ამბები

0:28 | 28.09.2014 | ნანახია 4297 - ჯერ

“როვიგომ” კლასით გვაჯობა, წინ მთელი წელიწადია

ქართული სარაგბო კლუბის დებიუტი ევროტურნირებზე ისეთი ვერ გამოდგა, როგორიც გვსურდა. იტალიაში “როვიგოსთან” 18:22 შემთხვევით წაგებული თამაშის შემდეგ, განმეორებით შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და კვლავ ჩვენი შეცდომების შედეგად, მეტოქემ თბილისში 24:21 იმარჯვა.

ნამატჩევს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გუნდების მწვრთნელებმა, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ უშუალოდ შეხვედრის გარდა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:

ლევან მაისაშვილი (“თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი): “იმაზე უარესად ვითამაშეთ, ვიდრე იტალიაში. ბევრი შეცდომა დავუშვით, დავთმეთ სტატიკური სიტუაციების უმეტესობა, მატჩის დებიუტშივე დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, მეტოქე ვერ მოვაქციეთ წნეხში, ვითამაშეთ არაორგანიზებული დაცვა და ამას არავინ გვაპატიებდა. “როვიგო” ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია და მათი გამარჯვება დისციპლინირებულმა თამაშმა განაპირობა. მეტოქემ კლასით გვაჯობა, თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა და საწყენია ასე რომ არ მოხდა. წელს გვქონდა დებიუტი ევროთასებზე, როგორც პირადად მე, ასევე მოთამაშეებს და გამოუცდელობამაც იჩინა თავი.

ჩვენი უპირატესობა მხოლოდ ძალისმიერი თამაში არაა. იტალიაში ორივე ლელო გაშლილი და სწრაფი თამაშის შედეგად გავიტანეთ. პირველ ტაიმშიც გვქონდა რამდენიმე შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხან პასი არ გაკეთდა, ხან ბურთი დაგვივარდა. მხოლოდ ძალისმიერი რაგბით წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუმცა, აქაც გვქონდა უპირატესობა და მეორე ტაიმის მთელი 15 წუთი მეტოქის ნახევარზე გავატარეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ”.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა და უფრო მაღალი კლასის გუნდმა გაიმარჯვა. ვერ ვიტყვი, რომ იტალიელებმა რაიმე განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს. “როვიგო” უფრო დისციპლინირებული აღმოჩნდა და ამით გვაჯობა, თუმცა, ამ პირობებშიც შეიძლებოდა გამარჯვების მოპოვება. ამ გამოცდილებამ წესით სერიოზული ბიძგი უნდა მოგვცეს. დავინახეთ, რომ ნაკრების კანდიდატები ბევრად აღემატებიან დანარჩენ მორაგბეებს, როგორც ფიზიკური, ასევე სხვა მომზადებით. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებმა და ამ მიმართულებით იმუშაონ.

მაქსიმალისტები ვართ და ორი კვირის შეკრებილი გუნდით გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ “როვიგოს” ბიუჯეტი ჩვენი უმაღლესილიგის ათივე გუნდის ბიუჯეტზე უფრო მეტია, რაგბიში კი, ფინანსები ბევრ რამეს წყვეტს. ბიჭებმა თამაშში ყველაფერი ჩადეს, მაგრამ გამოუცდელობამ მათ იმ უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა, რომლებიც მრავლად ჰქონდათ.  საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას კონცენტრაცია გაგვიჭირდა. ვნახეთ, რომ იტალიურ კლუბებს სულ ცოტათი ჩამოვრჩებით და ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. 1 წელი გვაქვს მოსამზადებლად და შესაძლოა, გაისად კვლავ ამ გუნდთან მოგვიწიოს თამაში. კარგად უნდა გავაანალიზოთ მიზეზები, თუ რატომ წავაგეთ დღეს და ბევრად მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა 1 წლის შემდეგ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. მწამს, ჩვენ შევძლებთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.

სამწუხაროდ, გადინება დიდია. დავითვალეთ და ისეთი მნიშვნელოვანი პოზიციიდან, როგორიც პირველი ხაზია, დაახლოებით 30 მორაგბეა წასული საზღვარგარეთ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რათა ეს შევაჩეროთ. ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი არ შეიცვლება, რადგან ის სხვა ტურნირების გათვალისწინებითაც გაკეთდა და ამ პაუზებს ახალგაზრდული ნაკრებები ისე გამოიყენებენ, რომ კლუბები არ დაზარალდნენ. სავარაუდოდ, მომავალი წლის კალენდარიც ასეთი იქნება. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, რომლებმაც ლამის შეძლეს წაგებული თამაშის შემოტრიალება. დიდი მოგებები სწორედ ასეთი მწარე წაგებების შედეგად მოდის”.

ანდრეა დე როსი (“როვიგოს” მთავარი მწვრთნელი): “ქართული რაგბი განვითარების მომენტშია და უფრო მაღალ დონეზე თამაშს როგორც ნაკრები, ასევე კლუბები იმსახურებენ. რეიტინგში იტალია და საქართველო ერთმანეთის მეზობლადაა და სხვაობა 1 ქულაც კი არაა. ამდენი ხალხის წინაშე თამაში ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ვეთამაშეთ საკმაოდ ძლიერ გუნდს, მინდა შევაქო ქართველები და ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს. ზოგიერთ მათგანს თბილისის თასზე ჰქონდა ნათამაშები ქართველების წინააღმდეგ და კარგად ესმოდათ რას ნიშნავს თბილისში თამაში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ. ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო ვინ მოიგებდა და “კავკასიელები” დი პატივისცემას იმსახურებენ.

ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იყო ჩვენი პროგრამა მაქსიმუმიც და მინიმუმიც. მის დაძლევაზე ვერც ვიოცნებებთ, რადგან “კარდიფი”, “ლონდონ აირიში” და “გრენობლი” კვირაში ხარჯავს იმ თანხას, რაც ჩვენი წლიური ბიუჯეტია. ვფიქრობ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საჭირო და საინტერესოა მესამე დონის ტურნირის დაარსება, რათა თქვენ დარ გუნდებს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. პირადად ჩემთვისაც საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კულტურასთან ზიარება”.   


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105649