საქართველოს ნაკრების გარემარბსა და ფრანგული „აჟენის“ ცენტრ თამაზ მჭედლიძეს დისკვალიფიკაციის ვადა არ გაუხანგრძლივეს.
19 იანვარს, პრო დ2-ის მე-18 ტურში „აჟენი“ „ბიარიცს“ ეთამაშებოდა. 67-ე წუთზე მჭედლიძე მეტოქის მეორეხაზელის, სინჟერის პროვოკაციას წამოეგო და რეფერიმ მოჩხუბრები წითელი ბარათით დასაჯა. შედეგად, ორივეს სტანდარტული დისკვალიფიკაცია მიესაჯა და საქმის დამატებითი მოსმენა ჩაინიშნა.
საფრანგეთის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ მხარეები ერთმანეთს „წესების დაცვით“, მუშტებით გაუსწორდნენ და დამატებითი დისკვალიფიკაცია საჭიროდ არ ჩათვალა. ამრიგად, მჭედლიძეს, რომელმაც პრო დ2-ის გასული ტურის შეხვედრა გამოტოვა, მომდევნო მატჩში თამაში შეეძლება. მე-20 ტურში მისი „აჟენი“ „ბეზიეს“ მასპინძლობს, ეს შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
ძალიან კარგი