ამბები

23:51 | 27.09.2014 | ნანახია 3874 - ჯერ

შეგვეძლო...

“თბილისის კავკასიელებს” “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. იტალიური “როვიგო დელტა” საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ნაკრებს ბევრი არაფრით სჯობდა, მაგრამ ქართველებმა მეტოქეზე მეტი შეცდომა დაუშვეს, საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს და ასეთ ფონზე საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

შეცდომები იყო პირველ მატჩში და უფრო მეტი განმეორებითში. განსაკუთრებით თვალში საცემია დერეფანში უზუსტო გარჯა, რის გამოც მხოლოდ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5-10 მეტრში ოთხჯერ წავაგეთ ჩვენივე მოწოდება და სალელოვე პლაცდარმის გამოყენება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ხშირი იყო ქართული რაგბისთვის ასე დამახასიათებელი ტექნიკური წუნი - ბურთის წინ ვარდნა. შეცდომები იყო გადაწყვეტილებების მიღებისას და სალელოვე შანსები ამის გამოც დაიკარგა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი მატჩის ჯამში “როვიგომ” ერთი გარდასახული ლელოთი გვაჯობა, თუნდაც ერთ-ერთი მომენტის გამოყენებით შეიძლებოდა თამაშის მინიმუმ დამატებით დროში გადაყვანა...

და მაინც, ორმატჩიანი დუელი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. ეს იყო ქართული საკლუბო რაგბის პირველი ნაბიჯი დიდ რაგბიში და შეცდომების დიდი წილი გამოუცდელობის შედეგია, რომელსაც ვერასდროს შეიძენ, თუ როდესმე პირველი ნაბიჯი არ გადადგი. გარკვეული როლი შეუთამაშებლობამაც ითამაშა და სავარაუდოდ, ეს პრობლემა მომავალშიც გვექნება, რადგან ევროტურნირებში საქართველოს სახელს შემდგომ წლებშიც კლუბების ნაკრები დაიცავს და არა რომელიმე კონკრეტული კლუბი. ეს გასაგებიცაა, რადგან ნებისმიერ ქართულ კლუბს, გნებავთ ფინანსურად და გნებავთ სუფთა სპორტულად, ამ ეტაპზე გაუჭირდება წარმატების მიღწევა. სამაგიეროდ, ეს გამოცდილება არსად დაიკარგება და უკვე მომავალი წლისთვის, გარკვეული პერიოდულობით შესაძლოა მოხერხდეს “კავკასიელებში” მოხვედრის კანდიდატთა შეკრება და მათი შეთამაშების მიზნით ვარჯიშების ჩატარება.

რაც მთავარია, ახლა უკვე ვიცით, რომ საქართველოს კლუბების ნაკრებს ტოლსწორად შეუძლია თამაში იტალიის ჩემპიონატის წამყვან გუნდებთან (ჩემპიონთან და ფინალისტთან) და წარმატების შანსი უცილობლად გვექნება. თავად შერჩეულმა ბიჭებმა და მწვრთნელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ “ჩელენჯ ქაფზე” წლების განმავლობაში მოთამაშე იტალიურ გუნდებს არაფრით ჩამოუვარდებიან და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც მათ, ასევე “თბილისის კავკასიელების” ამ ფორმაციის გუნდს მიღმა დარჩენილ მორაგბეებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ ითამაშობ “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფურ ეტაპზე და უშუალოდ ექნებათ შესაძლებლობა თავი მოაწონონ ისეთი გუნდების ხელმძღვანელობას, როგორებიც “კარდიფ ბლუზი”, “ლონდონ აირიში” და “გრენობლი” არიან.

“როვიგოსთან” განმეორებითი თამაშის სანახავად “მიხეილ მესხზე” 7 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა და “კავკასიელების” ქომაგობასთან ერთად, მათ არც სტუმრებისთვის პატივის მიგება დავიწყიათ, რაც მისასალმებელია. ეს არის რაგბის ქომაგობის კულტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ფაქტია, რომ ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისა და საკლუბო რაგბის ზრდასთან ერთად, იზრდება ქართული რაგბის გულშემატკივარიც, როგორც რაოდენობით, ასევე მენტალურად.

თამაშის დებიუტი ძალიან ცუდი იყო. იტალიელებმა პირველსავე წუთზე მიიღეს ჯარიმით ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ სტეფან ბასონის შორეული დარტყმა არაზუსტი იყო. ალბათ ნერვიულობის ბრალი უნდა იყოს, ლაშა ხმალაძემ 22-იდან ბურთის შეყვანა რომ ვერ შეძლო, “როვიგომაც” შერკინებიდან კარგად შეუტია, პირველ ჯერზე მარცხენა ფლანგზე ბილი ნგავინის გარღვევის შეჩერება 5 მეტრში მოხერხდა, იტალიელებმა მარჯვენა კიდიდან სცადეს ბედი, დაცვამ გადაწყობა რომ მოასწრო, ახლა მარცხნივ, კვლავ ბოლომდე ჩაათამაშეს ბურთი და ამჯერად ნგავინის შეჩერება ვერ მოხერხდა. ბასონის გარდასახვა გაუფუჭდა - 0:5.

“კავკასიელებმა” სტუმრებს 4 წუთში ღირსეულად უპასუხეს. ბურთის თამაშში შეყვანის შემდეგ ის ქართველებს დარჩათ, ხმალაძემ და გიორგი აფციაურმა 22-ის ხაზამდე მიაღწიეს, მერე უმეტესად მოკლე-მოკლე დარტყმებით და იშვიათად ხაზის ჩართვით დარჩენილი მანძილიც დაიფარა და 20-ფაზიანი შეტევა ბაჩანა გოგიშვილის ლელოთი დასრულდა, რომელმაც ჯამში ამ იერიშისას ოთხჯერ შეუტია. ბექა წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თბილისელები 7:5 დაწინაურდნენ, ორი მატჩის ჯამში კი, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს. სამწუხაროდ, ამ მომენტიდან მთელი საათის განმავლობაში, მასპინძლებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს, რაც უმთავრესად ზემოთნახსენები შეცდომების შედეგია.

მე-14 წუთზე ზვიად მაისურაძემ 22-ში მეტოქე კისერში შებოჭა და მსაჯმა დაგვინდო, მას ყვითელი ბარათი რომ არ აჩვენა. სტუმრებმა ლელოზე თამაში გადაწყვიტეს და ბურთი აუტში გაგზავნეს. ასევე მოიქცნენ ისინი მოლში ქართველთა დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ მეორე ჯერზე მოლში უკვე თავადვე დაჯარიმდნენ. მე-19 წუთზე პირველად დავთმეთ ჩვენი დერეფანი, მაგრამ ფორვარდებმა იყოჩაღეს, მეტოქეს უკან დაახევინეს, მერე ჯორჯო ბრონძინის ბურთი წინ დაუვარდა, მას წინ მდგომი იტალიელი წაეტანა და წიკლაურს ორი მატჩის ჯამში ქართველთა დაწინაურების შანსი გაუჩნდა, მაგრამ კარიდან მარცხნივ 45 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა.

ამ მომენტს მასპინძელთა შეცდომები მოყვა - ბურთი წინ ჯერ ირაკლი ყიასაშვილს, მერე წიკლაურს და ბოლოს ალექსანდრე თოდუას გადაუვარდა, შედეგად, “როვიგომ” შეტევის შანსი მიიღო, ჩვენს 22-ში დერეფნის მოგების შემდეგ, იტალიელებმა ჯერ მოლით შეგვიტიეს, მერე თამაში გაშალეს, მცველებმა ანდრეა დე მარკის გასეირნების საშუალება მისცეს, რომელმაც 22-ის ხაზიდან ხელშეუხებლად იარა, მიხეილ არჩუაშვილისა და გიორგი შკინინს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა, ხოლო ბასონიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:12.

ორ წუთში პასუხის გაცემის შანსი გაჩნდა, შკნინი ორ მბოჭავს დაუსხლტა და მარცხნივ ბადრი ალხაზაშვილს გადაცემას უკეთებდა, მაგრამ პასმა არ ივარგა - წინ თამაში. სამაგიეროდ, შერკინებამ მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი 5-მეტრა აუტში გაიგზავნა, მაგრამ ბოლო კაცზე აგდებამ არ იმუშავა. 31-ე წუთზე დავით გურგენაძე და მასიმიალიანო რავალე წაკინკლავდნენ და რეფერიმ ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. ორი წუთით ფეხით თამაში გაჩაღდა, ნერვებმა მაისურაძეს უმტყუნა, რომელსაც ბურთი დაუვარდა, შერკინებაში “კავკასიელები” დაჯარიმდნენ და ბასონიმ მარცხნივ 40 მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 7:15.

36-ე წუთზე ყიასაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთის ატანა სცადა, დე მარკიმ ის შუბური ბოჭვით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა, მაგრამ 14-მა ქართველმა 13 იტალიელი ვერ დასაჯა და ამის მიზეზი შეცდომები იყო. ჯერ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ალხაზიშვილი აუტის ბოლო კაცზე აგდებისას შეცდა, მერე თითქმის მოგებული ბურთი მეტოქის 22-ში ელგუჯა სურგულაძეს წინ გადაუვარდა, მერე კი ხმალაძემ თოდუა გარღვევაზე გაიყვანა და ის ლელოს 10 მეტრამდე მიუახლოვდა, ამას მოკლე დარტყმების მოყვა, თუმცა წინ პასის გამო ეს შანსიც დაიკარგა და ტაიმი 7:15 დასრულდა.

მეორე ტაიმის მთელი 15 წუთი თამაში “როვიგოს” ნახევარზე მიდიოდა, მაგრამ “კავკასიელებმა” ქულის აღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფციაურის კარგი გარღვევით დაიწყო, რასაც ჯერ ზედ კარის წინ მიძალებები მოყვა და მიზნამდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, მერე გიორგი ბეგაძემ ხაზზე გაიტანა ბურთი, პასი იდეალური არ იყო,მაგრამ წიკლაურს კიდევ უფრო მარჯვნივ რომ ეთამაშა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა, მან თავად გადაწყვიტა შეტევა და შებოჭეს. მერე მარჯვნიდან ყიასაშვილი გაძვრა და მიზნამდე მასაც სანტიმეტრები დააკლდა, უკვე ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე კი, ბურთი ჩაიხურა. შერკინებიდან შეტევას მორიგი დარტყმები მოყვა, თითქმის ლელოს ხაზიდან ბურთი ფლანგზე უნდა გაშლილიყო, სადაც მეტობა გვქონდა, მაგრამ ხმალაძის პასი აფციაურმა ვერ შეიმაგრა, მცველმა ბურთს ფეხით წაკრა და გადავრჩით კონტრშეტევაზე ლელო რომ არ მივიღეთ და ის აუტში გავიდა. ბოლოს იყო 5-მეტრა აუტი, ბურთის ბოლო კაცზე ცუდი აგდება და კიდევ ერთი დაკარგული შანსი.

უქულოდ გახარჯული ამხელა ენერგიის შემდეგ, ლოგიკური იყო იტალიელებმა ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა როგორც კი შეძლეს და ჯარიმის უფლება მიიღეს, ბასონმა 45 მეტრიდან კარში დარტყმა რომ გადაწყვიტა და არც შემცდარა - “როვიგო” 11 ქულით დაწინაურდა (7:18). მერე მას ცენტრიდან არეკნი გაუცუდდა, მალე კი, ქართველებმა ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ რეფერიმ ის სამართლიანად გააუქმა. წიკლაურმა ფეხით ითამაშა, მცველმა ბურთი ვერ აიღო და ბექამ კიდევ ფეხი წაკრა, ოვალი ვერც მეორე მცველმა დაიმორჩილა და წიკლაურმა ვარდნაში დამიწება სცადა, მაგრამ მანამდე ბურთი წინ გადავაურდა და “როვიგო” ასპროცენტიან ლელოს გადარჩა.

ამდენი ლოგიკური მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, 68-ე წუთზე ლელო ხმალაძის ინდივიდუალურ გარღვევას მოყვა. მან ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 45 მეტრში პასის იმიტირებით იტალიელთა მთელი დაცვა გააცურა, პირველ მბოჭავს რომ დაუსხლტა აჩქარდა, ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა, წიკლაურმა კი, გარდასახვით თამაშს ინტრიგა დაუბრუნა - 14:18. სამწუხაროდ, 72-ე წუთზე ყიასაშვილმა ფეხით ჩაკიდებული ბურთი რომ ვერ დაიმორჩილა და მერე მის წინ მდგომმა თოდუამ ითამაშა, ბასონმა კარის წინ 20 მეტრიდან სტუმართა უპირატესობა ამ თამაშში 7-ქულიანი გახადა.

მიზერული შანსი ჯერაც რჩებოდა და “კავკასიელებმა” ბოლო ძალებით შეუტიეს, მაგრამ იტალიელთა დაცვა ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე არც ამჯერად გატყდა. სამაგიეროდ, 79-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ხმალაძემ, რომელიც 22-ში, ზედ კარის წინ ოთხ მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. გარდასახვა მან თავადვე 2 ქულად აქცია, წონასწორობა აღადგინა და ბოლო შეტევაში ლელოს გატანის ქართულ კლუბს “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფში გასვლის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ 22-ში ბურთი წინ დაგვივარდა, რაქიდან ის ბასონს მიუვიდა, 27 მეტრიდან არეკნი ძელებსშუა გააძვრინა და “როვიგომ” 24:21 მოგებით ჯგუფისკენ გზა გაიკაფა.

 

2014/15 წლების “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპი

პლეი ოფი. განმეორებითი მატჩები. 27 სექტმბერი 

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 7 000 მაყურებელი

თბილისის კავკასიელები (საქართველო) - რაგბი როვიგო (იტალია) 21:24 (7:15)

თბილისის კავლასიელები: 15. ირაკლი ყიასაშვილი (22. თემურ სოხაძე 72), 14. ბექა წიკლაური (23. გიორგი ფრუიძე 74), 13. ალექსანდრე თოდუა, 12. გიორგი აფციაური, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 9. გიორგი ბეგაძე (21. გიორგი კაჭარავა 54); 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი (16. ირაკლი ჩომახაშვილი 52), 3. დავით გურგენაძე (18. გიორგი სანიკიძე 50), 4. ბექა ბიწაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი (19. გიორგი მჭედლიშვილი 41), 7. ელგუჯა სურგულაძე (20. ბაჩანა კოლელიშვილი 61), 8. ზვიად მაისურაძე (18. გიორგი სანიკიძე 33-40+3; 17. სანდრო ქოიავა 52).

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

3 ლელო: გოგიშვილი (8), ხმალაძე (67, 78)

3 გარდასახვა: წიკლაური (9, 68), ხმალაძე (79)

1 სინბინი: გურგენაძე (31)

რაგბი როვიგო: 15. სტეფან ბასონი, 14. ბილი ნგავინი, 13. დენის მაისტოროვიჩი, 12. ფრანჩესკო მენონი, 11. სტივენ ბორტოლუსი, 10. ლუჩანო როდრიგესი, 9. ჯორჯო ბრონძინი (21. მარკო ფრატი 64); 1. ნიკოლა კვალიო (18. გილერმო გაჟიონი 64), 2. ენრიკო ჩეკატო (16. ლუქ მაქონი 54), 3. მასიმიალიანო რავალე (17. გილერმო როანი 45), 4. ჯუზეპე ბოჯანი, 5. ჟან-ფრანსუა მონტაური, 6. ემილიანო კაფინი (17. გილერმო როანი 33-40+3), 7. ანდრეა დე მარკი, 8. მატეო ფერო (კაპ.) (23. ლორენცო ლუბიანი 64).

სათადარიგოები: 19. მატეო მარანი, 20. რდუარდო ლუბიანი, 22. დავიდე ფაროლინი.

მწვრთნელები: ფილიპო ფრატი, ანდრეა დე როსი

2 ლელო: ნგავინი (4), დე მარკი (24)

1 გარდასახვა: ბასონი

3 ჯარიმა: ბასონი

1 არეკნი: ბასონი

2 სინბინი: რავალე (31), დე მარკი (36)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.345287