2016 წლის სანაკრებო სეზონის ესტაფეტას "ბორჯღალოსნები" შაბათს, 13 თებერვალს, პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩით გააგრძელებენ.
საქართველოს დროით 18:30 საათზე "ლობუში" ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გვიმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო ონლაინ-სტრიმი "რაგბი ევროპის" პორტალRugbyeurope.tv-ზე განხორციელდება.
ბორჯღალოსნები კვირას გაემგზავრნენ ლისაბონში, სადაც მათ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაემატნენ.
წარსული რკენები
აქამდე ბორჯღალოსნები და ‘ლობუშად’ (მგლები) ცნობილი პორტუგალიელები ერთმანეთს 19-ჯერ ერკინენ. ურთიერთ-შეხვედრების ბალანსი 13 მოგებით, 4 წაგებითა და 2 ფრით ჩვენს მხარესაა. ჯამური ანგარიშია 440:265 (ლელოებით 51/16). "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მეორე ტურის მეტოქესთან ბოლოს 11 წლის წინ დავმარცხდით. მას აქეთ შედგა 12 მატჩი - 10 მოგება და 2 ფრე, თანაც 2010 წლიდან მოყოლებული ლუზიტანებს ვაჯობეთ ზედიზედ 6-ჯერ.
რაზმი
მილთონ ჰეიგმა გერმანიასთან მოთელვის შემდეგ რაზმი გადაახალისა: 23 კაცში ხუთი მოთამაშეა, ვისაც სტარტზე არ უთამაშია.
სამი სიახლეა უკანა ხაზში: 15 ნომრად იწყებს ვეტერანი, საუკეთესო მექულე (667) მეკო კვირიკაშვილი; გარემარბად - თამაზ მჭედლიძე, შუამარბად კი - მერაბ შარიქაძე დაბრუნდა. სამივენი ბოლო წლებში ძირითადის უცვლელი წევრები იყვნენ.
მარჯვენა ბურჯად დაგვიბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, ვისაც მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა, შერკინების შემკვრელად კი მარქაფიდან დაწინაურდა ლაშა ლომიძე, ვინაც გერმანიას ორი ლელო დაუდო.
მეხუთე ‘ახალი’ - მხტომელი ვახტანგ მაისურაძეა, რომელიც ამჯერად რეზერვშია. სანაკრებო შტაბმა იქვე გადასვა გერმანიასთან სამი დამწყებიც, ზოგადი შთაბეჭდილება კი ისაა, რომ ლობუშთან, როგორც უფრო ძლიერ მეტოქესთან, უკეთესი გუნდი გაგვყავს.
ამ მატჩში ‘მრგვალ’ კეპს არავინ იხვეჭს, ისე კი გერმანიასთან დავით კაჭარავა დაეწია ‘მეკოს’ (88) და გიორგი ჩხაიძეც (87) კვალში უდგას ლიდერებს.
„გვიხარია, რომ რამდენიმე მორაგბემ მოიშუშა ტრავმა და მონაწილეობას მიიღებს ამ მნიშვნელოვან მატჩში. ჩვენი უკანა ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის შემდეგ მათ თამაშს. ასევე სასიხარულოა, რომ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაგვემატნენ – ისინი პორტუგალიასთან გუნდურ თამაშს მნიშვნელოვან წვლილს შემატებენ.
„პორტუგალია ტრადიციულად უხერხული და რთული მეტოქეა, განსაკუთრებით – ლისაბონში. აქედან გამომდინარე, გერმანიის თამაშზე დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით – დაცვაში“ - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016 * პორტუგალია * შაბ 13/02 ლისაბონი, უნივერსიტეტი @ 18.30 საქ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ2] | 1983 | 88 | 12ლ 113გ 124ჯ 3ა [667 ქ] 4სბ |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 35 | 4ლ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 88 | 17ლ [4 კაპ] სბ |
12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 40 | 7ლ [1 კაპ] |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 51 | 5ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 40 | 6ლ 4გ [33 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ დ 10] | 1996 | 11 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 33 | 2ლ სბ |
2 | შალვა მამუკაშვილი | გლაზგო [შტლ პრო 12] | 1990 | 36 | 3ლ |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1986 | 40 | 2ლ წბ სბ |
4 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ1] | 1981 | 87 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 55 | 10ლ 3სბ |
6 | შალვა სუთიაშვილი^კაპ | ანგულემ [სფრ ფედ1] | 1984 | 53 | 2ლ [8 კაპ] 3სბ |
7 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 25 | 4ლ სბ |
8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 16 | 4ლ სბ |
მარქაფა [სათადარიგოები] | |||||
23 | გიორგი აფციაური | არმია [საქ დ 10] | 1994 | 15 | : |
22 | ლაშა მალაღურაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 63 | 4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 41 | 2სბ |
16 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 20 | 7ლ 2სბ |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 17 | ლ |
18 | ანტონ ფეიქრიშვილი | ბეიონ [სფრ პრო დ2] | 1987 | 17 | 2ლ სბ |
19 | ვახტანგ მაისურაძე | ალბი [სფრ პრო დ2] | 1987 | 24 | 2ლ |
20 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 3 | ლ სბ |
უფროსობა | |||||
მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] | |||
ლევან მაისაშვილი | მწვრთნელი | ||||
მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] | |||
ილია მაისურაძე | მწვრთნელი | ||||
ირაკლი ხუნდაძე | მენეჯერი |
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიახ, ეგ ვიცი ტულუზთან დაკავშირებით. ტულუზში რომ ისევ ათამაშდა, მაგას ვამბობ მეც. არადა ტულუზი ის გუნდია, მაგარი რომ არ იყოს, ამდენ ხანს ტრავმირებულს ქართველს კი არა, ევროპელს არ შეინახავდა.
კაკოვინი დღეს ტულუზის განაცხადშია, ისე ტოპ 14-ი რეგულარულად დაიწყო თამაში, აი ნაკრების რა მოგახსენოთ ვინმეს ახსოვს ბოლოს როდის ითამაშა?
კაკოვინზე ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია? იმედია ხინჩაგიშვილის ბედს არ გაიზიარებს
იმედია, მიაქცევს მელიტონა ყურადღებას.