"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზამთრის შეკრებაზე მესამე, დამაგვირგვინებელი საკონტროლო მატჩი გამართეს და მესამე გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგის მსგავსად - სამდღიანი ინტერვალებით დაიგეგმა. 19 იანვარს ნაკრებმა რუსთავის "ხარებს" სძლია (ლელოებით 3:2), 23 იანვარს - გორის "ჯიქს" (5:1), ამჯერად კი საქართველოს ბოლო 4 წლის უცვლელი ჩემპიონი "ლელო-სარასენსი" 5:2 დაამარცხა.
ბოლო სპარინგი უწინდელებზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. კლუბი უპირატესობას ფლობდა შერკინებასა და მოლში, ასევე კარგად შლიდა თამაშს. "ბორჯღალოსნებმა" "ლელოს" გაშლილი, სწრაფი ბურთაობა შესთავაზეს და ლელოები ამ ხერხითა და კონტრშეტევებით დადეს. ანგარიში 20-წლამდელებმა გახსნეს, რაზეც კლუბმა მოლით შეტანილი ორი ლელოთი უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ნაკრები კიდევ სამჯერ ეწია მიზანს - 4:2. მეორე ნახევარში ერთადერთი ლელო გავიდა. ამგვარად, "ბორჯღალოსნებმა" ზამთრის შეკრება დაუმარცხებლად დაასრულეს.
განვლილ თამაშზე და შეკრებაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გვითხრა: „ბოლო თამაში ყველაზე მძიმე, ხარისხიანი და სწრაფი გამოვიდა. ეს არცაა გასაკვირი - ქვეყნის ზედიზედ 4-გზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით. ამ შეკრების მიზანი იყო, რომ საქმეში მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე გვენახა; ვაკვირდებოდით საქმისადმი ბიჭების მიდგომას, დისციპლინას, და ასევე გვსურდა დაგვეხვეწა ის ტაქტიკა, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვაპირებთ თამაშს. მეტ-ნაკლებად კმაყოფილები დავრჩით: ზოგმა თავი კარგად წარმოაჩინა, ზოგმა - უარესად.
ხვალ ბიჭებს აღდგენა ექნებათ, რის შემდეგაც კლუბებს დაუბრუნდებიან. თებერვალში ხანმოკლე, ტაქტიკის გასახსენებელ შეკრებას გავმართავთ. მარტიდან ვიწყებთ ჩემპიონატისთვის დასკვნით მზადებას. ჩვენი სურვილია, რომ პირველივე დღიდან სრული შემადგენლობა გვყავდეს, მაგრამ ეს ფრანგული კლუბების კეთილ ნებაზეცაა დამოკიდებული, და ვნახოთ, რა გამოგვივა".
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ ბიჭებს, ლელოს ძლევა სახუმარო ნამდვილად არ არის. წარმატებული მსოფლიო თასის იმედი მაქვს
მიხარია შედეგები, სამწუხაროა, რომ ვერც ერთი მოსამზადებელი თამაში ვერ ვნახეთ. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მსოფლიო.