საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურის მთავარი მატჩი კლერმონში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “ტულონს” 30:6 მოუგო. სეზონის დასაწყისში ეს გუნდები ერთმანეთს ტულონში დაუპირისპირდნენ და იმ მატჩსაც “ვილკანები” იგებდნენ, რომელთა შორის იმ დღეს არც დათო ზირაქაშვილი ყოფილა და არც ვიტო კოლელიშვილი. სამაგიეროდ, ტულონელებს მამუკა გორგოძე ჰყავდათ, ვინც თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გადამწყვეტი ლელო გაუტანა, რომელიც პიერ ბერნარმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 23:21 “ტულონის” სასარგებლოდ.
თუმცა, გუშინდელ თამაშში “ყვითელი ჯარის” (“კლერმონის” კიდევ ერთი მეტსახელი) სასტარტო შემადგენლობაში როგორც ვიტო იყო, ისე ზირაქაც, და ტულონელებს ვეღარც მამუკას თავგანწირვამ უშველა. საერთოდაც, გათამაშების ლიდერთან ჰაბანას, ბასტაროსა და იგივე ჩილაჩავას სამარქაფო სიაში დატოვება, ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილება იყო მაიკ ფორდის მხრიდან. სხვათა შორის, ფორდმა ქართველი ბურჯი თამაშში პირველივე ტაიმში ჩართო, იმდენად ჩაგრავდნენ ზირაქა და მისი პარტნიორები ტულონელ პირველხაზელებს. მაგრამ იმ დღეს “ტულონი” კლერმონელთა გამჩერებელი მაინც არ იყო, იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს.
ლევან ჩილაჩავამ, როგორც აღვნიშნეთ, 30-ე წუთიდან ბოლომდე ითამაშა, გორგოძე სულაც შეუცვლელად იყო მოედანზე. “კლერმონში” ზირაქაშვილმა თავიდან 68-ე წუთამდე მაგრად ითამაშა, ასევე ეფექტური იყო ვიტოც, თუმცა 43-ე წუთზე რეფერიმ მას წესების განმეორებითი დარღვევისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა...
“კლერმონი” კვლავაც ლიდერია, ხოლო “ტულონი” მე-5 საფეხურზე ჩამოვიდა. მე-4 ადგილი ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” დაისაკუთრა, რომელმაც პარიზში “სტად ფრანსე” ბოლო წუთზე 18:15 დაამარცხა. კაკოვინი სასტარტოში იყო და 50-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო დედაქალაქელთა განაცხადში ორი ქართველი პირველხაზელის გვარი ეწერა: ზურაბ ჟვანიამ 57-ედან მე-80 წუთამდე იბურთავა, ხოლო გიორგი მელიქიძე თადარიგში დარჩა. მარცხის მიუხედავად, “სტად ფრანსე” მე-10 ადგილზე დარჩა.
ასევე შეინარჩუნა წინა ტურის პოზიცია ქართველმრავალმა “მონპელიემ” – “ბორდოს” 39:26 მოუგო და მე-3 ადგილზე დარჩა. დუდუ ქუბრიაშვილს დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა და ქართველი ბურჯი რაგბს დაუბრუნდა, შედეგად, მონპელიელთა პირველი ხაზი კვლავ მთლიანად “ბორჯღალოსანთაგან” შედგა – მიხეილ ნარიაშვილი-შალვა მამუკაშვილი-ქუბრიაშვილი. მიშამ და დუდუმ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშეს, მამუკაშვილმა – 68-ემდე, ხოლო 61-ე წუთიდან ბოლომდე ტრავმამოშუშებულმა კოტე მიქაუტაძემაც იბურთავა.
“ბრივმა” საკუთარ მოედანზე “გრენობლს” დიდი გაჭირვებით მოუგო – 23:22, კარლენ ასიეშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი შესვენებისას შეცვალეს. “ბრივმა” კი ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა – უკვე მე-8 ადგილზეა და საოცნებო მეექვსეზე მყოფ “კასტრს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
რანგით მეორე ფრანგულ ლიგაში, პრო დ2-ში საკვანძო ამბავი ისაა, რომ პირველ ადგილზე “მონტობანი” აღზევდა, რომელმაც არჩილ ბეჟიაშვილის “ვანი” იოლად, 36:13 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა მარჯვენა ბურჯად პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენების შემდეგ აღარ გამოჩენილა. “მონტობანი” კი იმ იშვიათ ფრანგულ გუნდთაგანია, სადაც ქართველი არ ირიცხება. ჰოდა, ამ გუნდმა ისარგებლა ჩვენებურთა კლუბების წაფორხილებით და ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
ცხრილის მე-2 საფეხურზე “აჟენი” დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც “ორიაკთან” გასვლითი მატჩის დასკვნითი 18 წუთი პირველხაზელმა გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა. უმძიმესი ბრძოლა მასპინძლებმა 19:16 მოიგეს. “ორიაკის” სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო: მეორეხაზელი ვეტერანი ლევან დათუნაშვილი და ცენტრი მერაბ შარიქაძე. სხვათა შორის, 28-ე წუთზე შარიქაძემ დაცვა გაარღვია და 22-ში ბურთიანად შეიჭრა, თუმცა შეყოვნდა, პარტნიორს გადაცემა დაუგვიანა, რაც აჟენელებმა არ აპატიეს, შებოჭეს და გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. არადა, ლელო გარდაუვალი ჩანდა...
“ორიაკმა” ცხრილში მე-4 საფეხური შეინარჩუნა, თანაც ქულებით ყოფილ ლიდერ “ოიონას” გაუთანაბრდა. ამ უკანანასკნელმა “კარკასონთან” გასვლა ჩააფლავა – 19:34 წააგო და პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. “ოიონაში” ბოლო 22 წუთი ბურჯმა გიორგი ვეფხვაძემ ითამაშა.
მე-5, პლეი-ოფში გამსვლელ ბოლო ადგილზე “კოლომიე” ავიდა, რომლის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არაა, ხოლო შალვა სუთიაშვილის “ანგულემმა” ეს სანუკვარი საფეხური ბეზიეში მოულოდნელი განადგურების (9:41) გამო დათმო. სუთიაშვილი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო “ბეზიეში” დასკვნითი 15 წუთი შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა “ბორჯღალოსნმა” - ლაშა ლომიძემ გაატარა. აღსანიშნავია, რომ “ბეზიემ” თაავისი 5 ლელოდან 3 დროის სწორედ იმ მოკლე მონაკვეთში გაიტანა, რაც მინდორზე ლომიძე იმყოფებოდა.
მართალია, ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ “ბეზიე” გასავარდნი ზონიდან ვერ ამოიყვანა, მაგრამ იგივე “ვანს” ერთქულიან დისტანციაზე კი მიაახლოვა. “ბეზიეს” 2 ქულით “დაქსი” და “ალბი” უსწრებენ. “დაქსმა” ბიარიცში 18:30 წააგო და მის შემადგენლობაში 49-ე წუთზე ელიზბარ ყუფარაძე გამოჩნდა, ხოლო “ალბი”, რომლის პირველ ხაზში ბოლო 30 წუთი ბექა შეყლაშვილმა ითამაშა, შინ წყალწაღებულ “ბურგუენს” 13:13 დაუზავდა.
ინგლისის ავივა პრემიერშიფში ტურმა ქართველთა გარეშე ჩაიარა. მართალია, ჯაბა ბრეგვაძე “ვუსტერის” განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შანსი არ მისცეს, ხოლო მისმა გუნდმა “გლოსტერთან” გასვლაზე გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 19:55, და ცხრილის ბოლოსწინა, გასავარდნ საფეხურზე დარჩა.
გინესის პრო-12-ში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, ანტონ ფეიქრიშვილის “კარდიფ ბლუზმა” გლაზგოში “უორიორზთან” 15:29 წააგო. ფეიქრიშვილმა დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ პირველად ითამაშა – თავისი გუნდის სასტარტო მარჯვენა ბურჯი იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია