2016 წლის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე დადგა დრო გაგაცნოთ წლის საუკეთესოები, რომლებიც ქართულმა სარაგბმო თემმა და რაგბზე მომუშავე ჟურნალისტებმა განვილილი 12 თვის შედეგებით გამოავლინეს. შიდა რაგბში გამორჩეულთა შესახებ უკვე ვწერდით და ახლა დროა სანაკრებო პერიპეტიებს გადავხედოთ
წლის საუკეთესო მორაგბე
2016 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, რომელმაც ეს ჯილდო მეექვსედ დაისაკუთრა - 2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლებში.
წლის განმავლობაში მან ბორჯღალოსნების კვართით ოთხჯერ ითამაშა - ერთხელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის სარეკორდო ძლევისას და სამჯერ ნოემბრის ტესტებზე, სადაც ის გუნდის კაპიტანი იყო; მისი ‘ტულონი’ საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში გავიდა, რომელსაც ბარსელონას 98-ათასიანმა ‘კამპ ნოუმ’ უმასპინძლა და გორგოძე გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ლელო დაამიწა.
წლის მექულე
2016 წელს ბორჯღალოსნებს ყველაზე მეტი, 99 ქულა ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა შესძინა, რომელიც საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მექულეა - 766. მეკოს ზურგს 98 სანაკრებო კეპი უმაგრებს და მას პირველი ქართველი ‘ცენტურიონის’ ტიტულის, მე-100 სანაკრებო კეპის მომოხვეჭამდე 2 მატჩი აშორებს.
წლის მელელოვე
წლის საუკეთესო მელელოვე ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, რომელმაც რუმინეთთან დუბლი შეასრულა, გერმანიას და რუსეთს თითო-თითო ლელო დაუდო და ჯამში 4 მოაგროვა. ჯამში ნაკრების კვართით ჩატარებულ 23 მატჩში მის ანგარიშზე 5 ლელოა. წლის განმავლობაში სამ-სამი ლელო დაამიწეს დავით კაჭარავამ, ვასილ ლობჟანიძემ, გიორგი ნემსაძემ, გიორგი თხილაიშვილმა, ლაშა ლომიძემ და ბექა ბიწაძემ.
საუკეთესო ქალი მორაგბე
წლის საუკეთესო ქალ მორაგბედ 7-ქალას მოთამაშე, სალომე საღარაძე დასახელდა. სალომე უკვე 5 წელია რაც ბურთაობს და ზურგს ნაკრების კვართით ნათამაშები რაგბი 7-ის 30 ტურნირი უმაგრებს. წელს მან 7-ქალას ექვსივე ტურნირის ყველა მატჩში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სალომემ საქართველოს საუკეთესო ქალი მორაგბის ტიტული პირველად მოიპოვა.
ბორჯღალოსნების წლის მონაგარი
2016 წელს ბორჯღალოსნებმა 11 ტესტი გამართეს და 8-ში გამარჯვება მოიპოვეს, 2-ჯერ დამარცხდნენ და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
გაზაფხულზე ისინი ტრადიციულად ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატში ჩაებნენ და ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული, სულ კი 14 გათამაშებაში თასი 9-ჯერ შემართეს. გუნდმა მეექვსედ შეასრულა დიდი სლემი, ანუ მოიგო ყველა შეხვედრა და მეათედ შემართა რუმინეთთან საზიარო ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასი. რუმინეთთან მატჩში დამყარდა რამდენიმე რეკორდი - პირთამდე შეივსო ‘დინამო არენა’ (54 ათასი გულშემატკივარი); ამ მეტოქეს პირველად ვძლიეთ ბონუს ქულით; დავუდეთ 6 ლელო; ურთიერთშეხვედრებში მოვაგროვეთ ყველაზე მეტი ქულა და დავამარცხეთ სარეკორდო სხვაობით - 38-9.
2016 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა დაამიწეს 28 ლელო და მიიღეს 3. ქულათა საერთო მონაგარმა 188 შეადგინა და მივიღეთ მხოლოდ 33. გუნდმა ხუთი თამაშიდან 4-ში ბონუს ქულა მიითვალა.
ივნისში ბორჯღალოსნები პირველად გაემგზავრა ოკეანეთში და ტურნე დაუმარცხებლად დაასრულა. მსგავსი შედეგი ბოლოს 1986 წელს, უელსის ნაკრებს ჰქონდა. ევროპული გუნდებიდან წლევანდელი ივნისის სამხრეთული ტურნე დაუმარცხებლად მხოლოდ ინგლისისა და საქართველოს ნაკრებებმა დაასრულეს. ბორჯღალოსნები პირველ მატჩში სამოას დაუზავდნენ, ხოლო ტონგასთან და ფიჯისთან გამარჯვება მოიპოვეს.
ოკეანეთის ტურნეზე ბორჯღალოსნებმა დაამიწეს 4 ლელო და მიიღეს 3; ჯამში დააგროვეს 56 ქულა და მიიღეს 42; მსოფლიო რეიტინგში პირველად ავედით მე-11 ადგილზე.
2016 წლის მონაგარი ოდნავ გაუფერულდა შემოდგომის ტესტებზე, რომლის დროსაც ბორჯღალოსნებმა ორი თამაში დათმეს და ერთი მოიგეს. ‘მიხეილ მესხის’ 24-ათასიან სტადიონზე ორივე საშინაო შეხვედრამ ანშლაგით ჩაიარა. პირველ მატჩში თბილისში იაპონიამ გვძლია და ხელიდან გავუშვით მსოფლიო რეიტინგის ათეულში შესვლის შანსი. გამარჯვება სამოასთან მოვიპოვეთ, რომელსაც წელს ორჯერ შევხვდით და ამ გუნდთან დადებითი ბალანსი გვაქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.
წლის დასკვნით მატჩში შოტლანდიამ ქილმარნოქში გვძლია. შოტლანდია მესამეა ტიერ 1-ის ქვეყნებიდან (არგენტინისა და ირლანდიის შემდეგ), რომელსაც მსოფლიო თასს მიღმა შევხვდით. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში საპასუხო სტუმრობის სურვილი გამოთქვეს და არაა გამორიცხული 2019 წლის მსოფლიო თასის წინ ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩი გამართონ.
2016 წელს ბორჯღალოსნების საერთო მონაგარმა 39 ლელო და 302 ქულა შეადგინა; მივიღეთ 17 ლელო და 162 ქულა. წლის 11 ტესტში ნაკრების კვართი ჯამში 43-მა მორაგბემ მოირგო - 17-მა უკანახაზელმა და 26-მა მორკინალმა. ლაშა მალაღურაძემ, გიორგი ბეგაძემ და გიორგი ნემსაძემ წელს ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა, თამაზ მჭედლიძემ, კარლენ ასიეშვილმა, შალვა სუთიაშვილმა და ლაშა ლომიძემ მხოლოდ თითო მატჩი გამოტოვეს. ბორჯღალოსანთა კვართი პირველად მოირგეს გიორგი მელიქიძემ, ნოდარ ჭეიშვილმა, ანზორ სიჭინავამ, გიორგი კოშაძემ და ბადრი ალხაზაშვილმა.
შედეგად, 1989 წლიდან დღემდე ბორჯღალოსანთა რიცხოვნება 241-ამდე გაიზარდა. 28-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნებს ჩატარებული აქვს 195 თამაში (79 შინ, 76 სტუმრად, 40 ნეიტრალურზე), მათგან მოიგო 118, 7 ფრედ დაასრულა და 70-ში დამარცხდა. ლელოთა საერთო ბალანსი 532/364-ზე, ხოლო ქულათა 4488/3570-ზეა.
2017 წლის პირველ შეხვედრას 11 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიასთან გავმართავთ, 19-ში გერმანიას ვმასპინძლობთ, 4 მარტს ესპანეთს ვეწვევით, 12-ში რუსეთს მივიღებთ, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატს 19 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან მატჩით ვასრულებთ. ეს იქნება მე-200 ტესტი საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში.
მზარდი გულშემატკივარი
2016 წელს ბორჯღალოსნებმა საქართველოში ხუთი თამაში ჩაატარეს. აქედან სამს - ესპანეთთან, იაპონიასთან და სამოასთან ‘მიხეილ მესხმა’ უმასპინძლა, ხოლო თითო-თითო ‘დინამო არენაზე’ (რუმინეთთან) და ‘ავჭალაზე’ (გერმანიასთან) გაიმართა. თამაშებს ჯამში 100312 გულშემატკივარი დაესწრო, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში.
ახალგაზრდული ნაკრებები
2016 წელი წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ნაკრებებისთვის.
20-წლამდელებმა პირველად ქართული რაგბის ისტორიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშეს, რომელიც კაცების მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირია და 12 ელიტარულ გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს. უმცროსი ბორჯღალოსნები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ უელსთან, კაცნაკლულებმა ბოლომდე იბრძოლეს ირლანდიასთან, დაამარცხეს იტალია და 3 ქულის სხვაობით დამარცხდნენ საფრანგეთთან.
შედეგად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სპორტული კუთხით მოიპოვეს 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო (თბილისი და ქუთაისი) უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი დონის და მასშტაბის ტურნირისთვის საქართველოს აქამდე არასდროს უმასპინძლია.
18-წლამდელებმა ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშა ფინალში და მოიპოვა ვერცხლის მედლები. გაისად ევროპის ჩემპიონატი საკონტინენტთაშორისო ღია ტურნირი გახდება და მასში იაპონია, აშშ და კანადა ჩაერთვებიან. ისინი ინგლისს, უელსს, ირლანდიას, შოტლანდიას და იტალიას ჩაანაცვლებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ დატოვეს.
ახალი მწვრთნელები, მსაჯები და საბავშვო რაგბი
ქართულმა რაგბმა გასული 12 თვის განმავლობაში მიიღო 15 ახალი მსაჯი, რომელთაგან 8 გოგონა, ხოლო 7 ვაჟია. გაიმართა 68 საბავშვო რაგბის ფესტივალი, რაგბში 1120 ბავშვი ჩაერთო და მათი საერთო რაოდენობა 6602-მდე გაიზარდა. მწვრთნელთა ლიცენზირების კურსები წარმატებით გაიარა 86-მა სპეციალისტმა და მათი რაოდენობა 315-მდე გაიზარდა.
განსაკუთრებით აღსანიშავია, რომ წელს სტარტი აიღო ‘მსოფლიო რაგბის’ სასკოლო რაგბის პროექტმა GET INTO RUGBY, რომელსაც რაგბის კავშირისა და ნატახტარის მხარდაჭერით ‘რაგბის ასოციაცია’ ახორციელებს.
თამაშგარე
მოგეხსენებათ, ყველა სანაკრებო თამაშს წინ ხანგრძლივი და მომქანცველი შეკრება, ასევე აღდგენითი პროცესი ახლავს. გამონაკლისი არც ჩვენი გუნდია და 2016 წელს გამართული 11 მატჩის წინ ბორჯღალოსნებმა ჯამში 5390 ბანანი ნიირთვეს; დალიეს 8025 ლიტრი წყალი; მოიხმარეს 3 კილომეტრი სტრაპი და მატჩის შემდგომი აღდგენების გამოიყენეს 9 ტონა ყინული.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად საამაყო კაცი.
გაიხარე საამაყო ქართველო ! ! !
ჩენი გორგოძილა
ვულოცავ მამუკას ! საამაყო კაცია !