კელტების ლიგა

15:34 | 30.01.2017 | ნანახია 2413 - ჯერ

გორგაძის ლელო და კოლელიშვილის ტრავმა

საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-17 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ გასვლით მატჩში „ტულონი“ 23:20 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 23 წლის ყაულაშვილი ლიგის ახალი ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში იყო და საკმაოდ კარგადაც ითამაშა, 57-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ხოლო 75-ეზე მოედანზე დააბრუნეს. სწორედ თამაშის მიწურულს გადაწყდა მისი ბედი: სტუმართა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ბოლო წამებზე ბროკ ჯეიმსმა 3 ქულად აქცია. ტულონელთა სასტარტოში მამუკა გორგოძე იყო, ვინც ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლევან ჩილაჩავა შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა. „ტულონი“ მე-5 ადგილზე დარჩა.

„კლერმონმა“ კი ლიდერობა ბორდოში დაკარგა - ადგილობრივ გუნდს 23:23 დაუზავდა. თამაშის მე-13 წუთზე უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა: ვიტო კოლელიშვილი და მორგან პარა ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, თამაში ვერც ფრანგმა გააგრძელა და ვერც ქართველმა - ორივემ ტვინის შერყევა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა. დავით ზირაქაშვილმა საწყისი 40 წუთი ირაგბა. „კლერმონი“ მეორე ადგილზე დაეშვა და „ლა როშელს“ კინკილა ქულით ჩამორჩება.

კასტრში 25:38 წაგების მიუხედავად, მესამე საფეხურზე „მონპელიე“ დარჩა. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა მონპელიელთა სასტარტო 15-ეულში არცერთი ქართველი არ დაუყენებიათ. თუმცა, 50-ე წუთზე, როცა შერკინების პირველი ხაზი მთლიანად გადაახალისეს, შეცვლაზე მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი შევიდნენ.

მესამედან მეექვსე ადგილამდე ოთხეულში მოხვედრა პლეი-ოფის საგზურის მომტანია და ამ კვარტეტში „ტულონისა“ და „მონპელიეს“ გარდა კიდევ ერთი „ქართული“ გუნდია. ვასილ კაკოვინის „ტულუზმა“ საკუთარ მოედანზე „პოსგან“ სენსაციური მარცხი იწვნია - 10:20. ქართველი ბურჯი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან 51-ე წუთზე ჩაერთო.

მთლიანიბაში გასული ტური ტოპ 14-ის ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა. ასევე დამარცხდა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ - გრენობლში 22:44 წააგო. პარიზელთა ქართველი ბურჯები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 48-ე წუთამდე ითამაშეს, თუმცა 67-ეზე მელიქიძე მოედანზე დააბრუნეს და ბოლომდეც დატოვეს. „სტად ფრანსე“ მე-11 ადგილზეა.

„ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში კი ერთბაშად სამი „ბორჯღალოსანი“ იყო. კარლენ ასიეშვილმა 48-ე წუთამდე ითამაშა, სოსო ბეკოშვილმა - 44-ემდე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე 50-ეზე გამოცვალეს. „ბრივიც“ დამარცხდა - 23:33 „ბაიონთან“ გასვლით შეხვედრაში, და მე-9 საფეხურზე ჩამოქვეითდა. აი, ასე, ჩვენთვის არცთუ მაჟორულად წარიმართა მე-17 ტური ტოპ 14-ში.

პრო დ2-ში კი უფრო ხვავრიელი უიქ-ენდი გვქონდა. იმით დავიწყოთ, რომ „ოიონამ“ ლიდერობა დაიბრუნა. ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე „ალბი“ 54:16 გაანადგურა და ეს უკანასკნელი გასავარდნ ზონაშიც აღმოჩნდა. „ოიონას“ რიგებში მარჯვენა ბურჯად პირველი ტაიმი გიორგი ვეფხვაძემ ითამაშა, ხოლო შესვენების შემდეგ იგივე პოზიციაზე ირაკლი მირცხულავა იდგა.

