ერთა თასი

10:02 | 15.02.2017 | ნანახია 4514 - ჯერ

მეტოქეთა შესახებ: გერმანია

"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე მატჩს კვირას, 19 თებერვალს გამართავენ. მეტოქე გერმანიაა, რომელმაც პირველ ტურში რუმინეთთან ორჯერ აღმოფხვრა 18-ქულიანი ჩამორჩენა და სენსაციურად, 41:38 გაიმარჯვა.

გერმანული რაგბი საუკუნე-ნახევრისაა. ამ ქვეყანაში ოვალური ბურთით პირველად 1850 წელს ჰაიდელბერგის კოლეჯის ბრიტანელმა სტუდენტებმა ითამაშეს და 1872 წელს იქვე რაგბის სექციაც გახსნეს. პარალელურად, თამაში ჰანოვერში დანერგეს ბრიტანელმა სამხედროებმა და სექციად 1878 წელს გაფორმდნენ. პირველი, ალალად გერმანული რაგბის კლუბი 1891 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ქვეყნის პირველი ჩემპიონი 1909 წელს გამოვლინდა.

დღესდღეობით რაგბს გერმანიის 12 მიწაზე თამაშობენ. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 125 კლუბი და 14 ათასი მოთამაშეა. შარშან ბუნდესლიგა 10-დან 16 კლუბამდე გაფართოვდა. 2015 წლიდან გერმანიის ჩემპიონი მესამე დონის ევროტურნირში – ჩელენჯის შესარჩევში – მონაწილეობს.

გერმანიის რაგბის კავშირი (ფერბანდ) 1900 წელს დაარსდა. 1934 წელს იგი ფირა-ს (რაგბი ევროპა) დაარსების ერთ-ერთი მოთავე იყო, ხოლო 1988 წელს ირბ-ის (მსოფლიო რაგბი) წევრი გახდა. გერმანული რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა 1900 წელს უკავშირდება – გუნდმა, საფრანგეთის კვალად, ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. არადა, შეჯიბრებაში მხოლოდ ეს ორი გუნდი მონაწილეობდა.

ნაკრებმა პირველი ტესტი 1927 წელს გამართა – პარიზში საფრანგეთთან 5:30 დამარცხდა. იმავე წელს საპასუხო მატჩი ფრანკფურტში გაიმართა და ის გერმანელების გამარჯვებით დასრულდა - 17:16. თამაშს 14 ათასი მაყურებელი დაესწრო – დღემდე ეს მაჩვენებელი საუკეთესოდ რჩება.

1927-1938 წლებში გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე გუნდად ითვლებოდა კონტინენტურ ევროპაში. ამ პერიოდში მან გალებთან 14 მატჩი გამართა და ორჯერ იმარჯვა. 1938 წლიდან ნაცისტურ გერმანიაში რაგბი „ბრიტანულ თამაშად“ გამოცხადდა და მის მიმართ ინტერესი განელდა, მეორე მსოფლიო ომმა კი თემი მთლად გამოხშირა.

ომის შემდეგ დასავლეთი, ფედერაციული გერმანიის ნაკრებმა პირველი თამაში 1952 წელსღა გამართა, მაგრამ ფირა-ს „ერთა თასის“ პირველ ჯგუფში ფეხის მოკიდება გაუჭირდა, კომუნისტურ აღმოსავლეთში კი არაოლიმპიური სახეობა სულს ღაფავდა.

1990 წელს ორად გაყოფილი ქვეყანაცა და მისი რაგბიც გაერთიანდნენ. 2000 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, გერმანია „ერთა თასის“ მეორე დონეზე მოხვდა. მაშინვე, გერმანული რაგბის საუკუნოვან იუბილეზე, ქვეყანას ცნობილი კლუბი ‘ბარბაროსები’ ეწვია.

გერმანიამ 2006-2008 წლების „ერთა თასის“ მეორე ჯგუფი მოიგო და 2009-2010 წლებში ელიტაში, საქართველოსთან ამოვიდა, მაგრამ ათივე თამაში წააგო და გავარდა.

2012-2014 წლებში გერმანელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს მეორე ჯგუფი. 2015 წელს მათ ელიტაში ისევ წააგეს ხუთივე თამაში და 1 ქულაღა მოიპოვეს. სამაგიეროდ, შარშან გერმანიამ პორტუგალია 50:26 დაამარცხა, ფინიშზე ესპანეთს 17:17 დაუზავდა და ქვემოთ პორტუგალია გაისტუმრა.

ესაა შედეგი პროგრამისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს, რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად ამუშავდა. მის ფარგალში თამაშის ასაღორძინებლად 200 მილიონი ევრო გამოიყო. ჰოდა, პირველ შედეგს მალე მეორეც მოყვა - წინა ვიქ-ენდზე გერმანიამ თვით ფავორიტი რუმინეთი ძლია 51:38.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა გზები აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა და ყოველ ჯერზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

საქართველო - გერმანია

1995

15/10

ეროვნული

ფირა

14:3

1/0

ლ: იურინი; 3ჯ: ნ.ძაგნიძე 2, ე.ძაგნიძე წბ ზ.ლეჟავა – ჯ: კოხერ წბ ლეხტ

რეფ კაზმიერჩაკ (სფრ) 3:0(15) 3:3(23) 8:3(25) / 11:3(48) 14:3(74) წბ^წბ(80+1)

2009

07/02

ჰაიდელბერგ

ეთ

38:5

6/1

6ლ: ჩხიკვაძე ზირაქაშვილი მაჩხანელი გორგოძე (4 5) კაჭარავა; 4გ: კვირიკაშვილი 3, ბარკალაია – ლ: ბრირლი სბ კაშტენ

