6 ერი

15:22 | 20.02.2017 | ნანახია 6801 - ჯერ

როცა ოპონენტის მოწოდებაც „ბორჯღალოსანთა“ სასარგებლოდაა

საქართველოს ნაკრებმა ექსპერიმენტული, დიდწილად 20 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული შემადგენლობით გერმანიას მოუგო, რომელმაც, თავის მხრივ, „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატის სტარტზე რუმინეთი დაამარცხა. ქართველებმა ლაღად, დამაჯერებლად და ლამაზადაც კი ითამაშეს და გერმანელები 8 უპასუხო ლელოთი (50:6) უშანსოდ დატოვეს. ამასობაში, რაგბიში სხვა ამბებიც ხდება და სიტუაცია „ბორჯღალოსნების“ თითქოსდა სასიკეთოდ განსხვავებული, ირიბი მიმართულებიდანაც იცვლება.

როგორც ცნობილია, ექვსი ერის ხელმძღვანელობა თავს შორს იჭერს საქართველოს ნაკრების მათ ტურნირში მოხვედრის თაობაზე მიმდინარე პოლემიკისგან - ან თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს იშველიებს, ან, უფრო ხშირად, წაყრუების და დუმილის პოლიტიკას მიმართავს. მაგრამ აქ მეორე მხარეცაა: ქართველთა დამატების იდეის უმთავრესი უარმყოფელი ქვეყნის, იტალიის ნაკრების ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა ექვს ერში აპენინელთა გარიცხვის საუბრები შვა. და აი, იტალიის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა კონორ ო’შიმ გუშინ „თაიმსთან“ ინტერვიუში ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც წყალს საქართველოს წისქვილზეც ასხამს, არადა ო’შის სიტყვები იდეაში სულ სხვა რამეს ემსახურებოდა.

„თავდაირველად ოთხი ერის თასი იყო, შემდეგ ხუთი ერი გახდა, ახლა ექვსი ერია. გაფართოებისკენ უნდა მივდიოდეთ და არა შემცირებისკენ. იტალია ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით ევროპის მესამე სახელმწიფოა (არათუ საკამათო, არამედ აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა - ს.გ.) და ვფიქრობ, ჩვენს გარიცხვაზე საუბარი უადგილოა. რაგბი უნდა ვითარდებოდეს და იზრდებოდეს. ამისთვის ნებისმიერი საკითხი ერთობლივად უნდა განიხილებოდეს, გადაწყვეტილების მიღება ყოველი მონაწილის სურვილების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს“, - თქვა კონორ ო“შიმ, ვისმა გუნდმაც 2017 წლის ექვსი ერის სტარტზე საკუთარ მოედანზე ჯერ უელსელებისგან მიიღო მწარე დარტყმა (7:33), ხოლო შემდეგ ირლანდიელებისგან არათუ დარტყმა, არამედ დამცირება და სირცხვილი იგემა - 10:63, ასევე რომში.

აქვე მოგახსენებთ, რომ ასევე ქართველების ხსენების გარეშე, მაგრამ ექვსი ერის გაფართოებაზე „ევროპის რაგბის“ თავკაცი ოქტავიან მორარიუც საუბრობს. კონტინენტური რაგბის რუმინელი ხელმძღვანელი 9 მარტს ექვს ერში ოფიციალურ თხოვნას აფრენს, რათა ექვსი ერის აუტსაიდერსა და „ევროპის რაგბის“ ჩემპიონატის“ გამარჯვებულს შორის საკვალიფიკაციო მატჩი დაწესდეს და დაკანონდეს.

რაღა თქმა უნდა, მორარიუს ექვს ერში გაწევრიანებულ ბობოლებზე არანაირი გავლენა არც არასდროს ჰქონია და წესით არც მომავალში ექნება. „ევროპის რაგბიც“ არანაირ კავშირში არაა ქართველთა და რუმინელთა საოცნებო ტურნირთან. მორარიუს წერილს უფრო სარეკომენდაციო ხასიათი ექნება - თხოვნა, სხვა ქვეყნებსაც მიეცეს ექვს ერში მოხვედრის შანსი. არადა, მოგეხსენებათ, ექვსი ერის პრეზიდენტ ჯონ ფიჰანს ამას წინათ უთქვამს, ჩვენს ჩემპიონატში ცვლილებები 2022 წლამდე არ მოხდებაო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:00 | 20.02.2017
პანტელეიმონი (1218)

სხვა გზა არა აქვთ, დღეს იქნება თუ ხვალ, დაგვნებდება 6 ერი.