მე-2 საფეხურზე „აჟენმა“ აინაცვლა, რომელსაც დისკვალიფიცირებული თამაზ მჭედლიძე ვერ ეხმარება. აჟენელებმა წყალწაღებული „ბურგუენი“ არ დაინდეს და 34:0 დაამცირეს. მარცხენა ბურჯად პირველიდან 52-ე წუთამდე გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, ხოლო ვახტანგ ახობაძე თამაშში სწორედ 52-ეზე ჩაერთო, ოღონდ მარჯვენა პირველხაზელის პოზიცია დაიკავა.

პლეი-ოფში გამსვლელ მეორე-მეხუთე ადგილებზე ასევე არიან „მონტობანი“, „კოლომიე“ და „მონ-დე-მარსანი“. ლიგაში ლიდერის შეცვლა სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა: „მონ-დე-მარსანმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 34:16 დაამარცხა, რაც ამ უკანასკნელს პირველიდან მესამე ადგილზე ჩამოქვეითებად დაუჯდა. მატჩის ანგარიში კი ბექა გორგაძემ გახსნა. მასპინძელთა პირველივე შეტევა 20 წლის ქართველმა მესამეხაზელმა მონტობანელთა დაცვის გარღვევით და ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა. ბექამ სეზონში მე-13 მატჩი ჩაატარა და მე-2 ლელო გაიტანა. ასევე მე-2 აღმოჩნდა მისთვის სინბინიც, რომელშიც რეფერიმ 24-ე წუთზე მიაბრძანა. ბექამ აშკარად მოუმატა - ბოლო 3 თამაშში მეორე ლელო მიითვალა.

„ორიაკი“ მე-8 ადგილზე დაეშვა - ბეზიეში 9:25 წააგო. მასპინძელთა შორის ლაშა ლომიძე ვერ ვიხილეთ, ხოლო ორიაკელთა სასტარტოში ერთბაშად სამი ქართველი იყო. მარჯვენა ბურჯად 57-ე წუთამდე ნიკოლოზ ხატიაშვილმა ითამაშა, ვინც მე-10 წუთზე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. მეორე ხაზში ლევან დათუნაშვილმა შეუცვლელად იასპარეზა, ისევე, როგორც შუამრბმა მერაბ შარიქაძემ.

კიდევ ერთმა გამოცდილმა „ბორჯღალოსანმა“ - შალვა სუთიაშვილმა დასკვნითი 22 წუთი ითამაშა „ანგულემის“ შერკინების მესამე ხაზში. „ანგულემმა“ „ბიარიცს“ უმასპინძლა და 12:19 დამარცხდა. „ანგულემი“ მე-9 საფეხურზე დაქვეითდა.

მე-11 ადგილზე „დაქსია“, რომელმაც „ვანს“ სტუმრად 22:16 სძლია. დაქსელთა მარჯვენა ბურჯის ფუნქციები ბოლო 17 წუთის განმავლობაში ელიზბარ ყუფარაძემ შეასრულა.

დაბოლოს, ისიც ვახსენოთ, რომ ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე ინგლისური „ბრისტოლის“ შემადგენლობაში ბოლოსკენ გამოჩნდა: ბრისტოლელებმა კელტების ლიგის მორიგ მატჩში უელსში იქაურ „ოსპრეიზთან“ 14:20 წააგეს და ნემსაძე თამაშში 68-ე წუთზეღა ჩართეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:33 | 31.01.2017
DataN24 (215)

ამ სტატისტიკას გაცილებით ადრე შეიძლება გაეცნო სანამ თქვენ დაწერთ და იქნებ შეავსოთ ხოლმე სტატია თუ ვინ როგორ ითამაშა განსაკუთრებით ვსაკას თამაში მაინტერესებდა

0.076851