ინტერვიუ

13:14 | 24.01.2017 | ნანახია 16010 - ჯერ

გუგა წვერავა - პირველი ქართველი აშშ-ში პროფესიული კონტრაქტით

27 წლის პირველხაზელი გუგა წვერავა პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

ის უკვე ორი სეზონია, კოლორადოს შტატის „გლენდეილ რეპტორსის“ (Glendale Raptors) ღირსებას იცავს და აშშ-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა, თუმცა აქამდე ნახევრად პროფესიული კონტრაქტი ჰქონდა. მაგრამ წვერავამ საკუთარი შრომითა და გარჯით ოკეანისგაღმელთა დიდი პატივისცემა დაიმსახურა და პროფესიულ კონტრაქტთან ერთად გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, სამხრეთაფრიკელ ანდრე სნიმანისგან საუკეთესო დახასიათება მიიღო:

„ქართველი პირველხაზელი გიორგი წვერავა უკვე ორი სეზონია, ჩვენს გუნდში თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური არცთუ კარგად იცის, დადებითი ხასიათის წყალობით მან თანაგუნდელებში უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. ის ძალიან კარგი პიროვნება და შესანიშნავი პირველხაზელია, არასდროს იხევს უკან და ყოველთვის აკეთებს იმას, რისი დანახვაც მსურს. ერთი სიამოვნებაა მისი მოედანზე ხილვა, როდესაც ხელთ ბურთი უპყრია და ჩათვლის მოედნისკენ გზას იკაფავს. წვერავა რაგბის სიყვარულით თამაშობს და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია. მე ყოველთვის მაქვს მისი იმედი და რაგბიში ყველა ოცნების განხორციელებას ვუსურვებ“, - ასეთია დახასიათება იმ მწვრთნელისგან, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში 42 თამაში ჩაუტარებია და 10 ლელო გაუტანია, ხოლო სუპერ რაგბიში „ბულსისა“ და „შარქსის“ შემადგენლობაში უთამაშია.

თუ რა გზა გაიარა წვერავამ ამერიკამდე და პროფესიულ კონტრაქტამდე, ამის შესახებ თავად მორაგბე გვიყვება:

- რაგბის თამაში 2006 წელს, 16 წლისამ დავიწყე და ორი წელი თბილისის „ყოჩებში“ გავატარე, რომლის შემადგენლობაშიც ჭაბუკთა „ა“ ლიგაში და პირველ ლიგაში გამოვდიოდი. შემდეგი 4 წელიწადი პირველი ლიგის კლუბ „ხულიგანაში“ გავატარე და ეს გუნდი ჩემთვის სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული იქნება. მაქვს სურვილი და დიდი იმედი, რომ კარიერის დასრულებამდე მისი მაისურით კვლავ ვითამაშო. მერე იყო უმაღლესი ლიგის გუნდი - თბილისის „აკადემია“, სადაც ორი წელი გავატარე და 2013 წელს ბათუმის ქვიშის რაგბის ტურნირი მოვიგე.

- აშშ-ში როგორ მოხვდით?

- მქონდა სურვილი, კარიერა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა და 2014 წელს ორი ვარიანტი გამომიჩნდა - ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემი აგენტი თავპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატის კლუბ „გლენდეილ რეპტორსს“ დაუკავშირდა, საიდანაც მიწვევა მივიღე და ამერიკაში გავემგზავრე. აქ ყველა ძალიან კარგად დამხვდა და ევროპაზე აღარც მიფიქრია. კლუბში იდეალური ატმოსფეროა, მეგობრული გუნდია და პირველივე დღიდან ყველა გვერდში მიდგას. მესამე წელია, აქ ვთამაშობ და ორჯერ - 2015 და 2016 წლებში - წყნარი ოკეანის თასის (Pacific Rugby Premiership) გამარჯვებუ;ლი გავხდი.

- შარშან ამერიკაში ხომ პროფესიული ლიგა, Pro Rugby დააარსეს...

- ეს სულ სხვა ტურნირი იყო, რომელიც შარშან დაარსდა, თუმცა სპონსორებმა რატომღაც დაფინანსება არ ისურვეს და ლიგა დაიშალა. 2016 წლის მიწურულს ახალი პროფესიული ლიგა შეიქმნა და წლეულს ტურნირი განსხვავებული სისტემით ჩატარდება. შარშან Pro Rugby-ში ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც არიან ახალზელანდიელი მილს მულიაინა, იტალიელი მირკო ბერგამასკო, სამხრეთაფრიკელი პედრი ვანენბურგი და მრავალი სხვა.

