცუდდა და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, თუმცა მე-60 წუთზე მისი ჯარიმა ზუსტი იყო და ანგარიში 14:10 გახდა. მაგრამ “ნევერმა” მალევე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და 17:14 იმარჯვა. კვირიკაშვილმა მოედანზე 67 წუთი გაატარა და ეს მისი სადებიუტო თამაში იყო “მონლუსონის” შემადგენლობაში. შეუცვლელად ითამაშეს შუამარბმა გიგაურმა და პირველხაზელმა მოდებაძემ. ქართველთა გუნდისთვის ეს პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში და 9 ქულით მე-3 ადგილზეა. “ნევერს” ჯერ თამაში არ წაუგია და 13 ქულა აქვს.

ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟმა” ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულე” 32:10 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ კაზალიკაშვილი იყო და ის თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდნენ ნატრიაშვილი და მენაბდიშვილი. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ირაკლი ნატრიაშვილს გასული სეზონი სრულად გაუცდა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური თამაში იყო. “ლიმოჟმა” ერთი ლელო გაუშვა და თავად 4 გაიტანა, რისთვისაც პრემიალური ქულაც ჩაიწერაც და 11 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ტულე” 4 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგო” სტუმრად აუტსაიდერ “ლიბურნს” დაუზავდა - 13:13. განაცხადში მხოლოდ ოზგებაშვილი იყო და ის თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ “პერიგო” 52-ე წუთისთვის 3:13 აგებდა, რის შემდეგაც 6 წუთში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში გამარჯვების მომტანი ქულა ვეღარ აიღო და 6 ქულით მეოთხე ადგილზეა.

6-6 ქულა აქვთ პირველი ჯგუფის ქართველი ლეგიონერების კიდევ სამ გუნდს. გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა” ავთო კოპალიანის “ბობინი” სტუმრად 27:25 დაამარცხა. სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მასპინძელთა პირველხაზელმა კოპალიანმა სრულად ითამაშა, შერკინების შემკვრელად შეუცვლელად ითამაშა ჩხაიძემ, ხოლო მესამეხაზელი სორდია 50-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა გამარჯვება დასკვნით 15 წუთში მოიპოვეს. 65-ე წუთისთვის “ლილი” 14:25 აგებდა, 5 წუთში ორი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვები ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, 76-ე წუთზე შესრულებული ჯარიმა ზუსტი იყო და ახლა ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.

გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკმა” ირაკლი ნინიძის “ლორმონი” პრემიალური ქულით, 32:16 დაამარცხა და მანაც 6 ქულა მოაგროვა, ხოლო მეტოქეს 5 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზეა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გაბელია და ნინიძე და ორივე სინბინით დაისაჯა – პირველმა ყვითელი ბარათი 39-ე, ხოლო მეორემ მე-60 წუთზე მიიღო.

მეორე ჯგუფს სამიდან სამი მოგებით და 12 ქულით გურამ კავთიძის “მაკონი” ლიდერობს, რომელმაც საბა ქართველიშვილის “შამბერი” 29:20 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელები ერთმანეთის პირისპირ მთელი საათი იდგნენ, მერე პირველი ნომერი კავთიძე შეცვალეს, ხოლო ქართველიშვილმა 80 წუთი ითამაშა. “შამბერისთვის” ეს პირველი მარცხი იყო და 8 ქულით მე-5 ადგილზეა.

პირველი მარცხი განიცადა ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინმა” და ის 10 ქულით მეათეა. მისი გუნდი ასტამურ იოსელიანის “რომანთან” 23:28 დამარცხდა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა. ჭეიშვილმა დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, ხოლო იოსელიანი შეცვლაზე მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ “რომანი” 55-ე წუთზე ორკაცნაკლული დარჩა - რეფერიმ ერთ მორაგბეს ყვითელი, ხოლო მეორეს წითელი ბარათი უჩვენა. ამ დროს მასპინძლები 22:17 იგებდნენ და 5-ქულიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. “რომანმა” 10 ქულა მოაგროვა და “ლა სეინს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

10 ქულა აქვს გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესს”, რომელმაც “შალონი” სტუმრად 15:12 დაამარცხა, მაგრამ განვლილ მატჩში ქართველლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი ჯაშიტაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის “კარკერანმა” ქართველილეგიონერების გარეშე “ლა ვულტი” 27:10 დაამარცხა და 5 ქულით მეშვიდე ადგილზეა. 5 ოქტომბრისთვის გადაიდო თემურ გელანტიას “ტრიკასტინისა” და “ობნას” შეხვედრა.

მესამე ჯგუფს 12 ქულით დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზი” ლიდერობს, რომელმაც “სენტ-სულპისი” სტუმრად 21:15 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს ამმატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძის “ბანიერი” “ლანემეზანთან” 21:22 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალაურ ქულას დასჯერდა. შეხვედრის ბედი მასპინძელთა მიერ ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ გადაწყვიტა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. მალაღურაძემ შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა და მეორე ტაიმში 4 ჯარიმა გაიტანა. 70-ე და 73-ე წუთზე შესრულებული ჯარიმებით, მან გუნდს 6-ქულიანი უპირატესობა მოუტანა, მაგრამ... “ბანიერს” 10 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება თორნიკე ლომიძის “ოშს”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე “ოლორონს” სტუმრად დაუზავდა - 26:26.

“ვალანსის” შემადგენლობაში პირველი ლელო გაიტანა პირველხაზელმა სიმონ მაისურაძემ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბლანიაკთან” მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 6:3 მოიგეს, 50-ე წუთზე მაისურაძემ ლელო გაიტანა და გარდასახვის შემდეგ ანგარიში 13:3 გახდა, მაგრამ მერე სტუმრებმა სამი ლელო გაიტანეს და “ვალანსი” 4 ქულით მე-8 ადგილზე დატოვეს. ქართველი ლეგიონერი 66-ე წუთზე შეცვალეს.

ვახტანგ მაისურაძის, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა” ბექა ბურდიაშვილის “გროლე” სტუმრად 35:22 დაამარცხა და 7 ქულით მეხუთეა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო - პატარაია შეცვლაზე 50-ე, ხოლო ზაქაშვილი 73-ე წუთზე შევიდა. “გროლე” 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ლადო გუნიავას “აგდემ” შინ 21:12 მოუგო “მოლეონს”. ქართველმა პირველხაზელმა სრულად ითამაშა და მისი გუნდი 2 თამაშის შემდეგ 5 ქულით მე-7 ადგილზეა. ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის თამაშები 27-28 სექტემბერს გაიმართება.

თეგებიფედერალ 1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128132