საფრანგეთი ტოპ-14

21:09 | 31.01.2017 | ნანახია 3194 - ჯერ

ასიეშვილი და ბეკოშვილი: სერიოზული არაფერია

საფრანგეთის ტოპ 14-ის გასულ ტურში „ბრივმა“ ბაიონში 23:33 წააგო. იმ მატჩში ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე იყო - მარცხენა ბურჯად კარლენ ასიეშვილმა ითამაშა, მარჯვენა ბურჯად - სოსო ბეკოშვილმა, ხოლო შერკინების ნახევარმცველად - ვასილ ლობჟანიძემ. სხვათა შორის, თუკი ჩელენჯ კაპზე ვასკა უკვე რამდენჯერმე იყო სასტარტო 9 ნომერი, საფრანგეთის ჩემპიონატში ეს პირველად მოხდა. თუმცა, ეს ნიუსი სულ სხვა თემას შეეხება...

„ბაიონთან“ თამაშის მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბრიველთა დამრიგებელ ნიკოლა გოდინიონს მოედნიდან ბეკოშვილის გაყვანა მოუხდა - ჩელენჯ კაპის ბოლო მატჩში ორი ლელოს დამდებმა მორკინალმა ტრავმა მიიღო. 48-ეზე ასიეშვილიც გამოცვალეს, თუმცა ეს გეგმიური შეცვლა იყო. მაგრამ თამაშის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარლენსაც დაზიანება ჰქონია მიღებული.

საბედნიეროდ, საგანგაშო არაფერია - სერიოზულ ტრავმას ორივე ქართველი გადაურჩა. სოსოს მარჯვენა მხარი აწუხებს და დღეს-ხვალ დამატებით ტესტირებას ჩაუტარებენ. კლუბის ექიმები ვარაუდობენ, რომ ტკივილი მალე გაუვლის, მაგრამ საკონტროლო შემოწმება მაინც აუცილებელია და საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ მას მერე დაიდება.

ასიეშვილი კვირას გამართული მატჩის მერე კოჭლობით დადის. მას მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთი უტკენია, თუმცა ეს უმნიშვნელო დაზიანებაა, რომელიც 2-3 დღეში აღარც შეაწუხებსო.

ამრიგად, კლერმონელი ქართველების - ზირაქაშვილისა და კოლელიშვილის არ იყოს, ასიეშვილი და ბეკოშვილიც გადაურჩნენ სერიოზულ ტრავმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბეკოშვილისთვისაა: სოსო საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშია და „ბორჯღალოსნებში“ დებიუტისთვის ემზადება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:53 | 01.02.2017
BEERTRANCE (1073)

მადლობა ღმერთს

00:01 | 01.02.2017
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ

0.082886