20-წლამდელები

18:18 | 18.01.2017 | ნანახია 2712 - ჯერ

20-წლამდელები: ზამთრის შეკრება და თამაშები ქართულ კლუბებთან

უმცროსი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ. ნაკრები 16 იანვარს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შევიდა წლის პირველ, ზამთრის შეკრებაზე, რომელიც 27 იანვარს დასრულდება. ამ პერიოდში ბიჭები სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ ქართულ კლუბებთან.

თამაშები "შევარდენზე" გაიმართება. პირველ მატჩში 20-წლამდელების მეტოქე პირველი ლიგის ლიდერი, რუსთავის "ხარები" იქნება. შეხვედრა 19 იანვარს 12:30 საათზე დაიწყება. 23 იანვარს "უმცროსი ბორჯღალოსნები" დიდი 10-ის მონაწილეს, გორის "ჯიქს", ხოლო 27 იანვარს - საქართველოს ჩემპიონ "ლელო სარასენსს" შეხვდებიან. ორივე თამაში 16 საათზე იწყება.

"როდესაც მთელი წლის მოსამზადებელი პროგრამა გავწერეთ, იქ სამი ისეთი შეკრება დავგეგმეთ, რომლის დროსაც ტურნირის რეჟიმში, ანუ ყოველ მეოთხე დღეს, სამ-სამ თამაშს ჩავატარებდით. პირველი შეკრება ნოემბერში მოვაწყვეთ: ჯერ რუსთავის "ხარებს" ვეთამაშეთ, მერე კი ბრიტანულ ტურნეზე გავემგზავრეთ; მეორე შეკრების დასრულებამდე სამი თამაში გვექნება ქართულ კლუბებთან, ხოლო გაზაფხულზე სამხრეთაფრიკელ მეტოქეს, "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს შევხდებით".

"ბრიტანეთის ტურნეს შემდეგ რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ და გვსურს, ისინი საქმეში ვნახოთ. პირველ ორ თამაშში შანსს ის ბიჭებიც მიიღებენ, რომლებსაც წინა შეხვედრებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. მესამე მატჩს ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გავმართავთ, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო შემადგენლობა - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ბოლო მომენტამდე არავის ექნება გარანტირებული. ჩვენ მუდმივი ძიების პროცესში ვართ და საქმეში ყველას გამოვცდით. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა კონკურენციას გაზრდის და მაისისთვის საუკეთესოთა შერჩევაში დაგვეხმარება", - განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

"მეტოქეთა შერჩევისას ერთი, მთავარი კრიტერიუმით ვსარგებლობდით - გუნდი უნდა ყოფილიყო გაშლილი, სწრაფი რაგბის მიმდევარი, რადგან სწორედ ასეთ სტუმრებთან მოგვიწევს თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. ბიჭები მაქსიმალური ზეწოლის ფონზე უნდა გამოიწრთონ, რათა მომავალ ტურნირს მომზადებულები შევხვდეთ", - ამატებს გუნდის მწვრთნელი ზურა ამონაშვილი.

მინუს ლეგიონერები და ტრავმირებულები

ამჟამად შეკრებაზე 43 მორაგბეა. მათგან 8 ტრავმირებულია. ამდენად, მწვრთნელებს საქმეში მხოლოდ 35-ის ნახვა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ტრავმირებულები ნაკრებთან ერთად ყოფილიყვნენ და ასე გაევლოთ რეაბილიტაციის კურსი. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ლეგიონერების ჩამოყვანა. ისინი "ბორჯღალოსნებს" მზადების დასკვნით ეტაპზეღა დაემატებიან.

ილია მაისურაძე: "ლეგიონერების მხრივ ბრიტანეთში უკეთესი სიტუაცია გვქონდა, რადგან სამი მათგანი გვახლდა. ახლა ამის საშუალება არ გვქონდა. ისინი კლუბებში აგრძელებენ მზადებას. გვინდა, რომ დასკვნით შეკრებაზე, რომელსაც მარტიდან დავიწყებთ, ყველა ჩვენთან იყოს. კლუბებთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება. შედეგი კლუბების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეების გამოძახება ოფიციალურად მხოლოდ ტურნირამდე ოთხი დღით ადრე შეიძლება".

მზადების ეტაპები და ბრიტანული ტურნე

წლის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენისთვის, რომელსაც საქართველო თბილისსა და ქუთაისში, 31 მაისიდან 18 ივნისამდე უმასპინძლებს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" სექტემბრიდან ემზადებიან. სელექციისა და რამდენიმე მოკლევადიანი შეკრების შემდეგ, ნაკრები ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრა და ჯერ "ოლსტერის" (ბელფასტი, ირლანდია) თანატოლთა გუნდი დაამარცხა, მერე კი შოტლანდიაც სძლია.

მზადების ეტაპებზე მაისურაძე მოგვითხრობს:

"2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების საწყის ეტაპზე რამდენიმე სასელექციო რაუნდი გავმართეთ. კანდიდატები მრავლად იყვნენ და რადგან მაქსიმალური შედეგის მიღება გვსურდა, მათ ვარჯიშებს ვაკვირდებოდით და ვიდეოანალიზსაც ვახდენდით. ამ პერიოდში შეირჩნენ ის ბიჭები, რომლებიც კარგად აპრობირებულ, "მენტალურ შეკრებაზე" წავიყვანეთ.

