საფრანგეთი პრო დ2

15:34 | 23.01.2017 | ნანახია 1948 - ჯერ

პრო დ2: წითელი და ორი ყვითელი

ვიდრე საფრანგეთის ტოპ-კლუბები ევროთასებზე იბრძოდნენ, ქვეყანაში მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა. ქართველმა ლეგიონერებმა მე-18 ტურში თავი ვერაფრით ისახელეს. უფრო მეტიც - ჩვენი ბიჭების პასივში ერთი წითელი და ორი ყვითელი ბარათი ჩაიწერა.

ტური „ბიარიცისა“ და „აჟენის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც სერიოზული ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც უკვე გიამბეთ, მასპინძელთა გოლიათმა მორკინალმა ჟან ბაპტისტ სინჟერმა „აჟენის“ ქართველი უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე კისერში შებოჭა, შემდეგ სახეში თავი ჩაარტყა, რაც თაზომ ვეღარ მოითმინა და ატყდა ერთი ამბავი. ფრანგს თანაგუნდელი გამოექომაგა, ხოლო თაზოს - თანამემამულე. გიორგი თეთრაშვილმა ჩხუბში ჩარეული გვარიანად მიბეგვა, რეფერიმ კი მთავარი მოჩხუბრები მინდვრიდან მიაბრძანა, თან წითელი ბარათით.

მჭედლიძე სასტარტოში იყო, ხოლო თეთრაშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. მატჩი „ბიარიცმა“ 20:17 მოიგო, ხოლო „აჟენი“ ამ მარცხის გამო მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

პირველზე კი „მონტობანია“, რომელმაც შალვა სუთიაშვილის „ანგულემი“ იოლად, 27:3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუ არ ჩავთვლით 32-ედან 42-ე წუთამდე მონაკვეთს, რომელიც სინბინში გაატარა.

ცხრილის მეორე საფეხურზე კვლავაც „ოიონა“ დგას, რომელმაც ორიაკში უმძიმესი მატჩი დიდი გაჭირვებით მოიგო - 26:24. „ორიაკი“მეტოქეს 24:9 ამარცხებდა, მაგრამ წნეხს ვერ გაუძლო და ბოლო წამებზე „ოიონამ“ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ზუსტი გარდასახვით კი საბოლოო წერტილი დასვა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ლევან დათუნაშვილი და მერაბ შარიქაძე იყვნენ. დათუნაშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მან 10 წუთი სინბინში გაატარა - რაქში წესების დარღვევისთვის. შარიქაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მეორე ტაიმი ირაკლი მირცხულავამ დაიწყო, ვინც 77-ეზე დააბრუნეს სათადარიგოთა სკამზე. „ორიაკი“ მე-6 ადგილზე დაეშვა.

მე-5 საფეხურზე კი „მონ-დე-მარსანი“ ავიდა, რომლის შემადგენლობაში 80 წუთი ბექა გორგაძემ ითამაშა. ამ გუნდმა გასვლით მატჩში „ალბი“ 30:25 დაამარცხა. მასპინძლებში პირველიდან 61-ე წუთამდე ბექა შეყლაშვილმა ირაგბა. „ალბი“ ვარდნას აგრძელებს და უკვე ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

„დაქსმა“ უიმედო აუტსაიდერ „ბურგუენს“ 30:22 მოუგი. გამარჯვებულ გუნდში 59-ე წუთზე ვეტერანი ელიზბარ ყუფარაძე გამოჩნდა, რომელიც ბოლომდე დარჩა მინდორზე.

მომდევნო, მე-19 ტური ხუთშაბათს, 26 იანვარს „ანგულემისა“ და „ბიარიცის“ მატჩით დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.146421