20-წლამდელები

12:54 | 20.01.2017 | ნანახია 2088 - ჯერ

20-წლამდელები: საკონტროლო მატჩი "ხარებთან"

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზამთრის შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს: დაძაბულ ბრძოლაში ლელოებით 3:2 დაამარცხეს პირველი ლიგის ლიდერი რუსთავის "ხარები".

შეხვედრა საწვრთნელი კი იყო, მაგრამ მოედანზე ისეთი უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა, თითქოს გუნდები ჩემპიონობისთვის რაგბობდნენ. ერთი კია, ჯარიმებსა და გარდასახვებს კარში არ ურტყამდნენ.

პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა, რომელიც 20-წლამდელთა უკანახაზელმა აკაკი ტაბუცაძემ ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. მეორე ტაიმის მეტმა წილმა "ხარების" იერიშებში ჩაიარა და მათ ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ დასკვნით 8 წუთში ინიციატივას ისევ "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაეუფლნენ და მათ კიდევ ორი ლელო დადეს.

“ზამთრის შეკრებაზე ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და შანსი შედარებით ახალგაზრდებს მივეცით; და კიდევ რამდენიმე ისეთ მოთამაშეს, რომელთაც ტრავმები ახალი მოშუშებული აქვთ. მოედანზე 12 ისეთი ბიჭი გავიდა, რომლებიც ბრიტანულ ტურნეზე არ გვყოლია. შეუთამაშებლობა იგრძნობოდა და შეცდომები დავუშვით, მაგრამ დადებითი მომენტებიც გვქონდა და მთლიანობაში ნანახით კმაყოფილი ვარ. ყველაზე კარგი ის იყო, რომ დასკვნით 8 წუთში 2 ლელო დავდეთ და წაგებული თამაში შემოვაბრუნეთ. ეს თავდაჯერებულობას შეგვძენს, რაც მნიშვნელოვანია.

საკონტროლო თამაშის მიზანია, შეცდომები დაინახო და მათ გამოსწორებაზე იმუშაო. დღეს და ხვალ ბიჭებს აღდგენითი პროცედურები ელით, მწვრთნელები ვიდეოანალიზს გავივლით და ამ თამაშზე უფრო მეტი გვეცოდინება. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო დისციპლინაზე, რადგან ხშირად ვჯარიმდებოდით. ნიკა ამაშუკელს ვესაუბრე. მსაჯები სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან, რაც ჯარიმებს შეგვამცირებინებს.

როგორც ველოდი, შერკინებაში პრობლემა გვქონდა. მეტოქედ "ხარები" იმიტომ შევარჩიეთ, რომ მას ტრადიციულად ძლიერი შერკინება ჰყავს. ვდომინირებდით დერეფანში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რუსთავის გუნდს. მას ბრიტანეთში გამგზავრებამდეც ვეთამაშეთ. ის ყოველთვის მზადაა სპარინგზე. დღეს "ხარებმა" ძლიერად ითამაშეს შერკინებითაც და ხაზითაც, ანუ დაგვიპირისპირეს ის თამაში, რაც გვჭირდებოდა" - შეაფასა განვლილი მატჩი "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

ზამთრის შეკრების დასრულებამდე გუნდს კიდევ ორი თამაში ექნება: 23 იანვარს ესპარინგება გორის "ჯიქს", ხოლო 27 იანვარს - საქართველოს ბოლო ოთხი წლის ჩემპიონს, თბილისის "ლელო სარასენსს". ორივე შეხვედრა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და 16 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:26 | 20.01.2017
krasni (587)

შეხვედრიდან 24 საათი გავიდა და ეს სტატია საკმარისია?

15:36 | 20.01.2017
geogoli (367)

აი სულ უკმაყოფილო ვრჩები სარაგბო სტატიებით. წარმოიდგინეთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში რომ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და გამართოს საკონტროლო შეხვედრა რომელიმე ქართულ გუნდთან. ალბათ მინიმუმ 10 სპორტული ჟურნალისტი დაესწრება და დეტალურად გააშუქებს.
აქ კი შემადგენლობები, ლელოების ავტორები, თამაშის ანალიზი არ წერია. ეს სტატიაც რაგბის კავშირის სტატიიდან არის აღებული. ხო შეიძლება ამხელა გამოცემა რო ხარ მიავლინო ერთი ჟურნალისტი და დაწეროს რა იხილა საკუთარი თვალით.

16:24 | 20.01.2017
zangura (109)

100%

0.077545