სიახლეები

21:38 | 25.01.2017 | ნანახია 2194 - ჯერ

თამაზ მჭედლიძეს საქმეს 8 თებერვალს გაურჩევენ (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე 8 თებერვალს საფრანგეთის რაგბის ეროვნული ლიგის სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარსდგება. ამ ქვეყნის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მოასპარეზე „ბორჯღალოსანს“ან დამატებით სასჯელს გამოუტანენ, ან დავების განხილვის დარბაზიდან გამართლებულად გამოუშვებენ.

როგორც ალბათ ყველას ახსოვს, გასულ ხუთშაბათს თაზოს ფრანგული კლუბი „აჟენი“ პირველობის კალენდარულ მატჩს „ბიარიცთან“ სტუმრად ატარებდა და ამ უკიდურესად დაძაბული თამაშის მეორე ნახევარში მჭედლიძესა და მასპინძელთა ზორბა მესამეხაზელ ჟან ბაპტისტ სინჟერს შორის გვარიანი მუშტი-კრივი გაიმართა.

როგორც ინციდენტის ამსახველ ვიდეოზე ჩანს, ფრანგი ჩვენებურს კისერში ბოჭავდა და სწორედ ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. შემდეგ სინჟერმა ქართველს სახეში თავი ჩაარტყა, პასუხად სახეში მუშტი მიიღო, ბიარიცელს თანაგუნდელი გამოექომაგა, მჭედლიძეს - გიორგი თეთრაშვილი... მოკლედ, მუშტების სერიოზული ქნევა გაჩაღდა, ხოლო როცა მოჩხუბრები გააშველეს, რეფერიმ, ლაინსმენთან მოთათბირების შემდეგ, ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და მინდვრიდან სინჟერიც მიაბრძანა და მჭედლიძეც.

ჰოდა, წითელი ბარათის მიღების დღიდან სამი კვირა (წითელი ბარათით გაძევებულებს ავტომატურად სწორედ სამკვირიანი დისკვალიფიკაცია ერგებათ) სწორედ 8-ში იწურება. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ დისციპლინარები. სინჟერიც, ცხადია, 8-შია დაბარებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:40 | 26.01.2017
BEERTRANCE (1073)

საქმის განხილვის თქმა არ შეიძლებოდა? ისე დაწერეთ თითქოს ქურდები ურჩევენ საქმეს.

0.075761