2016 წლის გამორჩეული მომენტების დასკვნითი ეპიზოდი შემოდგომის ტესტ-სერიას ეძღვნება.
ნოემბერში ძლიერ მეტოქეებთან თამაშის პატივი ბორჯღალოსნებს 2010 წლიდან ერგოთ და ‘მსოფლიო რაგბის’ დახმარებით, 2013 წლიდან ტესტ-მატჩების რაოდენობა ორიდან სამამდე გაიზარდა. 2014 წლის მსგავსად (2015 წელს მსოფლიო თასი ჩატარდა, რომლის დროსაც ნოემბრის ტესტები არ იმართება), წელს ორ თამაშს თბილისმა უმასპინძლა, ხოლო მესამე შეხვედრა ტიერ 1-ის გუნდთან სტუმრად გავმართეთ.
თბილისს პირველად იაპონია ეწვია, რომელსაც მანამდე არგენტინის ძლიერ გუნდთან ჰქონდა ნათამაშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამაშამდე ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა და მატჩმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა.
ბორჯღალოსნები შერკინებასა და მოლში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველი ლელო კონტრშეტევაზე თავად გაუშვეს. შესვენებამდე ორი საპასუხო ლელო დავდეთ, თავი ვიტო კოლელიშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ გამოიჩინეს და ტაიმი 12-8 მოვიგეთ. მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - იაპონიამ კონტრშეტევაზე იხეირა, თუმცა ბექა ბიწაძემ ქართველთა მესამე ლელო მალევე დაამიწა, მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და საათის თავზე 9 ქულით დავწინაურდით. მაგრამ დასკვნითი მეოთხედი მეტოქის იყო, იაპონელებმა ორი ლელო დადეს და 28-22 იმარჯვეს.
ერთი კვირის თავზე თბილისს სამოა ეწვია და ‘მიხეილ მესხის’ ტრიბუნები კვლავ პირთამდე შეივსო. ბორჯღალოსნებმა წინა მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორეს და მეტოქე 20-16 დაამარცხეს. შერკინება აქაც შეუდარებელი იყო და სამოა ჯერ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო მეორე ლელო ბექა ბიწაძემ მიითვალა და ტაიმი 17-10 დასრულდა. მერაბ კვირიკაშვილმა შესვენებამდე 2 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მეორეში მონაგარი კიდევ 3 ქულით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ იაპონელები და სამოელები ქართველი ქომაგების ქცევით აღფრთოვანებული დარჩნენ, განსაკუთრებით კი მატჩისშემდგომი საპატიო წრით მოიხიბლნენ.
წლის დასკვნით მატჩში შოტლანდიას ქილმარნოქში ვერკინეთ და ვასილ ლობჟანიძის ლელოთი დავწინაურდით, თუმცა მასპინძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმი 31-11 მოიგეს. ამის შემდეგ ინიციატივა ქართველთა მხარეს გადავიდა, შერკინებამ კვლავ შეძლო დიდი უპირატესობის მოპოვება და ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. მატჩის მიწურულს ბორჯღალოსნები მესამელელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ლელო აქეთ მივიღეთ და 16-43 დავმარცხდით.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა თბილისში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არაა გამორიცხული 2019 წლის მსოფლიო თასის წინ ისინი საქართველოს ეწვიონ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია