საფრანგეთი პრო დ2

11:44 | 20.01.2017 | ნანახია 3512 - ჯერ

მჭედლიძე ჩხუბისთვის გააწითლეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ „ბიარიცის“ მეორეხაზელ ჟან ბაპტისტ სინჟერთან იჩხუბა. რეფერიმ გვერდით მსაჯთან კონსულტაცია გაიარა და მოჩხუბრები წითელი ბარათით დასაჯა.

ინციდენტი პრო დ2-ის მე-18 ტურში მოხდა. თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენი“ „ბიარიცს“ ეწვია და მეორე ტაიმის დასაწყისში უიმედოდ, 3:20 აგებდა, თუმცა სტუმრებმა 52-ე და უკანასკნელ წუთებზე ორი საპასუხო ლელო დადეს, 17:20 დამარცხდნენ და ერთი პრემიალური ქულა მაინც მიითვალეს.

მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეტევაში აქტიურობდა. 67-ე წუთზე ის და სინჟერი წაკინკლავდნენ, ფრანგმა სიტუაციის გართულება გადაწყვიტა და თაზოს სახეში თავი ჩაარტყა, რაზეც იმავე წამს პასუხად მუშტი მიიღო. ჩხუბი ხანმოკლე აღმოჩნდა და მასში „ბიარიცის“ რამდენიმე მორაგბეც ჩაერთო, თუმცა მსაჯებმა მხოლოდ ჩხუბის დამწყებების დასჯა გადაწყვიტეს და ორივეს წითელი ბარათი აუფრიალეს. შედეგად, მჭედლიძეს ერთი თამაშის გამოტოვება ავტომატურად მოუწევს და დანარჩენს კი დისციპლინარები მომავალ კვირაში გადაწყვეტენ.

„აჟენის“ შემადგენლობაში 46-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა. ბოლო წუთზე სტუმრებმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, რითაც ბონუს-ქულა აიღეს და მასში გიორგის წვლილი უდიდესია. ქართველების გუნდი 51 ქულით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა უახლოესი მდევრები - „ოიონა“ და „მონტობანი“ მე-18 ტურის თამაშებს შესაბამისად დღეს და 22 იანვარს გამართავენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10541