2017 წლის ივნისში „ბორჯღალოსნები“ ტესტ-მატჩების გასამართად ამერიკის კონტინენტზე გაემგზავრებიან.
„მსოფლიო რაგბმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოკეანის გაღმა ქართველები ჯერ ჩრდილოეთს ეწვევიან და 10 ივნისს კანადის, ხოლო 17-ში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ითამაშებენ. ამის შემდეგ მილტონ ჰეიგის შეგირდები სამხრეთში გადაინაცვლებენ და პირველი დონის გუნდს - არგენტინას შეხვდებიან.
აქამდე „ბორჯღალოსნები“ ჩრდილოეთ ამერიკაში ორჯერ ყოფილან:
2009 წელს „ჩერჩილის თასზე“ ითამაშეს, ხოლო 2012-ში ტესტები გამართეს - ოთხივე მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (ორ-ორჯერ კანადასა და აშშ-ს).
2010 და 2013 წლებში კანადა და შტატები აქეთ გვეწვივნენ: სამი თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა (ორჯერ კანადასთან და ერთხელ შტატებთან), რუსთავში კი აშშ-მა იმარჯვა.
კანადას მეხუთედ 2015 წელს, ინგლისში, მსოფლიო თასის წინ, მოსათელ თამაშში შევხვდით და დავმარცხდით.
არგენტინა (იტალიის შემდეგ 2003 წელს, მსოფლიოს წინ) მეორე იყო პირველი დონის ქვეყნებიდან, ვისაც მსოფლიო თასისა და მის შესარჩევთა გარეშე ვეთამაშეთ - „პუმებს“ 2013 წელს ვესტუმრეთ. გარდა ამისა, მათ სამჯერ შევხვდით მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე (2007, 2011, 2015) და სამჯერვე დავმარცხდით. სამჯერ ვერაგბეთ არგენტინის ‘ა’ ნაკრებსაც, ოღონდაც ორჯერ მოვუგეთ.
ორი შანსი ახალგაზრდებისთვის
არის შანსი, რომ ტესტ-მატჩების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ ამერიკაში დარჩნენ და ორი, ამხანაგური თამაშიც გამართონ, ოღონდ „საქართველო XV“-ის აბრით. რაგბის კავშირებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა ჯერი „მსოფლიო რაგბზეა“. ეს ორი მატჩი საერთაშორისო ტესტ-სარკმლის მიღმა ხვდება და მათი ჩატარებისთვის ‘მსოფლიო რაგბის’ დამატებითი დასტური ამიტომაა საჭირო.
„არგენტინელებმა ოფიციალური ტესტ-მატჩის გარდა კიდევ ერთი თამაშის გამართვა შემოგვთავაზეს. საუბარია არგენტინის პირველობის ნაკრებისა და ჩვენი „ა“ ნაკრების შეხვედრაზე. გვაქვს კიდევ ერთი ვარიანტი - არგენტინის კვალად, ამავე „ა“ ნაკრებით ურუგვაისაც ვერაგბოთ. ვფიქრობთ, რომ ოფიციალური ტესტ-მატჩების შემდეგ 10-12 ლიდერი დაისვენებს, მათ ადგილებს კი ახალგაზრდები დაიკავებენ და ძლიერ გუნდებთან თამაშით გამოცდილებას შეიძენენ“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულებების ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ხურციძემ.
„ბორჯღალოსნების“ ამერიკული ტურნე 2017
10/06 საქართველო - კანადა
17/06 საქართველო - აშშ
24.06 საქართველო - არგენტინა
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ორი დამატებითი თამაში ძალიან კარგი იქნებოდა
გაიმარჯვონ კანადა-ამერიკაათან კარგი იქნება
კარგად უნდა მოემზადონ, კანადასთან და ამერიკასთან მარცხი მაგრად დაგვწევს უკან.
სათანადოდ უნდა განეწყონ და გაიმარჯვონ.
გეთანხმები, სრული მობილიზება და კარგი მომზადებაა საჭირო. წარსულიც ადასტურებს რომ გვიჭირს (იმედია, "გვიჭირდა"-ს ვიტყვით ტურნეს შემდეგ) ჩრდილო ამერიკაში თამაში. თუმცა ახლა, როცა თამასამ ასე აიწია, კანადა-ამერიკა უნდა დავამარცხოთ