20-წლამდელები

12:28 | 24.01.2017 | ნანახია 2135 - ჯერ

20-წლამდელები: საკონტროლო მატჩი "ჯიქთან"

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზამთრის შეკრებაზე მეორე საკონტროლო თამაში მოიგეს. 4 დღის წინ მათ პირველი ლიგის ლიდერი, რუსთავის "ხარები" დაამარცხეს (ლელოებით 3:2), ხოლო გუშინ დიდი 10-ის წარმომადგენელ გორის "ჯიქს" 5:1 სძლიეს.

გუნდი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო (თბილისი და ქუთაისი) მასპინძლობს. შესაბამისად, მწვრთნელებმა საკონტროლო მატჩები ტურნირის რეჟიმში, 4-დღიანი ინტერვალებით დანიშნეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ჯიქის" წინააღმდეგ მნიშვნელოვნად სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშეს და პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მძლავრობდნენ შერკინებასა და რაქებში, ბურთს აკონტროლებდნენ და სწრაფი შეტევებით შესვენებამდე 4 უპასუხო ლელო მიითვალეს. თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში 20-წლამდელებმა მეხუთე ლელო დადეს, რის შემდეგაც ინიციატივა "ჯიქის" მხარეს გადავიდა და მატჩის მიწურულს გორელებმა ერთი საპასუხო ლელო მიითვალეს.

"ჯიქთან" გამართულ მატჩზე და მზადების პროცესზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელ ზურა ამონაშვილი საუბრობს:

"პირველ თამაშში შანსი იმ მორაგბეებს მივეცით, რომლებიც ბრიტანულ ტურნეზე ვერ წავიყვანეთ და კომუნიკაციის მხრივ გარკვეული პრობლემები იყო. "ჯიქთან" განსხვავებული შემადგენლობა დავაყენეთ, მათ ერთად თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ და ეს ხარისხზეც აისახა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ყველა მორაგბე თანაბარ პირობებშია და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არავისთვისაა.

"გარდა ამისა, ვიდეოანალიზის შემდეგ, ბოლო ორი დღე იმ პრობლემების გამოსწორებას დავუთმეთ, რომლებიც "ხარებთან" თამაშმა დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, პრობლემებს ამ თამაშის შემდეგაც დავინახავთ და საკონტროლო მატჩების მიზანი სწორედ ისაა, რომ დასკვნით შეკრებამდე ისინი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

"ჯიქთან" ბურთის შენარჩუნება მოვახერხეთ - როდესაც ბურთი გაქვს, მეტოქეს წნეხში ამყოფებ. კარგად გამოვიყენეთ უპირატესობები და დავხვეწეთ დეტალები. ბიჭები ბევრად მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე წინა თამაშზე და კონკრეტული მორაგბეები კარგად ასრულებდნენ მათზე მიცემულ დავალებებს. დასკვნით ნახევარ საათში ჩვენი თამაში აირია. ვფიქრობ, ბიჭებმა გამარჯვების ნაადრევად ირწმუნეს და მოეშვნენ. ხვალინდელი დღე აღდგენას დაეთმობა, მწვრთნელებს ვიდეოანალიზი გველის და კონკრეტული ინფორმაცია ამის შემდეგ გვექნება.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამსაჯო კომიტეტს, რომელიც მზადების პროცესში დიდ დახმარებას გვიწევს. "ჯიქთან" თამაშის წინა დღეს მსაჯთან შეხვედრა გვქონდა, ნიკა ამაშუკელმა ნაყოფიერი სემინარი ჩაატარა და ამან შედეგი მოიტანა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დღეს პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ დავჯარიმდით, რაც კარგი მაჩვენებელია. მსაჯმა თანმიმდევრულად დაგვანახა ის, რაც თეორიულად ვიცოდით. ამ დეტალებს დიდი ყურადღება ეთმობა და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ჩვენი დახმარებისთვის.

ასევე მადლობა რუსთავის "ხარებს", გორის "ჯიქს" და თბილისის "ლელო-სარასენსს", რადგან ამ ეტაპზე ჩვენთვის თამაშები უმნიშვნელოვანესია და მათგან დიდი დახმარება მივიღეთ. იმასაც, რასაც ერთ თამაშში დაინახავ, ვერ შეამჩნევ თუნდაც 10-20 ვარჯიშში. მადლობა "შევარდენის" სანაკრებო ბაზის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სრულ კომფორტს გვიქმნიან, რათა მზადების მეტი სხვა საფიქრალი არ გვქონდეს".

დღეს 20-წლამდელებს აღდგენა ექნებათ, მწვრთნელები ვიდეოანალიზს გაივლიან და გუნდი მომდევნო თამაშისთვის მოემზადება, რომელსაც 27 იანვარს საქართველოს ჩემპიონ "ლელო-სარასენსთან" გამართავს. მატჩი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 16 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:58 | 24.01.2017
temuchin (431)

გაოცებას ვერ ვმალავ, ჯიქი როგორ დაჩაგრეს ასე? ამათ თუ ლელოც გააგორეს მერე უკვე ოოო, მართლა სერიოზულ ძალასთან გვექნება საქმე

14:01 | 24.01.2017
buratino (480)

გვეიმედებით ბიჭებო, მაისის ბოლოდან მოვდივარ თქვენს მხარდასაჭერად და მჯერა, თქვენს სიტყვას იტყვით 20 წლამდელთა მსოფლიოზე

14:01 | 24.01.2017
geogoli (367)

ჯიქი საბრძოლო შემადგენლობით იყო თუ იცით? ან ლელოები ვინ გაიტანა? ყველა ვარიანტში წარმატებები

13:44 | 24.01.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

13:00 | 24.01.2017
krasni (587)

ჯიქთან მოგება, თან ასეთი სხვაობით არაა სახუმარო საქმე. აბა თქვენ იცით, ზაფხულზე თავდაყირა უნდა დავაყენოთ ჯგუფი.

0.082604