ჩემპიონთა თასი

12:03 | 23.01.2017 | ნანახია 3486 - ჯერ

სამი „ქართული“ გუნდი ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში

მაშ ასე, ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში ქართველი ლეგიონერების სამი ფრანგული კლუბი ითამაშებს. საკმაო ალბათობა არსებობდა, რომ სამი კი არა, ოთხი ყოფილიყო, მაგრამ „მონპელიე“ სანუკვარ ოქტეტს ვერ შეწვდა.

ინგლისურ „ნორთჰემპტონთან“ მატჩში მონპელიელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი „ბორჯღალოსანი“ იყო - ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. ორივე 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვაჭი შალვა მამუკაშვილი თამაშში 75-ეზე ჩაერთო და ბოლო 5 წუთი ითამაშა. დუდუ ქუბრიაშვილი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია. ჰოდა, „მონპელიემ“, რაც მასზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი შეასრულა - 26:17 მოიგო, თანაც 4 ლელო დადო და ბონუსიც მიიღო. მაგრამ რეალურად ამ ფრანგული კლუბის ბედი ინგლისური „ლესტერის“ ხელში იყო, რომელმაც საკუთარ სტადიონზე არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია „მონპელიეს“ კონკურენტ „გლაზგო უორიორზს“ და უთავმოყვარეოდ გაანადგურებინა თავი - 0:43. ასე დარჩა ყველაზე „ქართული“ კლუბი მეოთხედფინალს გარეთ.

სამაგიეროდ, „ტულუზი“, „ტულონი“ და „კლერმონი“ პლეი-ოფში გავიდნენ, თანაც ეს უკანასკნელი - საუკეთესო მაჩვენებლებით. „ყვითელმა ჯარმა“ ბოლო ტურშიც, უმოტივაციო მატჩშიც იმარჯვა - ინგლისური „ექსეტერი“ 48:26 დაამარცხა. ქართველთაგან მხოლოდ დავით ზირაქაშვილმა ითამაშა, ისიც 54-ე წუთიდან.

„ტულონმა“ კი „სარასენსთან“ გასვლაზე 3:10 წააგო. თამაში უდაძაბულესი და კარგი საყურებელი გამოდგა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ შეუცვლელად ირაგბა, ხოლო ლევან ჩილაჩავა ტულონელთა შერკინების პირველ ხაზში საწყისი 53 წუთი იდგა.

ბოლო ტურში ითამაშა ვასილ კაკოვინმაც, ვისმა „ტულუზმაც“ შინ „კონახტი“ 19:10 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა თამაშში დასკვნითი 15 წუთი დაჰყო.

მოგეხსენებათ, სარაგბო ევროთასებზე პლეი-ოფში განთესვა ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით ხდება, ჰოდა, რეიტინგით საუკეთესო „კლერმონს“ მე-8 ნომერი „ტულონი“ დაეჯახა, თამაში კლერმონში გაიმართება. „ტულუზი“ კი, რომელსაც მე-7 სარეიტინგო ადგილი ჰქონდა, გასვლაზე მძლავრ ირლანდიურ „მანსტერს“ დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალი

31 მარტი

კლერმონი (საფრანგეთი) - ტულონი (საფრანგეთი)

ლენსტერი (ირლანდია) - უოსპსი (ინგლისი)

მანსტერი (ირლანდია) - ტულუზი (საფრანგეთი)

სარასენსი (ინგლისი) - გლაზგო უორიორზი (შოტლანდია)

ნახევარფინალი

სავარაუდო თარიღები: 21, 22, 23 აპრილი

I წყვილის გამარჯვებული - II წყვილის გამარჯვებული

III წყვილის გამარჯვებული - IV წყვილის გამარჯვებული

ფინალი

13 მაისი, 20:00

„მარიფილდი“, ედინბურგი, შოტლანდია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:17 | 23.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

20:02 | 23.01.2017
ogafa (407)

ყოჩაღ

0.208332