რეფ ნოქს (შტლ) წვიმა 0:5(14) 5:5(20) სბ(28გ) 10:5(31) / 17:5(56) 24:5(62) 31:5(72) 38:5(80+)

2010

06/02

ეროვნული

ეთ

77:3

11/0

11ლ: [საჯ^უდესიანი] ნემსაძე (2 4) კვირიკაშვილი (3 9) მაჩხანელი (5 8) სამხარაძე (6 7) ზიბზიბაძე უდესიანი; 11გ: კვირიკაშვილი – ჯ: დევის

რეფ პეშონბერ (სფრ) თოვლი 7:0(11) 14:0(19) 21:0(22) 28:0(27) 35:0(31) 35:3(33) 42:3(35) / 49:3(47) 56:3(55) 63:3(69) 70:3(78) 77:3(80+3)

2015

07/02

ჰოიზენშტამ

რეჩ

64:8

10/1

10ლ: ჟვანია (1 3 4) [საჯ^(2 7: ბიწაძე)] თოდუა (5 9) ხმალაძე ნემსაძე ხუციშვილი; 7გ: ხმალაძე 4, მალაღურაძე 3 – ლ: ლიბიგ; ა: ტე’ჰუია სბ შტინდერა

რეფ კარდონა (სფრ) 0:3(2ა) სბ(6გ) 7:3(12) 14:3(16) 14:8(28) 21:8(36) 26:8(40$პ) 31:8(40+) / 38:8(45) 45:8(60) 50:8(62) 57:8(65) 64:8(78)

2016

06/02

ავჭალა

რეჩ

59:7

9/1

9ლ: გორგაძე ნარიაშვილი ნემსაძე ფეიქრიშვილი თხილაიშვილი ლომიძე (6 7) ხმალაძე სუთიაშვილი; 7გ: მალაღურაძე – ლ: პეინ; გ: სოტერას-მერც სბ ფიუხზელ პეინ

რეფ ბიურლე (ბელ) 0:7(7) 7:7(13) 14:7(26) 19:7(31) 26:7(40$პ) / სბ(46გ) 33:7(52) 40:7(58) სბ(65გ) 47:7(67) 54:7(71) 59:7(80)

სულ

5 (3შ ' 2გ)

5-0

252:26

37/3

გერმანიის ნაკრების საუკეთესო მექულე წარმოშობით სამხრეთაფრიკელი, მგეზავი რეინორ პარქინსონია. მან რუმინეთს 5 გარდასახვა, თითო არეკნი და ჯარიმა გაუტანა. გუნდში კიდევ რამდენიმე ნატურალიზებული მოთამაშეა. ბირთვს ადგილობრივი კლუბების წევრები შეადგენენ. გერმანია მსოფლიო რეიტინგში 10 ადგილით და 1341 წერტით ჩამოგვრჩება.

საქართველო – გერმანიის შეხვედრა 19 თებერვალს, რუსთავში, 15 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:44 | 16.02.2017
ირაკლი1986 (18)

მე ის მახარებს,რომ სუფთად ქართულად ვითარდება რაგბი და არავითარი ნატურალიზება არ არის ნაკრების პრიორიტეტი ეგ არის სუპერ კარგი.გაუმარჯოს ქართულ რაგბს.

19:58 | 15.02.2017
buratino (480)

ყურადღებით და მოდუნების გარეშე, რადგან გერმანელებმა ერთი სიურპრიზი რაგბის სამყაროს უკვე შესთავაზეს და არც მეორეზე იტყვიან უარს. ამიტომაც, 19-ში ჩვენმა გამოცდილმა/ახალგაზრდულმა ნაკრებმა სრული მობილიზებით უნდა ითამაშოს და ნემცებს აგრძნობინოს რომ ჩვენამდე ჯერ ბევრი უკლიათ. სხვა შემთხვევაში დავისჯებით (მე თვითონ არ მჯერა მაგის, უბრალოდ ბიჭებს "ვაფხიზლებ" - არ ჭირდებათ მაგრამ მაინც)

23:42 | 16.02.2017
ირაკლი1986 (18)

მელიტონამ იცის ეგ და არამგონია მოადუნონ ბიჭებმაც ყურადღება

19:12 | 15.02.2017
test (124)

ნახევარი სამხრეთ აფრიკა მანდ თამაშობს და რაღაც პროგრესი ექნებათ ალბათ ))))

16:23 | 15.02.2017
kakhaberry (30)

უკაცრავად, წბ რას ნიშნავს?

პ.ს.ისე იმ პირველ თამაშზე ვიყავი და რატომღაც 15:3 მახსოვდა. ცუდად დამიმახსოვრებია. კარგად ის ჩხუბი მახსოვს,რო გაიფინეს გერმანელები :დდ

13:57 | 15.02.2017
პანტელეიმონი (1218)

ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ, რაც შეეხება მატჩს დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები საუკეთესო მატჩს ითამაშებენ რუსთავში.

13:44 | 15.02.2017
ukleba (77)

51:38 კი არა 41:38 ავტორ

12:57 | 15.02.2017
krasni (587)

რუმინეთის წამქცევ გერმანიასთან თამაში ამ ფორმაციის ნაკრებს მოტივაციას უმაღლებს. ისე არაფერი განასაკუთრებული ალბათ არ იქნება, მოვგუდავთ.

12:07 | 15.02.2017
BEERTRANCE (1073)

მოდუნების გარეშე. რუმინეთის როგორც დაისაჯა შეცდომების გამო, ეგეთი არ მოგვივიდეს.

0.08807