ამის გარდა, ამერიკაში გეოგრაფიული პრინციპით ყოველწლიურად რამდენიმე ჩემპიონატი ტარდება და ერთ-ერთი ასეთი უმაღლესი დონის ტურნირია წყნარი ოკეანის თასი, რომელიც 2017 წლიდან პროფესიული გახდა, სახელს შეიცვლის და Elite Man Rugby League ერქმევა. შეიცვალა მისი გამართვის სისტემაც. Pacific Rugby Premiership-ში კალიფორნიის შტატის 5 და კოლორადოს შტატის 2 გუნდი გამოდიოდა, ხოლო ახალ ლიგაში 6 შტატის გუნდი იქნება გაერთიანებული. რასაც ეს სამი წელიწადია ვხედავ, ამერიკის შიდა ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად მაღლდება, ჩამოყავთ ლეგიონერები და უცხოელი მწვრთნელები და ვფიქრობ, ამ პირობებში ამერიკას სულ მალე ტოპ 14-ისა და ავივა პრემიერშიპის დონის ჩემპიონატი ექნება.

- ამერიკის პროფესიულ ლიგაში თქვენს გარდა სხვა ქართველები თუ არიან?

- ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქართველი ვარ, რომელსაც პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს. ამან დიდი სტიმული მომცა. ვეცდები, საკუთარი თავი, ჩემი ქვეყანა და ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და იმედია, მომავალში პროფესიულ კონტრაქტს სხვა ქართველებსაც გაუფორმებენ. ჩემს გუნდშია აკადემიელი თანაგუნდელი მერაბ მაჩიტიძე, ოღონდ ის მეორე გუნდში, მეორე დივიზიონში თამაშობს. 2009-2010 წლებში „გლენდეილ რეპტორსში“ იყო ჩემი მეგობარი რატი ნუცუბიძე, ძალიან კარგი მორაგბე, რომელიც ამჟამად ნიუ იორკის „ოლდ ბლუ რაგბი ქლაბში“ თამაშობს, ოღონდ არა პროფესიული კონტრაქტით.

- „გლენდეილ რეპტორსში“ სხვა ლეგიონერებიც, ან ცნობილი ამერიკელი მორაგბეები თუ არიან?

- ლეგიონერები მრავლად გვყავს - სამხრეთ აფრიკიდან, ახალი ზელანდიიდან, სამოადან, ავსტრალიიდან, ინგლისიდან. ასევე გუნდშია ამერიკის ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე. ერთ-ერთ მათგანს, მგეზავ ატა მალიფას საქართველოს წინააღმდეგაც უთამაშია.

- ივნისში აშშ-ის ნაკრებთან ტესტ-მატჩს საქართველო გამართავს...

- ჩემი თანაგუნდელები სანაკრებო თამაშებისთვის ფსიქოლოგიურად უკვე ემზადებიან. მათ კარგად იციან, რა ძალას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები და საერთოდაც, ქართულ რაგბიზე ბევრი რამ იციან. იმის გამო, რომ ძალისმიერი სტილით თამაშის მიმნდევარი ვარ, თანაგუნდელები ხუმრობით გორგოძეს მეძახიან.

- რამდენი თამაში ჩაატარეთ „გლენდეილ რეპტორსის“ მაისურით გასულ ორ სეზონში?

- პირველ გუნდს, რომელიც უმაღლეს დივიზიონში გამოდის, ამ ორი წლის განმავლობაში 24 თამაში ჰქონდა და 15 მათგანში მეც მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, ვეხმარებოდი მეორე გუნდსაც. აქ სხვადასხვა დივიზიონების თამაშები სხვადასხვა პერიოდებში ტარდება და ამის საშუალება მქონდა. მეორე დივიზიონში 8 თუ 9 ლელო მივითვალე და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 3 გარდასახვაც გავიტანე (იცინის).

- პროფესიული კონტრაქტი რა პერიოდით გააფორმეთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, პირობები ძალიან კარგია და არაა გამორიცხული, გუნდში სამომავლოდაც დავრჩე. თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია და თუ ევროპიდან საინტერესო წინადადებები მექნება, აუცილებლად განვიხილავ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:07 | 26.01.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე გუგა, იმედია სხვა ბიჭებიც ფეხს მოიკიდებენ ამერიკულ ლიგაში.

1.514207