20:59 | 20.02.2017
qomagi (248)

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას!!! დიდი მადლობა ჩვენს სასახელო ნაკრებს, ჩვენს მომავალ თაობას, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სულ მალე ქართულ რაგბის სხვა სიმაღლეზე აიყვანენ!!! მერე რა, რომ მეტოქე გერმანია იყო, მერე რა რომ თუნდაც 10 ძირითადის მორაგბე დაასვენეს და თავი არ შეგვაკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში რაგბში ასეთი ანგარიშით მოგება სასიხარულოა და უმოტივაციობის გამო ასეთი წაგება სამარცხვინო (ეს გერმანელებმა იდარდონ).
მთავარია, რომ ახალგაზრდებმა დააჭაშნიკეს ეროვნულ ნაკრებში თამაში და ლელოები, დააჭაშნიკეს მოგების გემო და რაც მთავარია, გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებათ. გერმანიის მიერ რუმინეთის ძლევის შემდეგ, ნამდვილად შიშნარევი დაძაბულობით ველოდებოდი ამ თამაშს, თუმცა, ბიჭებმა თავიდანვე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. მელიტონამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია და იცის რასაც აკეთებს. 2019 წლის მსოფლიოსთვის ნამდვილად გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება ყველა პოზიციაზე მეტნაკლები სიღრმით, მთავარია, რომ ბიჭებმა პროგრესი გააგრძელონ და ტრავმები არიდოთ ღმერთმა.
ძველ გვარდიაზე ახალი რა უნდა ვთქვა და ახალგაზრდებიდან გორგაძე და ლომიძე აშკარა ლიდეებად ჩამოყალიბდნენ, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს შერკინების ხაზში, სასიამოვნოდ გამაოცა კოშაძემ, ფრუიძეც ძალიან მომეწონა.
მოკლედ, იხარეთ და გაგვახარეთ ლომებო!!!

18:54 | 20.02.2017
ოვალური კორბენი (276)

მარტო ახალი ზელანდია, ინგლისი და ავსტრალია ხომ არაა რაგბი ?
იტალია-საქართველოს თამაში ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესო იქნება. აქამდეც ბევრჯერ უნდა გამართულიყო, მაგრამ...

16:39 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

დიდწილად 20 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული შემადგენლობით
არ არის სლავა ეგრე არა

ტაბიძე-აფრასიძის გარდა 20 წლის რომელი იყო 23 კაცში?

17:30 | 20.02.2017
DataN24 (215)

მთლად ძირითადად არა მაგრამ იყო კიდე რამდენიმე ვინც ვერარის ჯერ 21 წლის მატარაძე მაგალითად წინა თამაშიდან გიორგაძე ცუცქირიძე მელიქიძე კოშაძე და გორგაძე ახლახანს გახდნენ 21 ის

18:08 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

დიდწილად 20 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული შემადგენლობით

ნიშნავს 15 დან 8 კაცი მაინც, რომელიც არის 20 წლის
ახლახანს 21 ის გახდა და შასღანწინ ჯერ კიდევ 20 ის იყო - კოლუნიადაა

20:38 | 20.02.2017
DataN24 (215)

მე არ მითქვამს რომ დიდი უმრავლესობაა ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოთამაშეები, ავღნიშნე რომ იმ 2 მოთამაშის გარდა რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ორივე მათგანი 19 წლის არის ითამასა კიდევ რამდენიმე 20 წლის ბიჭმა და ამასგარდა თუ 19 წლის ბიჭები 20 წლამდელებთან გავაიგივეთ არც 21 უნდა იყოს დიდად განსხვავებული.

0.088419