საფრანგეთი პრო დ2

18:16 | 12.01.2017 | ნანახია 4214 - ჯერ

თამაზ მჭედლიძე: „100%-ით მზად ვარ“

„ბორჯღალოსანთა“ გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ ტრავმა მოიშუშა და საკუთარ გუნდს 13 იანვარს, პრო დ2-ის მე-17 ტურის შეხვედრაში დაუბრუნდება.

მისი „აჟენი“ აკვიტანიის რეგიონის ისტორიულ დერბიში „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლებს. 23 წლის მჭედლიძისთვის „მონ-დე-მარსანი“ პირველი ფრანგული გუნდი იყო და ამრიგად, ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა მომავალ შეხვედრაში.

თაზო საკუთარი გუნდის ლიდერია. მიმდინარე სეზონში მან კლუბში შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველ მატჩში შეცვლაზე შევიდა, ხოლო მომდევნო 8 თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 4 ლელო გაიტანა - მათ შორის ერთი სწორედ „მონ-დე-მარსანთან“ პირველ წრეში. შემოდგომის ტესტების შემდეგ, კლუბში დაბრუნებულმა მჭედლიძემ ტრავმა მიიღო, მერე საშობაო არდადეგების დრო დადგა და ახლა ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება.

მომავალი შეხვედრის წინ ფრანგულ პრესაში ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:

- რას გვეტყვით იმ ტრავმის შესახებ, რომელიც „კოლომიესთან“ მატჩში მიიღეთ?

- თავიდან ბარძაყზე სისხლჩაქცევა მქონდა და მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. „მონტობანთან“ მატჩისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ტკვილებმა შემაწუხა და დილით ბარძაყი გასიებული მქონდა. ჩავიტარე გამოკვლევები და გარკვეული დროით დასვენება დამჭირდა. ეს პრობლემა რომ მოვაგვარე და ვარჯიში განვაახლე, საზარდულმა შემაწუხა, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

- შემოდგომის ტესტ-მატჩებიდან დაბრუნების შემდეგ, „კოლომიესთან“ შეხვედრაში ჩვეულად კარგად არ გამოიყურებოდით...

- დიახ, „კოლომიესთან“ შეხვედრა მართლაც რთული იყო. სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიზიკურად გადაღლილი, გადამწვარი ვიყავი. „კოლომიესთან“ ჩემი თამაში ვერ ვაჩვენე და ბურთიც ხშირად არ მქონდა.

- რატომ, საქართველოს ნაკრებში თამაში რთული იყო?

- სამი დიდი თამაში გვქონდა იაპონიასთან, სამოასთან და შოტლანდიასთან. ამ უკანასკნელს ხელოვნურსაფარიან მოედანზე შევხვდით, რომელიც ფეხბურთისთვისაა განკუთვნილი. საფარი ჩვეულებრივზე მძიმე იყო და ძალიან ციოდა. ფიზიკურად იდეალური სათამაშო პირობები არ ყოფილა.

- საშობაო დასვენების შემდეგ თავს კარგად გრძნობთ?

- დიახ, შვებულებით ვისარგებლე. აჟენში დავრჩი და ეს ჩემი მეუღლის გამო გავაკეთე, რადგან ის ფეხმძიმედაა, ტყუპებს ელოდება და ფრენა არ შეიძლება. მხოლოდ ბორდოსა და ტულუზაში გავისეირნეთ. კარგად დავისვენე.

- როგორ, შვებულების პერიოდში ოჯახი არ მოინახულეთ?

- არა, თუმცა მათ ძალიან მალე შევხვდები. ჩემი მშობლები საფრანგეთში პირველად ჩამოვლენ და ოთხი შვილის მოვლაში დაგვეხმარებიან. რთულია ოთხი შვილის მოვლა, განსაკუთრებით ორი ახალშობილის. მიხარია, დედ-მამა ახლოს რომ მეყოლება.

- „მონ-დე-მარსანთან“ მატჩს როგორი განწყობით ხვდებით?

- ერთთვიანი დასვენების შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. 100%-ით მზად ვარ.

- „მონ-დე-მარსანი“ თქვენთვის პირველი ფრანგული გუნდი იყო. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?

- რთული დღეები გადავიტანე. ახალგაზრდა ვიყავი, ენა არ ვიცოდი, გუნდი ტოპ 14-იდან დაქვეითდა და ხელმძღვანელებმა ჩემი დატოვება აღარ ისურვეს.

- როგორ აღმოჩნდით „მონ-დე-მარსანში“?

- ჩემი თამაში 2012 წელს, აშშ-ში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის „ალაფის“ მსვლელობისას ნახეს და თავად დამიკავშირდნენ.

- „მონ-დე-მარსანის“ წინააღმდეგ თამაში თქვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა?

- „მონ-დე-მარსანი“ ერთი წლის შემდეგ დავტოვე და მას შემდეგ მის წინააღმდეგ სამჯერ თუ ოთხჯერ ვითამაშე. ვერ გეტყვით, რატომ, თუმცა მის წინააღმდეგ თამაში მიყვარს. როცა ჩემს წინაშე ეს გუნდი დგას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ცოტა ხნის წინ „აჟენთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივეთ. რას ელით ამ 2 წელიწადში?

- უწინარესად, ველი იმას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ტოპ 14-ში დავბრუნდებით. ეს უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და „აჟენისთვის“. ამრიგად, მომავალი წლის მიზანია, რომ ვითამაშოთ ტოპ 14-ში და იქ ადგილი შევინარჩუნოთ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:23 | 13.01.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ თაზო !!!

0.089756