ხვალ საღამოს, 17 საათზე, “მიხეილ მესხზე” ისტორიული მატჩი დაიწყება. “ თბილისის კავკასიელები” “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში იტალიურ “როვიგოს” დაუხვდებიან და მეტოქის 4-ზე მეტი ქულის სხვაობით დამარცხების შემთხვევაში, ევროთასზე გასვლის სადებიუტო წელსვე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან, სადაც მათ წინაშე ნამდვილი გრანდები წარსდგებიან.
ბილეთის ფასი სიმბოლურია - 2 ლარი და ბევრი მომენტის გათვალისწინებით, 25-ათასიანი არენა პირთამდე თუ არა სანახევროდ მაინც უნდა გაივსოს: ეს პირველი საშინაო მატჩია ქართული კლუბისათვის (კლუბების ნაკრებისთვის) საშინაო არენაზე; გვაქვს დიდი შანსი იმისა, რომ მეტოქე საჭირო სხვაობით დავამარცხოთ და ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ; ქართველ მორაგბეებს გულშემატკივრებისთვის იმედი არასდროს გაუცრუებიათ და მოედნიდან თვით დამარცხებულ მატჩებშიც კი, უბრძოლველად არ გასულან. კიდევ მრავალი მიზეზია საიმისოდ, ხვალ “კავკასიელებს” ტრიბუნიდან ქომაგობა არ მოაკლდეთ, უმთავრესი კი ისაა, რომ მათ ეს დაიმსახურეს, იმ დიდი სიხარულისთვის, რასაც აგერ უკვე ამდენი წელია გვანიჭებენ.
იტალიაში 18:22 განცდილი მარცხის შემდეგ, იტალიელთა მწვრთნელმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, ქართველთა შემადგენლობაში კი, ორი ცვლილებაა. შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს გიორგი აფციაური, ხოლო 9 ნომრად მატჩს გიორგი ბეგაძე იწყებს. თადარიგში გამოჩნდა გიორგი ფრუიძე, რომელიც მანამდე 7-კაცა ნაკრებისთვის ირჯებოდა.
მატჩის წინა დღეს გაიმართა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს:
ანდრეა დე როსი (“როვიგოს” მთავარი მწვრთნელი): “ერთი კვირის წინ იტალიაში გამართული მატჩი ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. “თბილისის კავკასიელებზე” არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, რადგან ეს გუნდი სულ რამდენიმე კვირის წინ შეიკრიბა. გარკვეული წარმოდგენის შექმნა “მზარდი საქართველოს” და ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვის ნახვით ვცადეთ. გუნდებს შორის მცირედი სხვაობა იყო, ბოლო წამს გაგვიმართლა და გავიმარჯვეთ, მაგრამ ამით არაფერი გადაწყვეტილა. ქართველებმა დაცვაში თანმიმდევრულად ითამაშეს და როდესაც შანსი მიეცათ, ქულათა მაქსიმუმი აიღეს. თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, რადგან “კავკასიელების” მსგავსად, “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ ეტაპზე თამაშის სურვილი ჩვენც გაგვაჩნია.
პირველი თამაშის შემდეგ მომეწონნენ ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, ასევე გიორგი თხილაიშვილი. მთლიანობაში, თქვენმა ხაზმა ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენ მუდმივ პრესში ვიყავით. რა თქმა უნდა ბრწყინვალე იყო გიორგი შკინინი, რომელმაც ორი ლელო გაგვიტანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის მიმართ უდიდესი პატივისცემით განვეწყეთ”.
ფილიპო ფრატი (“როვიგოს” მთავარი მწვრთნელი): “შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. მთლიანად შევცვალეთ შერკინების პირველი ხაზი და 9 ნომერი. თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვედით, აქცენტს კი, ფორვარდებზე გავაკეთებთ. ბევრი ვიმუშავეთ აუტებზე და ეს ჩვენი ერთ-ერთი კოზირი უნდა იყოს. მოედნის საფარი ფანტასტიკურია და სტადიონითაც აღფრთოვანებული ვარ. საუცხოო გრუნტი და ბალახია, მოკლედ ისეთი კარგი მოედანია მეც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. როგორც შევატყეთ, აქ ქარიანი ადგილია, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ფეხით თამაშისას”.
მატეო ფერო (“როვიგოს” კაპიტანი): “იტალიაში გამართულ მატჩში როგორც ჩვენ, ასევე მეტოქემ, უამრავი შეცდომა დავუშვით. მე “მომავლის იტალიის” შემადგენლობაში წელს “თბილისის თასზე” ვითამაშე და ვიცი, რასაც ნიშნავს საქართველოში თამაში. ქართველები საკუთარ კედლებში მუდამ ძლიერად თამაშობენ და ასე იქნება ხვალაც. დარწმუნებული ვარ ტრიბუნაზე ქომაგი მრავლად შეკრიბება, რაც ჩვენს ამოცანას გაართულებს. გამარჯვება კი იმ გუნდს დარჩება, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვეს”.
ლევან მაისაშვილი (“თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი): “იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სახლში არავინ გაგვიშვია და ეგრევე შეკრებაზე გადავედით. ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული ამ ორმატჩიანი დუელის შედეგის მნიშვნელობა და დროს ნამდვილად ვერ დავკარგავდით. მიუხედავად ამისა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო, სამშაბათს და ოთხშაბათს ინტენსიურად ვივარჯიშეთ, ხუთშაბათს მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა და ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცით, დღეს კი, კაპიტნის ვარჯიშია. წინა მატჩთან შედარებით სულ 2-3 ცვლილებაა, რაც მცირე ტრავმებით და ტაქტიკური გადაადგილებებითაა განპირობებული. მწვრთნელისთვის გუნდის მოსამზადებლად დრო საკმარისი არასდროსაა. ვარჯიშების შესახებ უკვე გითხარით, თუმცა, პირველივე დღიდან გავდიოდით ვიდეოანალიზს. ახლა მთავარია ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.
“როვიგო” ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ძალისმიერი თამაშიც შეუძლია და ტექნიკურიც. მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს, თუმცა, ჩვენც გვქონდა რამდენიმე სალელოვე შანსი, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. ხვალინდელ თამაშში უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ნაკლებად მივცეთ ბურთი და მაშინ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ბედზე, რომ ვიღაც შეცდომას ვერ გამოიყენებს და მეტოქეს მაქსიმალურად, ყველა კომპონენტში უნდა შევუშალოთ. მოკლედ, ის გუნდი მოიგებს, რომელიც საკუთარძლიერ მხარეებს უკეთ წარმოაჩენს და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს.
მორაგბეებზე გულშემატკივრის ფაქტორი მუდამ განსაკუთრებულად მოქმედებს. ჩვენ ვიცით თამაშები, რომელთა მოგებაც საქართველოს ნაკრებმა სწორედ გულშემატკივართა დახმარებით მოახერხა. სავსე ტრიბუნების ხილვა ყოველთვის იმედის მომცემია და იმედია, ხალხი ტრიბუნაზე თამაშის დაწყებამდე შეიკრიბება, რათა მოთელვაზე გამოსულ ბიჭებს სავსე ტრიბუნები დახვდეს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ჩემი კი არა, ბიჭების მიმართ ნუ იქნებიან კრიტიკულები. ყველა მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ვინმეს რამე თუ არ გამოუვა ის უნდა გავამხნევოთ. ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ნდობა მოთამაშეების მიმართ ჰქონდეთ და ისინიც აუცილებლად გაამართლებენ”.
2014/15 წლების “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპი
პლეი ოფი. განმეორებითი მატჩები. 27 სექტემბერი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17 საათი
თბილისის კავკასიელები (საქართველო) - რაგბი როვიგო (იტალია)
თბილისის კავლასიელები: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო სარასენსი”), 14. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”), 13. ალექსანდრე თოდუა (“ლელო სარასენსი”), 12. გიორგი აფციაური (“აია”), 11. გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო სარასენსი”, კაპ.), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”); 1. ბაჩანა გოგიშვილი (“ყოჩები”), 2. ბადრი ალხაზაშვილი (“ლელო სარასენსი”), 3. დავით გურგენაძე (“არმია”), 4. ბექა ბიწაძე (“ლოკომოტივი”), 5. მიხეილ არჩუაშვილი (“ყოჩები”), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”), 7. ელგუჯა სურგულაძე (“ლელო სარასენსი”), 8. ზვიად მაისურაძე (“ლელო სარასენსი”).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”), 17. სანდრო ქოიავა (“ლელო სარასენსი”), 18. გიორგი სანიკიძე (“ლელო სარასენსი”), 19. გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქი”), 20. ბაჩანა კოლელიშვილი (“ლელო სარასენსი”), 21. გიორგი კაჭარავა (“ლელო სარასენსი”), 22. თემურ სოხაძე (“ყოჩები”), 23. გიორგი ფრუიძე (“აია”).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
რაგბი როვიგო: 15. სტეფან ბასონი, 14. სტივენ ბორტოლუსი, 13. დენის მაისტოროვიჩი, 12. ფრანჩესკო მენონი, 11. ბილი ნგავინი, 10. ლუჩანო როდრიგესი, 9. ჯორჯო ბრონძინი; 1. ნიკოლა კვალიო, 2. ენრიკო ჩეკატო, 3. მასიმიალიანო რავალე, 4. ჯუზეპე ბოჯანი, 5. ჟან-ფრანსუა მონტაური, 6. ემილიანო კაფინი, 7. ანდრეა დე მარკი, 8. მატეო ფერო (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ლუქ მაქონი, 17. გილერმო როანი, 18. გილერმო გაჟიონი, 19. მატეო მარანი, 20. რდუარდო ლუბიანი, 21. მარკო ფრატი, 22. დავიდე ფაროლინი, 23. ლორენცო ლუბიანი
მწვრთნელები: ფილიპო ფრატი, ანდრეა დე როსი
კამი კალვიზანო (იტალია) - ბუქარესტის მგლები (რუმინეთი)
პირველი მატჩი ბუქარესტელებმა 18:13 მოიგეს
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია