ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობამ კატეგორიულად მოითხოვა, რომ უელსთან მატჩის დროს „პრინსიპიალიტი სთედიუმის“ სახურავი ღია იყოს.
ექვსი ერის წესების თანახმად, კარდიფში სტუმრად ჩასულ ნებისმიერ გუნდს შეუძლია, რომ მსგავსი მოთხოვნა წამოაყენოს. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აქამდე აცხადებდა, რომ სახურავის მდგომარეობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მატჩამდე 48 საათით ადრე მისი გახსნა მაინც მოითხოვა.
ერთი თვის წინ უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში განაცხადეს, რომ სტადიონის დახურვას გეგმავდნენ, რათა კლიმატური პირობები ეკონტროლებინათ. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ინგლისმა უელსი ღია ცის ქვეშ დაამარცხა, ხოლო ორი წლით ადრე დახურულ სტადიონზე თავად წააგო.
უელსისა და ინგლისის ნაკრებებს შორის 2017 წლის ექვსი ერის მეორე ტურის მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია