20-წლამდელები

11:41 | 17.02.2017 | ნანახია 3671 - ჯერ

საქართველოში რაგბის განვითარება აჩქარდება

ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყანაში ისედაც ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ახალ-ზელანდიელი ჰეიგი საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაინიშნა. მისი ზეობა ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ბორჯღალოსნების ისტორიაში თუნდაც იმიტომ, რომ გუნდმა 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში მესამე ადგილის დაიკავებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.

ბორჯღალოსნების რაზმში მრავლად არიან მორაგბეები, რომლებმაც 2015 წლის ‘მსოფლიო რაგბის ალაფა’ მოიგეს, 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს და მე-10 ადგილი დაიკავეს. მათგან ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ვასილ ლობჟანიძეა, ვინაც ორი წლის წინ მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე შეიქნა.

20-წლამდელთაგან რამდენიმე ჰეიგმა წლევანდელი "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ მატჩში, ბელგიის წინააღმდეგ ათამაშა.

ჰეიგს ასევე მიაჩნია, რომ ქართული რაგბის ახალგაზრდა თაობას შინ – თბილისსა და ქუთაისში, უამრავი ქომაგის წინაშე – საკუთარი უნარის, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – სამშობლოს წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

“ეს წარმოუდგენელი და ძალზე სასიხარულოა,” ამბობს ჰეიგი. “იანვარში ზელანდიაში გახლდით და ვისთანაც არ უნდა მესაუბრა, ყველამ იცოდა, რომ წელს "ჭაბუკთა მსოფლიო" საქართველოში იმართება. მეკითხებოდნენ, როგორ მიდიოდა მზადება, და რაც მთავარია – ხალხი თუ მოვა თამაშებზეო.

“მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან – საქართველოში – საკმარისია რაგბის მატჩი დაინიშნოს და ხალხის მოსვლა გარანტირებულია.

“მიმაჩნია, რომ ჩვენ-ნაირი მზარდი სარაგბო ქვეყნისთვის "მსოფლიო რაგბის" მიერ ამხელა ტურნირის მასპინძლობის დაკისრება უდიდესი მიღწევაა.

“საქართველოს მოსახლეობა, ახალი ზელანდიის მსგავსად, 4 მილიონზე ოდნავ მეტია. ამიტომ არსებითია, რომ უფრო მეტი ბავშვი მოდიოდეს რაგბში და ამბობდეს, რომ იგი მისი თამაშია. ეს ტურნირი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს.

“ტურნირის უმაღლეს დონეზე გამართვა ჩვენი ვალდებულებაა. ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რამდენად კარგად უნდა შევასრულოთ საქმე არა მარტო ჩვენივე პრესტიჟის, არამედ სხვა მომცრო ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ მსგავს ღონისძიებებს უმასპინძლონ.

“საქართველოში რაგბი ვითარდება და ამავდროულად, ძალიან პოპულარულია.

“2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დიდი ზრდა შეინიშნება. 20-წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ჩვენ მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭიროს, და დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის შემდეგ უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება რაგბში”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:15 | 17.02.2017
ogafa (407)

წარმატებები

15:27 | 17.02.2017
krasni (587)

ჰეიგი მაგარია, გარეთაც კარგად გვაპიარებს, მაგრამ თუ რაგბის კავშირმა და მთავრობამ მეტი არ იშრომა...

23:00 | 17.02.2017
buratino (480)

აბსოლუტურად გეთანხმები. მაგრამ მარტო ჰეიგის შექება რას იზამს, თუ მთავრობა-რაგბის კავშირმა ხელი არ გაატოკეს

15:17 | 17.02.2017
პანტელეიმონი (1218)

მეტი გვაქვს გასაკეთებელი რაგბისთვის, მეტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ! ! !

0.128311