მერე გვქონდა ორი ხანმოკლე შეკრება, რომლის ფარგლებშიც "ხარებს" ვეთამაშეთ და ბრიტანულ ტურნეზე გავემგზავრეთ. თამაშებით კმაყოფილები დავრჩით, რადგან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი მივიღეთ და კოლექტიური თამაშიც ვაჩვენეთ. ტურნემ თავდაჯერება შეგვმატა. ბიჭებმა რეალური წნეხის ქვეშ მენტალური, ტაქტიკური და ტექნიკური შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოთამაშე ასეთ მძიმე პირობებში იზრდებიან ხოლმე. ასე რომ, ამ ორმა თამაშმა ბევრი რამ შეგვძინა.

ოლსტერის გუნდში რამდენიმე უფროსი მორაგბეც თამაშობდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მეტოქე მაინც დავჯაბნეთ შერკინებასა და მოლში. კარგად ითამაშა ხაზმაც. ამ მხრივ ბალანსი დაცული იყო. ძალიან საინტერესო გამოვიდა მეორე თამაში, რომლის დაწყებამდეც, რამდენიმე წუთით ადრეღა, მოთელვისას გვითხრეს, რომ შერკინებაში მიწოლა იკრძალებოდა და ამით ხელიდან უმძლავრესი იარაღი გამოგვაცალეს. თავიდან მათი ნათქვამი, რომ 19-წლამდელთა, "განვითარების გუნდს" ვხვდებოდით, ხუმრობა მეგონა, მაგრამ მერე მსაჯმაც დაგვიდასტურა, რომ “ცრუ შერკინების” წესი იმოქმედებდა.

ასე მგონია, რომ მათ ნახეს ჩვენი შერკინების ძალა "ოლსტერთან" და შეზღუდვები ამიტომ დაგვიწესეს. რეალურად, ჩვენც 19-წლამდელთა ნაკრებით ვიყავით ჩასულები. ჩემი აზრით, შემდეგში გამოჩნდება, რომ შოტლანდიელთა ამ გუნდის ბირთვი 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს.

გარდა ამისა, არ წაგვივიდა დერეფანში თამაში. რამდენიმე აუტი წავაგეთ. დერეფნის გადაწყობა მატჩის მსვლელობისას მოგვიხდა. აქაც ჩანდა, რომ მეტოქემ "ოლსტერთან" მატჩში ჩვენი დერეფანი გაშიფრა. ამ ფონზე ღია თამაში გაჩაღდა. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო. სასიხარულოა, რომ რამდენჯერმე მოვახერხეთ მეტობის შექმნა. სალელოვე შანსები უკეთ რომ გამოგვეყენებინა, უფრო დიდი სხვაობით მოვიგებდით".

ამონაშვილი აქცენტს იმ გამოცდილებაზე აკეთებს, რომელიც ბიჭებმა შეიძინეს:

"ბრიტანულ ტურნეზე ლეგიონერების გარდა კიდევ ორი ტრავმირებული მოთამაშე მოვისაკლისეთ - ლადო მიმინოშვილი ვარჯიშზე დაშავდა, ხოლო გიორგი კვესელაძე რეაბილიტაციას გადიოდა. ამ ფონზე შანსი სხვებმა მიიღეს და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება შეიძინეს, რაც ჩემპიონატზე აუცილებლად დაეხმარებათ. ისინი საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ და დაინახეს, რომ კარგად მომზადების პირობებში ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეუძლიათ".

გუნდის კიდევ ერთი მწვრთნელი, ლადო კილასონია ორ განსხვავებულ თამაშსა და მათგან მიღებულ სარგებელზე საუბრობს:

"ჩემზე "ოლსტერმა" უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. ირლანდიელები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ შერკინებაში ისე დავჩაგრეთ, რომ აღარაფერი გამოუვიდათ. შოტლანდიასთან შერკინებაში მიწოლის აკრძალვამ, ერთი მხრივ, კარგი სამსახური გაგვიწია. ისე გამოვიდა, რომ ბრიტანეთში ორი განსხვავებული თამაში გვქონდა: ერთი, რომელშიც ჩვენი შერკინების ძალაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, და მეორე, რომელშიც მიწოლის აკრძალვა არ გვესიამოვნა, მაგრამ შედეგად მივიღეთ გაშლილი რაგბი, რომელიც ასე გვჭირდებოდა. შოტლანდიას მაგარი გუნდი ჰყავდა და თამაშიც კარგად დაიწყო, მაგრამ ჩვენი დაცვა დაუდგა!

