ერთა თასი

15:59 | 12.02.2017 | ნანახია 8150 - ჯერ

სენსაცია ოფენბახში და დამარცხებული „დათვები“

2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიამ და ესპანეთმა ფავორიტებად შერაცხული რუმინეთი და რუსეთი დაამარცხეს.

წლევანდელი და მომავალი წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ევროპიდან იაპონიის საგზურს ერთი გუნდი პირდაპირ მიიღებს, ხოლო ერთს რეპეშაჟში მოუწევს ჩართვა. რაგბი ევროპის სატურნირო ცხრილისგან განსხვავებით, მსოფლიო თასის საგზურისთვის ოთხგუნდა, ალტერნატიული ცხრილი შედგება. მასში გათვალისწინებული არ იქნება საქართველოსთან მატჩების, ასევე, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ადგილზე გასული გუნდის შედეგები.

წლევანდელი ტურნირი ოფენბახში, გერმანიისა და რუმინეთის ჯახით გაიხსნა. სტუმრები აშკარა ფავორიტები იყვნენ, თუმცა ახლა უკვე ცხადზე ცხადია, რომ „მუხებს“ უზარმაზარი კრიზისი აქვთ, ხოლო გერმანელებმა რაგბის განვითარებაზე სერიოზულად დაიწყეს ზრუნვა. მას შემდეგ, რაც 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის 200 მილიონი ევრო გამოიყო და შარშან პირველი შედეგი დადგა - გერმანია რაგბი ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში დარჩა და ქვედა ლიგაში პორტუგალია დაქვეითდა.

ყველასთვის მოულოდნელად გუშინდელ მატჩში გერმანელმა ფორვარდებმა რუმინელები დაჩაგრეს და მოლით უზარმაზარი პრობლემები შეუქმნეს. დებიუტში მასპინძლები 6:3 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ინიციატივას რუმინელები დაეუფლნენ და 24:6 დაწინაურდნენ. მერე „მუხებმა“ შეცდომები დაუშვეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, ორი ლელო დადეს და ტაიმი მხოლოდ 4 ქულის სხვაობით, 20:24 დათმეს.

მეორე ტაიმი რუმინელებმა მძლავრად დაიწყეს და ორი ლამაზი ლელო დაამიწეს. სტუმრები 38:20 დაწინაურდნენ და მოეშვნენ, გერმანალებმა კი ერთხელაც გაიბრძოლეს და საწადელს მიაღწიეს. ამის ერთ-ერთი შემოქმედი გერმანელთა სათადარიგო კვაჭი დაშ ბარბერი აღმოჩნდა, რომელმაც მორკინალები შეკრა, ძალა შემატა და მაყურებელმა ორი ლელო იხილა. გარდასახვები ზუსტი იყო და რადგან სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და კარგი თანმიმდევრული შეტევა ლელოთი დაასრულეს. მნიშვნელოვანია, რომ გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და 77-ე წუთზე მასპინძლები 41:38 დაწინაურდნენ.

დასკვნით წუთებში რუმინეთმა გასატან პოზიციაზე ორჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება, თუმცა ზემოთნახსენები გარდასახვების გამო, „მუხებმა“ ფრეზე თამაში იუკადრისეს, ლელოზე თამაში უშედეგოდ დასრულდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა.

მერე იყო საქართველოს გამარჯვება ბრიუსელში და დღის ბოლო მატჩი მადრიდში, რომელშიც ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა. „ლომები“ პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და შორიდან დარტყმული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. მალე ესპანელებმა ჯარიმა ახლოდან გაიტანეს, მერე რუსებს ფეხით თამაშისას დაუფარეს და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა - 10:0.

რუსეთმა ჯარიმა მალევე გაქვითა, თუმცა ესპანეთი უკეთ გამოიყურებოდა და გარემარბი ვალდებული იყო ლელო დაემიწებინა, მაგრამ სწრაფი შეტევის შემდეგ ლელოში შესულს ბურთი ხელიდან სასწაულებრივად გაუვარდა. შესვენებამდე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და ტაიმი 13:6 დასრულდა. მეორე ნახევარში რუსებმა გასატანი ჯარიმა გააფუჭეს, ესპანელებმა ასევე უზუსტობით უპასუხეს, თუმცა მატჩის მიწურულს გამომუშავებული ჯარიმა 3 ქულად აქციეს, 16:6 იმარჯვეს და მეტოქეს მცირე მარცხისთვის პრემიალური ქულის აღება არ დაანებეს.

მეორე ტურის ორი მატჩი 18 თებერვალს გაიმართება და რუმინეთი ესპანეთს, ხოლო ბელგია რუსეთს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს თამაშობს და რუსთავში მოულოდნელ მდევარ გერმანიას მასპინძლობს.

2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

გერმანია - რუმინეთი 41:38

ბელგია - საქართველო 6:31

ესპანეთი - რუსეთი 16:6

1.

საქართველო

1

1

0

0

31:6

5

1

2.

ესპანეთი

1

1

0

0

16:6

4

0

3.

გერმანია

1

1

0

0

41:38

4

0

4.

რუმინეთი

1

0

0

1

38:41

1

1

5.

რუსეთი

1

0

0

1

6:16

0

0

6.

ბელგია

1

0

0

1

6:31

0

0


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:32 | 14.02.2017
BEERTRANCE (1073)

არაფრით არ შეიძლება გერმანელებს ალმაცერად შევხედოთ DDDDDDDDDDDDDDDDD

11:55 | 13.02.2017
meleksa (132)

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია არ იყო თუ არ არის საჭირო კომენტარების გამოქვეყნება?

20:01 | 12.02.2017
პანტელეიმონი (1218)

შარშან აქ ვწერდი ჩვენი რაგბის კავშირსა და გერმანულ რაგბის კავშირის თანამშრომლობის პლიუსებზე და გამოვთქვი აზრი მათი ფინანსური შესაძლებლობის, სპორტული მენეჯმენტის სკოლის და მიზანდასახულობის გამო მალე მიაღწევდნენ შედეგებს 15 კაცა რაგბში, მაგრამ არაფრით არ მეგონა თუ ასე მალე დადგებოდა ეს დღე.

17:18 | 12.02.2017
ogafa (407)

საქართველო

0.117205