ორ დღეზე ნაკლები დრო რჩება ქართული საკლუბო რაგბის საშინაო დებიუტამდე. 27 სექტემბერს ჩელენჯ ქაპის 2014/15 წლის სეზონის შესარჩევი 2-მატჩიანი რაუნდის საპასუხო შეხვედრაში თბილისის “კავკასიელები” “რაგბი როვიგო დელტას” მიხეილ მესხის (ლოკომოტივის) სტადიონზე უმასპინძლებენ.
აღნიშნულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, 20 სექტემბერს იტალიაში, “კავკასიელები” “როვიგოსთან” 18:22 დამარცხდენენ.
ფრეზე ჯერ დამატებითი დროა!
სოციალურ ქსელებში კამათობენ, თუ რა მოხდება ჯამურ ფრეზე. ამ საკითხს აწესრიგებს დებულების მე-14 მუხლი. მის თანახმად, თუ მოვიგეთ ზუსტად 4 ქულით, 5-წუთა პაუზის შემდეგ დაინიშნება ორი, 10–წუთიანი დამატებითი ტაიმი. თუ მის შედეგადაც, ანუ 80+80+20=180 წუთის შემდეგ ფრე იქნა, შედარდება ორ-მატჩა შეჯიბრის დაწყებიდან
* ჯერ ლელოები,
* მერე გატანილი ჯარიმები,
* მერე კიდევ - არეკნები,
* ჯერ წითელი და
* ბოლოს ყვითელი ბარათებიც,
და თუ მაინც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მოეწყობა ევროპული შუთაუთი: გუნდი გამოყოფს სამ დამრტყმელს და მათ მიანიჭებს ნომრებს. ისინი კარში მონაცვლეობით (1–2–3), მიწიდან (არა არეკნით) დაარტყამენ 6 პოზიციიდან: კარის წინიდან და ორივე მხარეს, 15–მეტრა შტრიხებიდან, ჯერ – 22, მერე კი 40 მეტრიდან.
თუ ამ, 6-რაუნდა დუელის შემდეგაც ფრე იქნა, შეჯიბრი თითო ცდითღა გაგრძელდება წონასწორობის დარღვევამდე, დამრტყმელთა როტაციის დაცვით, ოღონდაც ერთი პოზიციიდან – კარის პირდაპირ, 40 მეტრიდან.
აქ მთავარია ქომაგთა დაიხსომოს, რომ ფრეზე
1. ჯერ დამატებითი დროა,
2. მხოლოდ ამის, ანუ 180 წუთის შემდეგ – მაჩვენებელთა შედარება,
3. და სულ ბოლოს შუთაუთი, გამარჯვებულის გამოვლენამდე.
ბილეთები ხვალიდან
მატჩის ბილეთები, ხვალიდან 26 და 27 სექტემბერს, მესხის სტადიონის სალაროებში დილის 11 საათიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი: 2 ლარი.
ღია ვარჯიში
ხვალ გუნდები მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშებსა და წინა სამატჩო პრესკონფერენციებს გამართავენ, ხოლოდ დღეს თბილისის “კავკასიელებმა” შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარეს. ვარჯიში დილის 10 საათზე დაიწყო და საათნახევარი გასტანა. გუნდმა სრული საშეკრებო შემადგენლობით ივარჯიშა. შეკრებას ორი მოთამაშე დაემატა – ქუთაისის “აიას” და 7-კაცა ნაკრების მოთამაშე გიორგი ფრუიძე და რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” მორაგბე არჩილ ბეჟუაშვილი.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია