ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. მაგალითად, „მონპელიე“, სადაც 4 „ბორჯღალოსანი“ გამოდის, „ლენსტერთან“ უზარმაზარი სხვაობით დამარცხდა - 3:57, მეორე მხრივ კი, „კლერმონმა“ ევროპაშიც მოიგო და მეოთხედფინალში ვადაზე ადრე გავიდა...
მე-5 ტურამდე „მონპელიე“ ევროპის რაგბის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანი იყო, მაგრამ დასკვნით, მე-6 ტურს ამ კლასიფიკაციაში უცუდესი მაჩვენებლებით ხვდება. ცხადია, ევროპის სამგზის ჩემპიონი კლუბებს შორის, ირლანდიური „ლენსტერი“ საკუთარ მოედანზე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ 57:3?
ფრანგული კლუბის სასტარტო შემოადგენლობაში სამი ქართველი იყო: პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი იდგნენ, ხოლო მეორეში - კოტე მიქაუტაძე. შესვენების შემდეგ მიქაუტაძე და მამუკაშვილი აღარ გამოჩენილან, ნარიაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს და იმავდროულად მოუდანზე დუდუ ქუბრიაშვილიც გამოჩნდა, რომელიც იანი დუ პლესის ნაცვლად მარჯვენა ბურჯად დადგა, თუმცა 10 წუთში მწვრთნელმა სამხრეთაფრიკელი დააბრუნა და ქუბრიაშვილმა სკამზე გადაინაცვლა. ჰოდა, რამ განაპირობა მონპელიელთა ასეთი განადგურება? 27-ე წუთზე, როცა „ლენსტერი“ 14:3 იგებდა, რეფერიმ სტუმართა სამხრეთაფრიკელი მგეზავი ფრანსუა სტეინი წითელი ბარათით გააძევა, რადგან მან თავისი ირლანდიელი ვიზავი ჯონი სექსტონი კისერში შებოჭა და ლამის თავი წააცალა. ეს უკანასკნელი სამკურნალო გახდა, თუმცა, მალევე დაბრუნდა და „მონპელიეს“ რბევის საქმესაც უხელმძღვანელა... „ლენსტერმა“ პირველმა დაიბევა ჩემპიონთა თასის პლეი ოფში თამაშის უფლება.
ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ კი ბოლო წუთამდე იგებდა „უოსპსთან“ გასვლით მატჩს - 14:10. თუმცა, მე-80 წუთზე, ინგლისელთა ხანგრძლივი შეტევისას რეფერიმ სტუმრები დააჯარიმა და დენ რობსონმა ბურთიანად ლელოში შეფრენა მოასწრო - 15:14, ამას გარდასახვა მოყვა და - 17:14. კაკოვინი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.
ცნობილმა რეფერიმ ნაიჯელ ოუენსმა კი ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა. „ბორდოსა“ და „კლერმონის“ შეხვედრის მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როცა ოუენსმა ვიტოს ყვითელი ბარათი უჩვენა. 4 წუთით ადრე რეფერიმ „კლერმონის“ ფულბეკი ტოეავა უბურთო მეტოქის ბოჭვისთვის გაასინბინა და სულ მალე, როცა სტუმრებს ბორდოელთა კონტრშეტევა გამოეპარათ, ოუენსმა იგივე დარღვევისთვის მინდვრიდან ქართველი მესამეხაზე მიაბრძანა. სხვათა შორის, ტოეავასგან განსხვავებით, ვიტომ წესების ამ დარღვევით საკუთარი გუნდი გარდაუვალი ლელოსგან იხსნა, ამიტომ მატჩის შემდეგ მისთვის არავის უსაყვედურია. საბოლოოდ „კლერმონმა“ კამილ ლოპესის 3 ზუსტი დარტყმის ხარჯზე 9:6 მოიგო და „ლენსტერს“ შეუერთდა - ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ მეოთხედფინალისტობა მხოლოდ ამ ორ გუნდს აქვს განაღდებული. რაც შეეხება ქართველებს, კოლელიშვილის დარად, სასტარტოში ვეტერანი დავით ზირაქაშვილიც იყო და ორივე ჩვენებური შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მეოთხედფინალისტობის დაბევება „სარასენსსაც“ შეეძლო, მაგრამ „სკარლეტსმა“ არ დაანება - 12:12 ეთამაშა და ამ ჯგუფიდან გამსვლელის თუ გამსვლელების საკითხი ღია დატოვა. „სარასენსი“ 20 ქულით პირველზეა და ბოლო ტურში „ტულონს“ მასპინძლობს, რომელიც მას 5 ქულით ჩამორჩება. მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას ფრანგულმა კლუბმა „სეილ შარქსს“ უმასპინძლა და 27:12 მოუგო, თან დასკვნით 4 წუთში 2 ლელო დადო, რამაც ჯამური 4 ლელოთი ცხრილში ბონუს-ქულა მოუტანა. მამუკაც და ლევანიც მარქაფაში იყვნენ და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ. „ტულონს“ ბოლო ტურში „სარასენსთან“ გასვლა ელის და შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ქართველების გუნდმა მარცხის შემთხვევაშიც გააღწიოს პლეი-ოფში.
ჩელენჯ კაპზე გადავინაცვლოთ. რანგით მეორე საკლუბო ევროტურნირში კი მეოთხედფინალისტობა ჯერ არავის მოუპოვებია, თუმცა ქართველთა რამდენიმე კლუბი ძალიან ახლოსაა სანუკვარ მიზანთან.
ფრანგული „ბრივი“ სულაც ლიდერია თავის ჯგუფში. ეს გუნდი გასულ ტურში ინგლისურ „ვუსტერს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდა და ბოლო წუთზე რეალიზებული საჯარიმო დარტყმით 17:14 დაამარცხა. ვასილ ლობჟანიძე და სოსო ბეკოშვილი ბრიველთა სასტარტო განაცხადში იყვნენ და ღირსეულადაც გაისარჯნენ.
ფრანგულმა „ლა როშელმა“ თანამემამულე „ბაიონი“ სტუმრად 24:14 დაამარცხა და მეორეადგილოსანთა რეიტინგში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ბოლო ტურში რომც წააგოს, ალბათ მაინც გავა მეოთხედფინალში. გამარჯვებულთა შორის მეორე ტაიმში საკმაოდ სტაბილურად ითამაშა ქართველმა პირველხაზელმა ლექსო ყაულაშვილმა.
მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი „კარდიფ ბლუზს“ გაუჩნდა. ანტონ ფეიქრიშვილის უელსურმა კლუბმა საფრანგეთში „პო“ 22:21 დაამარცხა. ქართველი ბურჯი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.
მეოთხედფინალში გასვლის შანსს „სტად ფრანსეც“ ინარჩუნებს, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ პარიზელებს რუმინეთში არასარაგბო ამინდი დახვდათ, ტიმიშოარაში მინდორი აბსოლუტურად გაყინული იყო და ინგლისელმა რეფერიმ თამაშის გამართვაზე უარი თქვა. უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ როდის შედგება ეს მატჩი.
კრასნოიარსკის „ენისეი“ საკუთარ თავს ვერ გადაახტა და უელსში „ნიუპორტთან“ 10:34 დამარცხდა, არადა საკმაო ხანს თანაბრად ეთამაშა. კრასნოიარსკელებს პლეი-ოფში სასწაულიღა თუ გაიყვანს. რაც შეეხება „ენისეის“ ქართველებს, დავით კაჭარავა ტრავმირებულია და მკურნალობს, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძემ უელსელებს იმდენი პრობლემა შეუქმნა, იმდენი გარღვევა მოაწყო, ისე ეფექტურად ითამაშა, რომ კრასნოიარსკელთა სამწვრთნელო შტაბმა ქართველი მესამეხაზელი თავისი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს მეორედ მოხდა, პირველად კი მიშა საუკეთესოდ „ბრივთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ სხნეს. უელსში კი გაჩეჩილაძემ ჯამში 78 მეტრი ირბინა ბურთიანად, რაც საოცარი მაჩვენებელია მისი ამპლუისთვის, გარდა ამისა 19 ბოჭვა შეასრულა, რაც ასევე დიდოსტატური სტატისტიკის სფეროდანაა.
ბრისტოლში ადგილობრივი გუნდისა და მეორე ინგლისური კლუბის - „ბათის“ შეხვედრის საყურებლად სტადიონზე ტურში სარეკორდო აუდიტორია შეიკრიბა - 13 ათასზე მეტი მაყურებელი. „ბრისტოლმა“ კი წააგო და მომდევნო სტადიაზე მოხვედრის ბოლო შანსი დაკარგა - 22:57. მასპინძელთა შერკინების მეორე ხაზში 49-ე წუთიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნემსაძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია