ჩელენჯ კაპი

13:00 | 23.01.2017 | ნანახია 3162 - ჯერ

3 ქართული ლელო ჩელენჯ კაპზე

არნახულად ნაყოფიერი გამოდგა ევროპის რაგბის ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური. რუსული „ენისეის“ მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ლელო მიითვალა, ხოლო ფრანგული „ბრივის“ ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა სულაც დუბლი შეასრულა.

სასიხარულო ისიცაა, რომ მეოთხედფინალში ქართველთა ოთხი კლუბი იბრძოლებს - სამი ფრანგული და ერთი უელსური. „ბრივმა“ მთელი ჯგუფური ეტაპი უმძლავრესად ჩაატარა და დასკვნით ტურშიც იმარჯვა - უელსური „ნიუპორტი“ 36:19 დაამარცხა. ფრანგულმა გუნდმა 5 ლელო დადო, რომელთაგან 2 სოსო ბეკოშვილის ანგარიშზეა, ვინც ზედიზედ მეორე სათასო მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. სოსომ მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მეორედ თავი 64-ე წუთზე გამოიჩინა. ამ ლელოდან 5 წუთში ქართველი პირველხაზელი შეცვალეს, თამაშის დასრულების შემდეგ კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სასტარტოში იყო შერკინების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძეც, რომელმაც 58-ე წუთამდე იბურთავა.

ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ შინ იტალიური „ტრევიზო“ 31:8 დაამარცხა და საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით პლეი-ოფში გავიდა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ ყოფილა. საუკეთესო 8 გუნდს შორის „სტად ფრანსეცაა“, რომელმაც ბოლო ტურში „ჰარლიქუინი“ დაამარცხა - 27:17. ზურაბ ჟვანია პარიზელთა სასტარტო მარცხენა ბურჯი იყო და 56-ე წუთზე გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო მისმა თანაამპლუელმა გიორგი მელიქიძემ „სტად ფრანსეს“ შერკინებაში ბოლო 10 წუთი ითამაშა.

უელსურმა „კარდიფ ბლუზმა“ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ინგლისური „ბრისტოლი“ 37:21 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. კარდიფელთა სასტარტო შემადგენლობის შერკინებაში ანტონ ფეიქრიშვილი იყო, ვინც მოედანზე 53 წუთი გაატარა, ხოლო ბროსტოლელებს შორის „ბორჯღალოსანი“ მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე გამოჩნდა, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს.

კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, „ბაიონი“ პლეი-ოფში ვერ გავიდა. ბოლო ტურში ამ გუნდმა ინგლისურ „გლოსტერთან“ დიდი ანგარიშით, 19:64 წააგო და მის შემადგენლობაში ბოლო 10 წუთი ვეტერანმა დავით ხინჩაგიშვილმა ითამაშა.

ასევე ინგლისში და ასევე დიდი ანგარიშით რუსული „ენისეიც“ დამარცხდა - ვუსტერში 14:57 წააგო. ჯაბა ბრეგვაძე ინგლისელთა განაცხადში ვერ ამოვიკითხეთ, ხოლო ციმბირელებს კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძემ ულიდერა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქართველი მესამეხაზელი კვლავაც საუკეთესო იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში და როცა „ვუსტერი“ 35:0 იგებდა, სტუმართა პირველი ლელო გაიტანა.

რაც შეეხება მეოთხედფინალურ წყვილებს, ფავორიტების დასახელება რთულია, მით უმეტეს, რომ საპლეიოფო მატჩებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი.

მეოთხედფინალი

30-31 მარტი, 1-2 აპრილი

ბათი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი)

ედინბურგი (შოტლანდია) - ლა როშელი (საფრანგეთი)

გლოსტერი (ინგლისი) - კარდიფ ბლუზი (უელსი)

ოსპრეიზი (უელსი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი)

ნახევარფინალი

სავარაუდო თარიღი: 21, 22, 23 აპრილი

I წყვილის გამარჯვებული - II წყვილის გამარჯვებული

III წყვილის გამარჯვებული - IV წყვილის გამარჯვებული

ფინალი

12 მაისი, 23:00

„მარიფილდი“, ედინბურგი, შოტლანდია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:49 | 23.01.2017
ogafa (407)

ყოჩაღ

15:48 | 23.01.2017
geogoli (367)

ბეკოშვილი და გაჩეჩილაძე იმსახურებენ ერთა თასზე ნაკრებში გამოძახებას. წარმატებები ჩვენს ბიჭებს

0.097527