ახალი სანაკრებო სეზონის დაწყების გამო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში, სადაც ქართველ ლეგიონერთა დიდი უმრავლესობაა თავმოყრილი, პაუზა გამოცხადდა, თუმცა ბრიტანეთში შიდა რაგბი არ გაჩერებულა.
ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულ მორაგბეებს მოკლებულმა კლუბებმა კელტების ლიგის მორიგი ტური გამართეს. ორი „ქართული“ გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა: ანტონ ფეიქრიშვილის „კარდიფ ბლუზმა“ ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერ უორიორზს“ უმასპინძლა და ძალზე თვალსასეირო და უხვქულიან თამაშში 38:53 დამარცხდა. ფეიქრიშვილი უელსური კლუბის სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ბრეგვაძე სამარქაფო სიაში იყო და 59-ე წუთზე ინგლისური რაგბის ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ სინგლტონის ნაცვლად თამაშში ჩაერთო. ჯაბამ თავისი გუნდის ბოლო სალელოვე შეტევაში უშუალო მონაწილეობა მიიღო - გაწმინდა რაქი, რომლიდან გამოტანილი ბურთი 2 წამში კარდიფელთა ლელოში დაიდო.
კიდევ ერთი ინგლისელი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძეა, ვისმა „ბრისტოლმაც“ შინ „ექსეტერთან“ 7:35 წააგო. ნემსაძე ნაკრებშია გამოძახებული, ამდენად ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია