საფრანგეთი პრო დ2

22:38 | 18.01.2017 | ნანახია 6108 - ჯერ

გიორგი თეთრაშვილი: „უფრო მეტი მსურს!“

გიორგი თეთრაშვილი ახალგაზრდა, 23 წლის მორაგბეა, რომელიც საფრანგეთის პრო დ2-ში მოასპარეზე „აჟენის“ ღირსებას იცავს. სხვათა შორის, „აჟენი“ ამ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ქართული გუნდია: თეთრაშვილის გარდა აქ არიან თამაზ მჭედლიძე, ვახტანგ ახობაძე და გიორგი მარგველანი. დღეს „აჟენი“ მორიგ მატჩს გამართავს - „ბიარიცს“ სტუმრად შეერკინება. გასულ ტურში კი აჟენელებმა საკუთარ მოედანზე „მონ-დე-მარსანი“ 29:15 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის თავში მოექცნენ. თეთრაშვილმა იმ დღეს სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე 58 წუთი გაატარა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი თეთრაშვილმა მე-8 მატჩი ჩაატარა, ორჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და ორივე შემთხვევაში ეს „მონ-დე-მარსანთან“ შეხვედრებში მოხდა. გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ბურჯთან, რომელიც ფრანგულმა ვებრესურსმა „La Depeche“ სწორედ გასული ტურის მატჩის გახსენებით დაიწყო.

„- „მონ-დე-მარსანთან“ შეხვედრაში საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩებოდით...

- წარმატებული თამაში იყო. სასტარტოში ვიყავი, რაც ამ სეზონში იშვიათად ხდება. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ!

- ...თანაც „მონ-დე-მარსანთან“ პირველ წრეში სასტარტოში უკვე იყავით და მაშინ ძალიან გაგიჭირდათ...

- ის მატჩი რთული იყო, შერკინებაში არნახულად გაგვიჭირდა („აჟენმა“ პირველი წრის მატჩი გასვლაზე 23:21 მოიგო, ხოლო თავად თეთრაშვილმა არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ს.გ.). იმ შეხვედრის შემდეგ 4 კვირა გამიცდა. ის თამაში კარგად მახსოვდა, ისიც მახსოვდა, თუ რა ძვირად დამიჯდა, ამიტომ რევანში აუცილებლად უნდა ამეღო.

- რა შეიცვალა ამ მატჩებს შორის მოქცეულ პერიოდში?

- არ ვიცი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავდაუზოგავად ვშრომობდი. შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. ვვარჯიშობდი. ეს არ იყო იოლი, მოტივაცია დაკარგული მქონდა, მაგრამ კონტრაქტი მაიძულებდა, ფარ-ხმალი არ დამეყარა. ყოველ შემთხვევაში, ამ ჯერზე გამომივიდა და ბედნიერი ვარ!

- როგორ გადაგაქვთ რთული პერიოდები?

- გამიმართლა, რომ აქ მყავს „ვარო“ (ვახტანგ ახობაძე), თამაზი (მჭედლიძე) და მეორე გიორგი (მარგველანი ესპუარებში თამაშობს), ჩვენ მეგობრები ვართ. ვარჯიშების შემდეგ ერთად ვართ ხოლმე. პირადად მე, როცა მიჭირს, საკუთარ თავს ვეუბნები: „ეს ჩემი ბრალია“. ასე უფრო მეტს ვმუშაობ, უფრო მეტს ვფიქრობ, თუ რა უნდა ვაკეთო.

- ახლა რას ელით?

- საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება მსურს, რადგან სწორედ ესაა, რაც დავკარგე! მაგრამ არ გავმტყდარვარ. თამაში მჭირდება, რათა შესაძლებლობები გამოვავლინო.

- გუნდში როტაციის წესი მოქმედებს, განსაკუთრებით ამ სეზონში, როცა თავი ძლიერმა პირველხაზელებმა მოიყარეთ...

- ვიცი, რომ როტაციაა, მაგრამ მე სხვებზე ნაკლები მაქვს ნათამაშები. მეტი მსურს! ლეგიტიმური სურვილია, ხო მეთანხმებით?!

- კი ბატონო. ეს ის საკითხია, რომელსაც მაურისიო რეგიარდოსთან („აჟენის“ მწვრთნელი - ს.გ.) განიხილავთ?

- ყველაფერი გუნდის შიგნით განიხილება, მაგრამ მთავარი სათქმელი სათამაშო მოედანზე უნდა თქვა. ახლა ცოტათი კანტენ ბეტუნის ტრავმამ შეუწყო ხელი ჩემს გამოსვლას. მანამდე, „ორიაკთან“ სხვა პირველი ხაზი იდგა, რომელიც მრავალჯერ დაჯარიმდა და ამან მომცა შანსი, „მონ-დე-მარსანთან“ მეთამაშა.

- ამ სეზონში „აჟენის“ შერკინებას ახლებურ სტილთან ადაპტირება უწევს...

- მთლად ადაპტირებასაც ვერ დავარქმევდი, თუმცა დეტალები მართლაც შეიცვალა. ერთად ვამუშავებთ ახალ სტილს. მაურისიო რეგიარდო ჩვენგან მაქსიმალურად დაბალ დგომს ითხოვს, ძალზე მჭიდროდ ვდგავართ. რვა მოთამაშე ერთ მუშტად ვიქცევით.

- თქვენნაირი ქართველი შერკინების ასეთ, მჭიდრო სტილს ალღოს იოლად აუღებს. ალნათ, მორკინალთა ჯახში თავს როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობთ...

- (გაიღიმა და სახე გაუნათდა) რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გარჯას შედეგი მოაქვს. ეს კარგია გუნდისთვის, თავდაჯერების კუთხით პირადად ჩემთვისაც, ცხადია. თუმცა, მე უფრო მეტი მინდა!

- რა მომავალი გელით „აჟენში“?

- ამ მომენტისთვის კლუბის უფროსობასთან საუბარი არ მქონია. ვცდილობ, საკუთარ თავს ბევრი კითხვა არ დავუსვა და საქმე ვაკეთო. მაგრამ ამაზე ფიქრი დროდადრო მაინც მაწუხებს. მით უმეტეს, რომ ახლა არანაირი კონტაქტები არ მაქვს „აჟენს“ მიღმა...

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ „აჟენის“ მარცხენა ბურჯ კანტენ ბეტუნს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, ისევე, როგორც მის თანაამპლუელ მორგან ფელიპონოს, რომელიც ჯერჯერობით „ვანის“ ღირსებას იცავს. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იქნება „აჟენის“ მესამე მარცხენა ბურჯი მომავალ სეზონში: გიორგი თეთრაშვილი, ვინც კლუბის შეფებს ჯერ არ დალაპარაკებია, თუ არსენ ნ’ნომო? ეს უკანასკნელი 36 წლისაა და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ ალბათ ბოლო სეზონს ატარებს პროფესიულ რაგბში, ყოველ შემთხვევაში „აჟენის“ მაისურით. ანუ, თეთრაშვილს მესამე ადგილის დაკავებაღა დარჩენია. ბიარიცშივე? ასე რომ ყოფილიყო, ეს გარკვეულ პიკანტურობას შესძენდა დღევანდელ თამაშს“.

„მსოფლიო რაგბი“ იმასღა დაამატებს, რომ დღეს, 23:45-ზე ბიარიცში ლიგის ლიდერ „აჟენის“ მარცხენა ბურჯად თამაშს არსენ ნ’ნომო დაიწყებს, ხოლო გიორგი თეთრაშვილი სათადარიგოთა შორის თავის შანსს დაელოდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:02 | 20.01.2017
zangura (109)

კარგი იქნება თუ ახალგაზრდა მორაგბეებს თქვენც ჩამოართმევთ ინტერვიუებს და გამოაქვეყნებთ.
სხვას რო არ ელოდოთ.
მემგონი 21-ე საუკუნეში მაგის პრობლემა არ უნდა იყოს...

0.081192