ჩვენებმა სწრაფ თამაშს ალღო აუღეს. ამაში "ოლსტერთან" შეხვედრაც დაგვეხმარა. მაგალითად, ირლანდიელები შეტევაში კარგად იყენებდნენ "უნებლიე ბლოკს", რომლითაც წესს არ არღვევ, მაგრამ მოწინააღმდეგეს კი აფერხებ და ფლანგზე სივრცეს ქმნი. ვიდეოგანხილვის შემდეგ ამაზე ვიმუშავეთ და შოტლანდიასთან თამაშში თავი უკეთ დავიცავით. ამ ტურნემ შეგვძინა ის, რასაც საქართველოში ვერ მივიღებდით - სწრაფი და გაშლილი სტილის გუნდებთან თამაშის პრაქტიკა".

მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინი

გაზაფხულის ხანგრძლივი შეკრების ფარგლებში "უმცროს ბორჯღალოსნებს" კიდევ სამი ფრიადი დონის თამაში ელით: გვეწვევა სამხრეთ აფრიკის უძველესი და ტიტულოვანი რეგიონის - ვესთერნ პროვინსის (დასავლეთი კონცხი, ქეიფთაუნი; ზერაგბულად - "სთორმერზი") აკადემიის გუნდი.

აფრიკელები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" 29 აპრილს, 3 და 6 მაისს საკონტროლო მატჩებს გამართავენ. მზადების პროცესში ჩართულნი არიან მსაჯებიც. დიდ შეკრებაზე მათი მუშაობა გააქტიურდება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეცდომები და უნებლიე ჯარიმები.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები არგენტინა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი არიან. ასაკობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტოქეთა სიძლიერის ზუსტად შეფასება ძნელია.

ილია მაისურაძე: "ვიცით, რომ წელს არგენტინას ძალიან კარგი გუნდი ეყოლება. ჯერ კიდევ შარშან, სამხრეთამერიკული ტურნეს დროს, ისინი ამბობდნენ, რომ აქცენტს 2017 წელზე გააკეთებდნენ და გუნდს ამისთვის მოამზადებდნენ. მართლაც, 2016 წლის მსოფლიოზე მათ მრავლად ჰყავდათ 18 წლის ბიჭები, რომლებმაც ინგლისში გამოცდილება შეიძინეს და წლეულს საქართველოში გვეწვევიან. შარშანდელზე ბევრად ძლიერი გუნდი უნდა ჰყავდეს საფრანგეთსაც, რადგან საკვანძო პოზიციებზე ამჯერად უკეთესი შემსრულებლები ეყოლება. ბოლო ხანს ფრანგები დიდ ყურადღებას უთმობენ აკადემიებს. მათ სრულად შეცვალეს სისტემა და ეს შედეგზეც უნდა აისახოს.

ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ მეტოქეებს დაბალანსებული, გუნდური თამაში დავუპირისპიროთ. წინა მსოფლიო ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ თანაბრად ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. ძალიან რთულია ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი თამაშის გამართვა. ყველას დიდი გამოცდა მოგველის, მაგრამ მზად ვართ. მწვრთნელები ვეცდებით, რომ რესურსი თანაბრად გადავანაწილოთ"

ზურა ამონაშვილი: "ჩვენი, მწვრთნელების მიზანია, მონდომებული და შრომისმოყვარე ბიჭებისგან მაქსიმალურად კარგი გუნდი შევკრათ და მსოფლიოზე საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრები დაგვანახებს".

ლადო კილასონია: "ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე პროგნოზს ვერ გააკეთებ - არავინ იცის, ვის როგორი თაობა ჰყავს. ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ 12 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოცაა. ეს ტურნირი უდიდესი გამოცდილების მომტანია და თუ განვითარება გვინდა, უძლიერესებში ყოველ წელს უნდა ვთამაშობდეთ. დროთა განმავლობაში წინ წავალთ და მერე უფრო მაღალი მიზნებიც გვექნება, დღესდღეობით კი ჩვენი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა".

უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი ზამთრის შეკრებაზე:

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენს), ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), სანდრო მამამთავრიშვილი (თიბისი), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), შოთა არეშიძე (აია), გიორგი ნუცუბიძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ელისაშვილი (არმაზი), თენგიზ გიგოლაშვილი (პოლონეთი), გელა მახარაშვილი (აკადემია).

ხაზი: გელა აფრასიძე (ლელო), ელგუჯა კიკვაძე (აია), ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თენგიზ პერანიძე (არმაზი), თედო აბჟანდაძე (აია), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო), სანდრო სვანიძე (არმაზი), გიორგი ნარიმანიძე (ხარები), დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (სამხრეთი აფრიკა), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ლუკა მარგიანი (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), გელა ფოლადაშვილი (ივერია), დავით თაბუკაშვილი (ხარები), სანდრო ფურცხვანიძე (ჯიქი), თორნიკე ახობაძე (ლელო), გიორგი კვესელაძე (არმაზი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე, მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი, მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ფიზიო: ირაკლი შაორშიძე, ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე, ვიდეოანალიტიკოსტო: სანდრო ჭეიშვილი, მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:40 | 19.01.2017
krasni (587)

საკონტროლო თამაშები ბევრის მომცემია. დღეს უნდა ყოფილიყო ხარებთან, საინტერესოა შემადგენლობა, რა ხდებოდა, მწვრთნელების აზრი.

0.093976