ტოპ 14

12:36 | 1.02.2017 | ნანახია 2316 - ჯერ

გიტო იაპონიაში მიდის

„ტულონის“ ავსტრალიელი ლეგიონერი მეთ გიტო ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგულ კლუბს დატოვებს და კარიერას იაპონიაში გააგრძელებს.

„ახალ სეზონს იაპონიაში დავიწყებ. ეს გადაწყვეტილება ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში, თუმცა მინდოდაб ახლოს ვყოფილიყავი ავსტრალიასთან და ახლობლებთან. დიდი მადლობა „ტულონის“ მოთამაშეებს, მწვრთნელებს, პრეზიდენტს და მთელ პერსონალს. ეს გუნდი ჩემს გულში მუდამ იქნება და შევეცდები, მიმდინარე სეზონში მას ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარო“, - დაწერა 34 წლის ავსტრალიელმა საკუთარ ინსტაგრამზე.

გიტოს სუპერრაგბის „ბრამბიზსა“ და „ვესტერნ ფორსში“ უთამაშია. „ტულონთან“ ერთად ის საფრანგეთის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა. ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მის ანგარიშზე 103 მატჩია და მსოფლიო თასზე მეორე ადგილის დაკავება.

პარალელურად „ტულონმა“ სხვა ავსტრალიელი მორაგბე დაიმატა. ეს 27 წლის ბენ ბარბაა, რომელიც აქამდე რაგბი ლიგას თამაშობდა და 2012 წელს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას 9-იდან 15-ის ჩათვლით ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ბარბა საფრანგეთში უახლოეს დღეებში ჩავა და კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09654