საფრანგეთში, კერძოდ, ელიტურ ლიგა ტოპ 14-ში საახალწლო ტური გაიმართა. ამ ტურში სოლიდური ქართული ლეგიონის მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და მიმოხილვაც, შესაბამისად, მოკლე გამოგვივიდა.
„მონპელიე“, როგორც წესი, 4 ქართველით თამაშობს, მაგრამ „პოსთან“ გასვლითი შეხვედრა გამონაკლისი იყო - შერკინების პირველ ხაზში დუდუ ქუბრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა, მეორე ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი მწვრთნელმა დაასვენა, ისევე როგორც N4 კოტე მიქაუტაძე, ხოლო გუნდის ძირითადი კვაჭი შალვა მამუკაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. თუმცა, სტუმრებს ვერც მან უშველა და „პომ“ გამარჯვება იზეიმა - 32:27. „მონპელიე“ ბონუს-ქულას დასჯერდა, რადგან 5 ქულის სხვაობით დამარცხდა, თუმცა ცხრილში დაქვეითებას ვერ გადაურჩა - მე-3 საფეხურზე ჩაინაცვლა.
მე-2 ადგილზე კი „ლა როშელი“ ავიდა, რომელმაც ერთ-ერთი აუტსაიდერი „გრენობლი“ 40:3 გაანადგურა და 4 ლელოსთვის პრემიალური ქულაც დაისაკუთრა. ამ გუნდს 46 ქულა აქვს. მასპინძელთა განაცხადში ლექსო ყაულაშვილი იყო, ვინც 58-ე წუთიდან ბოლომდე ითამაშა.
პირველზე კი კვლავაც „კლერმონია“, რომელსაც ასევე 46 ქულა აქვს, თუმცა უკეთესი გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით სჯობნის „ლა როშელს“. კლერმონელებს არც დავით ზირაქაშვილი დახმარებია და არც ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო გუნდმა ტულუზაში 20:26 წააგო, თუმცა არც გამარჯვებულ გუნდში გამოჩენილა ვასილ კაკოვინი. „ტულუზი“ მე-6 საფეხურზე დამკვიდრდა.
„სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობა უქართველებოდ იყო დაკომპლექტებული: ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე მარქაფაში იყვნენ. ჟვანია თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მელიქიძე მწვრთნელმა თადარიგში დატოვა. რაც შეეხება მატჩის შედეგს, პარიზელებმა ქართველების გარეშე მოასპარეზე „ბრივი“ უდიდესი გაჭირვებით, 12:10 დაამარცხეს და სტუმრებს ბონუსი გაატანეს. „სტად ფრანსემ“ „ბრივს“ცხრილში ადგილები გაუცვალა - მეტოქე მე-10 საფეხურიდან ერთით ჩამოაქვეითა.
დაბოლოს, „ტულონის“ გამარჯვების შესახებაც: ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ლევანმა მოედანი 53-ე წუთზე დატოვა - შეცვალეს, ხოლო მამუკამ მინდორზე 80-ვე წუთი გაატარა. ტულონელებმა „რასინგი“ ლი ჰაფპენის 4 ზუსტი ჯარიმის წყალობით დაამარცხეს, თორემ ორივე მხარემ თითო ლელო დადო. სტუმრებში ჯარიმებს დიდებული დენ კარტერი ასრულებდა, ვინც ორი შანსი უნაკლოდ გამოიყენა, მაგრამ ეს იყო და ეს - „ტულონმა“ 17:11 იმარჯვა და მე-4 საფეხური შეინარჩუნა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია