ერთა თასი

21:55 | 11.02.2017 | ნანახია 7629 - ჯერ

სტარტიდანვე ლიდერები

როცა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან სამატჩო რაზმი გამოაცხადა, გარკვეული სკეპტიკის საბაბი გაჩნდა - გაუმკლავდებიან კი გამოუცდელი ახალგაზრდები დებიუტისთვის დამახასიათებელ მღელვარებას? გაუმკლავდნენ. უფრო მეტიც, 4 ლელო გაუტანეს მეტოქეს და ბონუსიც მოინადირეს.

პირველი ხაზის ექვსივე (სასტარტო+შემცვლელები) მორკინალისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იყო. ეს ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალის უახლოესი რეზერვია, ამდენად საინტერესო იყო ამ ბიჭების საქმეში ხილვა. აღმოჩნდა, რომ ბელგიური შერკინების დასაჩაგრად სავსებით საკმარისი სიმძლავრეები აქვთ, თანაც მეორე და მესამე ხაზში გამოცდილი ხალხი გვყავდა, თხილაიშვილიც ბრუნდება ჩვეულ დონეზე და საბოლოოდ სწორედ შერკინებამ შეასრულა მთავარი როლი მატჩის ბედის გადაწყვეტის საქმეში.

დაიწყო იმით, რომ მეკო კვირიკაშვილს მალევე მოუწია საჯარიმო დარტყმის შესრულება - 0:3. საერთოდაც, კვირიკაშვილი ამ თამაშში უშეცდომოდ ურტყამდა: პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ მოუხდა ბურთის ძელებსშუა გაგზავნა - თხილაიშვილის და კოშაძის ლელოების შემდეგ, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო გარდასახა.

პირველი ლელო მოლის შედეგად გავიდა, სადაც თხილაიშვილი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა - 0:10. აი, 20 წლის გიორგი კოშაძემ კი თავისი პირველი სანაკრებო ლელო ბურთის ხელდახელ გათამაშების შედეგად და მერაბ შარიქაძის მახვილგონივრული გადაცემით დადო. ბელგიელებს ძალზე უჭირდათ ჩვენი ფორვარდების შეჩერება და ყოველი შერკინების შემდეგ რეფერის თამამად შეეძლო ჯარიმის დანიშვნა, მაგრამ უელსელი ბენ ვაითჰაუსი მასპინძლებს ინდობდა. მთლიანობაშიც, ამ მსაჯმა ბელგიის ნაკრების სასარგებლოდ რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, მინიმუმ საკამათოს კატეგორიას რომ მიაკუთვნებდა კაცი.

თითქოს, მეორე ტაიმში მასპინძელთა რბევა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ბელგიელებმა თამაში გაშალეს და გარკვეული ხნის განმავლობაში „ბორჯღალოსნებს“ ბურთი დაუმალეს. ორი ჯარიმაც გაიტანეს. რამდენჯერმე ლელოსთან ახლოსაც კი იყვნენ და რომ არა თავგანწირული დაცვა და ფანტასტიკური ბოჭვები ჩვენი ბიჭების შესრულებით, მიზანსაც მიაღწევდნენ. ზოგადად, ბრიუსელური ავდარისა და „მცირე ეიზელის“ მოედნის საფარის გათვალისწინებით, შეცდომების რაოდენობა ორივე მხრიდან კლიმატური პირობების ადექვატური იყო. ასეა თუ ისე, მალე ქართული შერკინება კვლავ ამუშავდა და რეფმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა. მოგვიანებით კიდევ შეეძლო იგივეს გაკეთება, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედა თუ არ ისურვა, ძნელი სათქმელია.

ბოლოს კი, თავი ბექა გორგაძემ ისახელა, რომელიც ბოლო მატჩებში ლელოს გარეშე მინდვრიდან იშვიათად გადის. „ბორჯღალოსნების“ 20 წლის 8 ნომერმა თავისთვის დამახასიათებელ სტილში მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა და ლელოში ბურთიანად შეფრენა ამჯერადაც შეძლო, ხოლო შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 31:6 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ჩვენი ნაკრები პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორეზე ესპანეთია, რომელმაც რუსებს უმასპინძლა და 16:6 დაამარცხა, ხოლო მომდევნო ადგილზე გერმანელები არიან. დიახ, გერმანელები, რომელთაც რუმინეთთან 20:38-ს არ შეურიგდნენ, მაგრად იომეს და 41:38 დაწინაურდნენ. რუმინელებმა ბოლო წუთებზე კარში ჯარიმის დარტყმის ორ შესაძლებლობაზე უარი თქვეს, ფრე იუკადრისეს, მაგრამ ლელო ვერ გაიტანეს და სენსაციური მარცხი იწვნიეს.

ბელგია - საქართველო 6:31

ბელგია: მეუსი, დაუსეთი, პირონი, ბრებანი, რეინარტი, კ. უილიამსი, ბერჟე, სოტო, დიენსტი, დე კლერკი, კორადი, ვერვორტი, ვან ლარი, ლესკარბურა, დემოლდერი

შეცვლაზე შევიდნენ: დიუბუა, დებატი, დე ბაკერი, ბილი, ბენუა, ბონტემი, ა. უილიამსი, კოკუ

საქართველო: კვირიკაშვილი, ფრუიძე, კოშაძე, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე, თეთრაშვილი, ალხაზაშვილი, მელიქიძე, ნემსაძე, ჭეიშვილი, ლომიძე, თხილაიშვილი, გორგაძე

შეცვლაზე შევიდნენ: წიკლაური, მალაღურაძე, ხუციშვილი, ჭყოიძე, მატარაძე, ბეკოშვილი, გიორგაძე, ცუცქირიძე

4 ლელო: თხილაიშვილი, კოშაძე, საჯარიმო, გორგაძე

4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: კვირიკაშვილი


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:43 | 14.02.2017
BEERTRANCE (1073)

1 იმას მომასწრო რო გერმანელებმა გაძუყნონ მაკარონები

22:03 | 12.02.2017
meleksa (132)

გერმანელები რაგბის სწავლას იწყებენ რაქის გაწმენდით, მიყოლით! ასევე ცდილობენ რომ მაქსიმალურად ნაკლებად დაარტყან ბურთს ფეხი.

იმედია უკეთესი ამინდი იქნება რუსთავში და კარგად იბურთავებენ ჩვენები!

16:05 | 12.02.2017
გუგა80 (177)

11-ზე გადავედით?

00:40 | 14.02.2017
BEERTRANCE (1073)

ვერა

16:03 | 12.02.2017
shotai-olimpi (89)

ნელნელა დონე იწევს ესპანეთი, ბელგია, გერმანია, შარშანდელზე უკეთესი გუნდებია. რაც ჩვენთვის რათქმაუნდა უკეთესია. იმედია მათი საკლუბო ჩემპიონატების დონეც აიწევს, გაჩნდება მეტი ფული და ჩვენ მეტ მორაგბეებსაც გაუჩნდება სურვილი ესპანეთის თუ ბელგიის ჩემპიონატებში თამაშის, რაც მორაგბეებს ფინანსურად უზრუნველყოფს და ახალგაზრდებისთვისაც რაგბი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდება. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ევროპული ქვეყნების რაგბით დაინტერესების საუკეთესო საშუალება ლეგიონერებზე ლიმიტის მოხსნაა, რადგან წამყვანი სარაგბო ქვეყნის ბევრ მორაგბეს, რომელთაც არ აქვთ შანსი ნაკრებში საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მოხვედრის, ექნებათ შანსი სხვა ქვეყნის ღირსება დაიცვან, შესაბამისად აწევენ თამაშის ხარისხს რაც უფრო მეტ გულშემატკივარს დააინტერესებს. არც ჩვენთვის იქნება ურიგო ერთი ორი ბექის დამატება დამიჯერეთ ეს სულ სხვა დონეზე გაიყვანს ჩვენს ნაკრებს, იგივე ფუტზალში ბრაზილიელმა ლეგიონერმა მშვენივრად გაამართლა, კალათბურთშიც, რაგბი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?

14:53 | 12.02.2017
ანდროიდი (50)

ბიჭებს წარმატება. პირველი წნეხი კარგად გადაიტანეს. გერმანიასთან გამოჩნდება სინამდვილე. გერმანელები ჩვენზე გაცილებით სწრაფად ითვისებენ რაგბის წვრილმან ანაბანას და მალე რუმინეთთან ერთად ჩვენი უპირველესი კონკურენტი იქნება ამ დონეზე. აი რუსეთი კი გავარდება ალბათ წელსვე.

რაქებს პრინციპულად ვანელებთ თუ ჯერ ვერ ვისწავლეთ? ხომ არ იცით ვინმემ? :-)

14:53 | 12.02.2017
meleksa (132)

ჭ კლასის გუნდების თამაშს ჰგავდა. გილოცავთ გამარჯვებას. ხარისხი მაინც რჩება ცუდი.

12:27 | 12.02.2017
geogoli (367)

მეტი უნდა აიღოს თავის თავზე რაგბი ევროპამ. ესეთ სტადიონებზე თამაში ერთა თასზე უნდა აიკრძალოს, თუ განვითარებაზე უნდათ ზრუნვა.
აბა იმ ტალახში ვერც ინგლისი ვერ ითამაშებს თავის თამაშს. არადა ბელგიაა, გატენილია კარგი საფეხბურთო მოედნებით, იქირაონ რომელიმე. არც ბელგიას, არც ესპანეთს, არც გერმანიას და არც რუსეთს კარგი მოედნების პრობლემა არ აქვთ და მეტი სიმკაცრეა მათთან საჭირო, რომ ნორმალური დონის მოედანი და კარგი დონის სატელევიზიო რეპორტაჟები ჰქონდეთ.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუშინ რომ მოყვარულების თამაში იყო

12:19 | 12.02.2017
geogoli (367)

დიდი მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის და დებიუტანტებს ვულოცავ დებიუტს, კოშაძეს კი პირველ ლელოს.
უბრალოდ ჩვენ ვითამაშეთ ტალახბურთი, თანამედროვე რაგბის ამ თამაშთან საერთო არაფერი აქვს.
რაგბის მერე ვუყურე - უელსი-ინგლისს.

11:52 | 12.02.2017
mindia (74)

თუ გავითვალისწინებთ რომ იყო მეორე შემადგენლობა+წვიმა და გასვლაზე ვიყავით... შედეგი ძალიან დამაკმაყოფილებელია და თამაშის ხარისხიც კი. ღირდა გარისკვად რომ გვეთამაშა გადახალისებული შემადგენლობით.

და ისე მშვენიერი ფორმაა, რატომ შეხვდით ესე ცუდად ზოგიერთები არ ვიცი, ფორმაა რა დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს.

ექვსი ერის პერსპექტივებზე ისე, ნუ ხო ეს საცოდავი იტალია მართლა ძაან გრუშასავით ჰყავთ და ძალად ჰყავთ წევრად, ნუ კომერციულად უფრო მიმზიდავი ქვეყანაა ვიდრე საქართველო და ა.შ, მაგრამ ჩვენ... გუშინ ვუყურებდით უელსი-ინგლისს, ძაან შორსაა ჩვენი დონე ამათგან, ხელით თამაში, რაქში თამაში, სიჩქარეები და კიდე უამრავი ნიუნსია რომელსაც ადვილად შეამჩნევ როგორი დაბრმავებული გულშემატკივრებიც არ უნდა ვიყოთ რომ ძალიან ბევრია საჭირო რომ მივუახლოვდეთ ამათ დონეს. უკანა ხაზში მე მაგალითად ვერ ვხედავ გრანდიოზულ პროგრესს ახალგაზრდებშიც რომელიც საჭიროა. 9 ნომერი კი ბატონო, აფრასიძე და ლობჟანიძე ძალიან მომწონს, მაგრამ 11-15 ნომრები? ძაან გვიჭირს. შერკინებაში არავის ჩამოვრჩებით, მაგრამ არ კმარა ეს.

მოკლედ ძალა არ ჯობია ხერხს.

09:56 | 12.02.2017
DataN24 (215)

შემდეგი თამაში უკეთესი იქნება არ გამკვირვებია მაინცდამაინც რუმინეთის გამარჯვება სენსაცია იყო იაპონიამ რო სარ ს მოუგო გადახედეთ რუმინეთის შემადგენლობას ერთადერთი ლაზარი ყავთ ტოპ ჩემპიდან, პირველრიგში გერმანიასთან რაქის გაწმენდა და ბურთის მიყოლა უნდა გამოვასწოროთ ან ახლო და საბრძოლო უნდა იყოს ან შორეული და ხაზის სწრაფი აწევა ბელგიასთან არცერთი არიყო სადღაც შუაში იყო და სულ თავისუფლად იღებდნენ ბურთს ფეხით ხშირად გადაგვიკიდებენ გერმანელები ასე მგონია და მზად უნდა ვიყოთ წინაზეც ასე დაგვიდეს ლელო

11:53 | 12.02.2017
mindia (74)

რუმინელებს თუ გავითვალისწინებთ რა ახალგაზრდები ჰყავთ (ძალიან სუსტი) წესით ხანგრძლივი რეგრესი უნდა ჰქონდეთ.

ისე ჩვენ არც გვაწყობს დიდად, მეტოქე ძლიერი გვჭირდება პროგრესირებისთვის.

00:01 | 12.02.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას, განსაკუთრებით გილოცავთ დებიუტანტებს ! ! !

შესანიშნავი დღეა; ჩვენ მოვიგეთ, რუმინეთმა წააგო გერმანელებთან, რუსებმა წააგო ესპანელებთან, 6 ერზე იტალიამ გამანადგურებელად წააგო ირლანდიელებთან ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

23:37 | 11.02.2017
Torres9 (48)

მეც ვუყურე გერმანია რუმინეთს მეორე ტაიმი ჩავრთე და არვიცი შოკში ვიყავი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით...ალბათ 21ე საუკუნის ერთერთი უდიდესი სენსაციაა))

23:22 | 11.02.2017
ukleba (77)

ამ თამაშს მე დავარქმევიდი ასე-ანუ სტატიის სათაური იქნებოდა ასეთი: "მეკომ და ბავშვებმა ბელგიას სტუმრად სძლიეს"

00:00 | 12.02.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

23:20 | 11.02.2017
buratino (480)

მადლობა ჩვენს გამოცდილ და გამოუცდელ ლომკაცებს ყველას ერთად! სასიამოვნოა რომ ახალგაზრდების უმეტესობა გაუმკლავდა პასუხისმგებლობის წნეხს. მეორე ტაიმის საწყის 15-17 წუთს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და საბოლოო ჯამში დებიუტანტთა უმეტესობამ თავისი სიტყვა თქვა. თანაც ძალიან მიხარია რომ თამაშამდე არსებული ჩემი შიში ნაკრების შემადგენლობის ახალგაზრდა მოთამაშეებით "ზედმეტად გადატვირთვის" თაობაზე აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა. და მაინც, გავბედავ და ვიტყვი რომ ამ შემადგენლობით თამაში იშტაზე მოსულ გერმანიასთან გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ, ნემცებთან ერთ კვირაში ჩასატარებელ თამაშამდე საჭიროა შემადგენლობის ცოტა მეტად გაძლიერება. აქ მე ვგულისხმობ კაჭარავას დაბრუნებას, ასევე ჭყოიძე უნდა იდგეს ძირითადში (ალხაზიშვილი ჩემი აზრით ვერ ქაჩავს) და პირველ ხაზშიც გარკვეულ ცვლილებებს. მოკლედ, სულ წინ გევლოთ ბიჭებო!

23:02 | 11.02.2017
Kala94 (151)

მადლობა ლომებო ! ექსპერიმენტული შემადგენლობით საკმადო დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ!

22:13 | 11.02.2017
krasni (587)

კარგი სტარტი იყო, ყოჩაღ ბიჭებო

0.087233