სხვა

17:16 | 13.02.2017 | ნანახია 3471 - ჯერ

მჭედლიძის მეხუთე

თამაზ მჭედლიძემ საკუთარ აქტივს პრო დ2-ში მორიგი, მე-5 ლელო მიათვალა. საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის მე-20 ტურში მისმა „აჟენმა“ „ბეზიეს“ უმასპინძლა და 23:25 წააგო.

მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლელო მე-60 წუთზე გაიტანა. 23 წლის უკანახაზელმა ბურთი ლელოსთან ახლოს მიიღო, შებოჭეს, მაგრამ თაზო ხაზს იქით ბურთიანად მაინც გადაგორდა. ამ ლელოთი აჟენელები პირველად დაწინაურდნენ (20:19), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - 79-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს.

როგორც ზემოთ ითქვა, მჭედლიძისთვის ეს მე-5 ლელოა პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში. „აჟენი“ კი ამ მოულოდნელი მარცხის გამო ცხრილის მე-3 საფეხურზე დაქვეითდა.

ლიდერი კი უცვლელია - „ოიონა“, რომელიც „კოლომიეს“ ესტუმრა და 20:30 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში ბურჯმა გიორგი ვეფხვაძემ დასკვნითი 11 წუთი ითამაშა. სწორედ „კოლომიემ“ ჩაანაცვლა „აჟენი“ მეორე საფეხურზე.

„ორიაკმა“ ამჯერად უქართველებოდ ითამაშა და შინ „ანგულემს“ 30:26 მოუგო. სტუმართა შორის მოედანზე 80-ვე წუთი „ბორჯღალოსანმა“ მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა გაატარა.

„დაქსმა“ „ნარბონთან“ საკუთარ მოედანზე 18:22 წააგო, მასპინძელთა შემადგენლობაში დასკვნითი 12 წუთი ვეტერანმა ბურჯმა ელიზბარ ყუფარაძემ ითამაშა.

„ალბიმ“ ასევე შინ წააგო - „ვანთან“ 19:22. ბექა შეყლაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 28-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს, თუმცა 66-ეზე მოედანზე დააბრუნეს. გამოვიდა, რომ ქართველმა ბურჯმა ჯამში 42 წუთი იბურთავა.

ინგლისში, ავივა პრემიერშიპის მე-14 ტურში ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა თასის ამჟამინდელ მფლობელსა და ინგლისის მოქმედ ჩემპიონ „სარასენსს“ 24:18 გაუსწორდა. ქართველი კვაჭი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ბურთით 2-ჯერ შეუტია და 7 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა.

პრო 12-ის მე-14 ტურში ანტონ ფეიქრიშვილის „კარდიფ ბლუზი“ მოქმედ ჩემპიონს, ირლანდიურ „კონახტს“ დაუხვდა და პირველი ტაიმის მიწურულს 13:0 იგებდა, თუმცა მერე 19 უპასუხო ქულა მიიღო და წააგო. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:47 | 14.02.2017
krasni (587)

თაზო მაგარია რა თქმა უნდა, მაგრამ ტოპ14'ის გუნდები როგორ ვერ ამჩნევენ?!

17:35 | 13.02.2017
DataN24 (215)

ლელო კარგია მაგრამ როგორ წააგეს აჟენს და ორიაკს ვგულშემატკივრობ რო გადავიდნენ აჟენი დიდი ალბათობით გადავა მაგრამ ორიაკს გაუჭირდება როგორც ბუკამ აღნიშნა ლიდერებში ყველაზე ნაკლები ფინანსები გააჩნიათ, ბექა გორგაძე კი უკეთეს გუნდში გადავა მალე თუ ასე გააგრძელა, როგორ მინდა ლობჟანიძე მჭედლიძე და შარიქაძე ერთდროულად ვიხილო ტოპ 14 ში

0.083339