საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მე-17 ტური გაიმართა, რომლის შედეგებსაც სატურნირო ცხრილში სერიოზული კორექტივები მოყვა. ტურში ორი ქართული ლელო გავიდა და ორივე მესამეხაზელების ანგარიშზეა. თავი ლაშა ლომიძემ და ბექა გორგაძემ ისახელეს, არადა როგორც ლაშას „ბეზიე“ დამარცხდა, ისე ბექას „მონ-დე-მარსანიც“...
პირველ ადგილზე „აჟენი“ ავიდა, რომლის ღირსებასაც თამაზ მჭედლიძე, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე და გიორგი მარგველანი იცავენ. თაზო მჭედლიშვილმა თავის ყოფილ გუნდთან, „მონ-დე-მარსანთან“ 29:15 მოგებული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, შერკინების პირველ ხაზში თავიდანვე თეთრაშვილი იდგა, ვინც 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა მესამე ხაზში ბექა გორგაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი პირველი ფრანგული ლელოც მიითვალა. 52-ე წუთზე, როცა აჟენელები 29:3 ანადგურებდნენ სტუმრებს, ამ უკანასკნელთა შეტევა ლელოს ხაზთან შეაჩერეს, რაქიდან ბურთი გორგაძემ აიტაცა, გაზონზე გაწვა და ბურთი ხაზს იქით დაამიწა. საბოლოო ანგარიში - 29:15. „მონ-დე-მარსანი“ მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ცხრილის მეორე საფეხურზე „ოიონა“ აიწია, რომელმაც შინ, დათოვლილ მოედანზე „ბეზიე“ დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში გიორგი ვეფხვაძე კი იყო, მაგრამ არ ათამაშეს, ხოლო ბეზიელთა შორის ლაშა ლომიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუ არ ჩავთვლით 45-ედან 55-ე წუთამდე პერიოდს. 71-ეზე კი „ბორჯღალოსანმა“ სეზონში მე-2 და ფრანგულ კარიერაში მე-5 ლელო გაითანა: მისი გუნდის მოლმა მასპინძელთა დაცვა წალეკა და ლელოში კი მოლს ლომიძე და გუნდის კაპიტანი სიმონ შევჩენკო მოწყდნენ. ფრანგული რაგბის ლიგის გარდა ყველა, მათ შორის თავად შევჩენკო და ლომიძე, აღიარებენ, რომ ბურთი ქართველმა დაამიწა, მაგრამ ოფიციალურ ოქმში ლელო ჯერჯერობით უკრაინულგვარიანი ფრანგის ანგარიშზეა. იმედია, უზუსტობა LNR-შიც გამოსწორდება. „ოიონამ“ საბოლოოდ 34:23 მოიგო და ლიდერს კინკილა ქულით ჩამორჩება, ისევე, როგორც „მონტობანი“. რაც შეეხება „ბეზიეს“, ლომიძის გუნდი გასავარდნ, მე-15 ადგილზეა.
„ორიაკი“, რომლის შემადგენლობაში ოთხი ქართველი ირიცხება, „პერპინიანს“ სტუმრად ვერ გაუმკლავდა, 20:41 წააგო, მე-4 საფეხურზე დარჩა და მესამეადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩა. ორიაკელთა სასტარტოში ნიკოლოზ ხატიაშვილი და ლევან დათუნაშვილი იყვნენ. პირველი 53-ეზე შეცვალეს, ხოლო ვეტერანმა დათუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის დებიუტში ლელოს გაიტანასთან ძალზე ახლოს იყო.
გასულ ტურში საქმეში კიდევ ორი ქართველი ჩაება: „დაქსის“ პირველხაზელმა ელიზბარ ყუფარაძემ „კოლომიესთან“ 18:12 მოგებულ მატჩში დასკვნითი 24 წუთი ითამაშა, ხოლო მისა თანაამპლუელი ბექა შეყლაშვილი „ალბის“ სასტარტო 15-ეულში იყო და „ანგულემთან“ სტუმრად 17:26 წაგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი გაატარა მოედანზე.
პრო დ2-ის მომდევნო ტური ხუთშაბათს დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია