ბექა ურჯუკაშვილმა თბილისის „არმიას“ 26-ივე ქულა შესძინა, მაგრამ მისი გუნდი „ლელო-სარასენსის“ მოლს წინ ვერ აღუდგა და საქართველოს ჩემპიონმა დაძაბულ ბრძოლაში 27:26 იმარჯვა.
დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონი ორი თბილისური მატჩით განახლდა. ჩემპიონატის ლიდერები ექვსეულში შესვლისთვის მებრძოლ გუნდებს მასპინძლობდნენ და ერთი თამაში ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა, მეორეში კი, ნომინალურმა სტუმარმა იმარჯვა.
„არმიამ“ კარგი თამაში ჩაატარა და თითქმის მთელი მატჩის მსვლელობისას ლიდერობდა, თუმცა შედეგის განმსაზღვრელი ჩემპიონის გამოცდილება აღმოჩნდა, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში არ გატყდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. საწყის 25 წუთში ინიციატივას „არმია“ ფლობდა, რომლის შერკინებამ მასპინძლებისას აჯობა, ბექა ურჯუკაშვილმა 4 ჯარიმიდან 3 გაიტანა და სტუმრები 9:0 დააწინაურა. 31-ე წუთზე უკვე „ლელო-სარასენსის“ შერკინება აღმოჩნდა უფროძლიერი და ირაკლი ყიასაშვილმა ერთი ჯარიმა გაქვითა.
„არმიამ“ პასუხი არ დაუგვიანა და 35-ე წუთზე კარგი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. კარგი იერიში ლელოთი კვლავ ურჯუკაშვილმა დაასრულა, მანამდე კი, მახვილგონივრულად ითამაშა გიგი გაბუნიამ, რომელმაც რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება უმოკლეს დროში მიიღო და თანაგუნდელს იდეალური გადაცემა გაუკეთა. ლელოს ავტორს გარდასახვა გაუცუდდა, მერე „ლელო-სარასენსმა“5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორა და გუჯა სურგულაძემ ლელო დადო, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა. ზედ შესვენების წინ ურჯუკაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და „არმიამ“ ტაიმი 17:10 მოიგო.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მასპინძელთა შერკინება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ქულები პირველად კვლავ „არმიამ“ მიითვალა. დებიუტში ყიასაშვილის ჯარიმა ძელმა აისხლიტა, ხოლო 50-ე წუთზე ურჯუკაშვილმა ზუსტად დაარტყა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. 4 წუთში „ლელო-სარასენსმა“ ნაცად ხერხს მიმართა, ბურთი აუტში გადაიტანა, მოლი დააყენა და ლელო ყიასაშვილმა გარდასახა.
მეორე ნახევრის შუაში ურჯუკაშვილმა ფეხჩუბინობა ერთხელაც გამოავლინა, თუმცა „ლელო-მოლის“ შეჩერება ისევ ვერ მოხერხდა. ამჯერად მცველებმა ის წესების დარღვევით შეაჩერეს, ჩემპიონებმა უპირატესობა გამოიყენეს, იერიში ფლანგზე გაშალეს და ლელოში ყიასაშვილი შევიდა. მისივე გარდასახვა ზუსტი იყო და 67-ე წუთზე „ლელო-სარასენსი“ პირველად დაწინაურდა, თუმცა ორიოდე წუთით, რადგან ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა. ამ ეპიზოდში მასპინძელთა მგეზავი ოთარ ბარკალაია სინბინით დაისაჯა, მაგრამ 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი „არმიას“ კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმაც მიიღო, ყიასაშვილმა 47 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და საკუთარ გუნდს 27:26 მოაგებინა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „აკადემიამ“ „ლოკომოტივს“ ტაიმი 10:0 მოუგო. შესვენების შემდეგ რკინიგზელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „მხატვრებმა“ 10:6 „გამოძერწეს“, რითაც ექვსეულში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ხვალ მე-12 ტურის კიდევ სამი თამაშია. „შევარდენზე“ ბოლნისის „ყოჩები“ „ბათუმს“ მასპინძლობს, გორში „ჯიქი“ ქუთაისის „აიას“ დაუხვდება, ხოლო ქუთაისში „ბაგრატი“ თბილისის „არმაზს“ მიიღებს.
4/02 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 12 | 8 | 2 | 2 | 4 | 1 | 0 | 276:204 | +72 | 36/17 | 41 | |
2 | 12 | 8 | 1 | 3 | 1 | 3 | 0 | 213:148 | +65 | 22/16 | 38 | |
3 | 11 | 8 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 232:126 | +106 | 22/09 | 35 | |
4 | 11 | 8 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 191:148 | +43 | 20/12 | 35 | |
5 | 11 | 6 | 1 | 4 | 5 | 2 | 0 | 224:131 | +93 | 30/11 | 33 | |
6 | 12 | 6 | 0 | 6 | 1 | 3 | 0 | 170:172 | -2 | 17/20 | 28 | |
7 | 12 | 5 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 186:223 | -37 | 17/25 | 23 | |
8 | 11 | 3 | 0 | 8 | 0 | 5 | 0 | 167:279 | -112 | 15/37 | 17 | |
9 | 11 | 2 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 139:260 | -121 | 13/34 | 10 | |
10 | 11 | 1 | 0 | 10 | 0 | 3 | 0 | 134:241 | -107 | 18/29 | 7 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია