ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე ქართული სარაგბო თემი დიდი 10-ის (საქართველოს პირველობის უმაღლესი ლიგა) გასული სეზონის საუკეთესო მორაგბეს, მწვრთნელს, მსაჯს და ჩემპიონატის სიმბოლურ 15-ეულს ავლენს. გამოკითხვაში დიდი 10-ის კლუბები და რაგბზე მომუშავე ჟურნალისტები მონაწილეობენ.
დასაწყისისთვის შეგახსენებთ, რომ 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებული თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ გახდა, რომელმაც დრამატულ ფინალში თანაქალაქელ ‘ლოკომოტივს’ 17-15 სძლია. ‘ლელო-სარასენსი’ ზედიზედ მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი მეექვსედ იპირველა. გასულ სეზონში მესამე ადგილი გორის ‘ჯიქს’ ერგო, დიდი 10 რუსთავის ‘ხარებმა’ დატოვა და მის ადგილზე ქუთაისის ‘ბაგრატი’ აღზევდა.
საუკეთესოები
2015-2016 წლის სეზონის საუკეთესო მორაგბედ ‘ლელო-სარასენსის’ მგეზავი, ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე დასახელდა;
190 ქულით წინა სეზონის საუკეთესო მექულე ბოლნისის ‘ყოჩების’, ახლა კი ‘ბათუმის’ მგეზავი თემურ სოხაძე გახდა, ხოლო საუკეთესო მელელოვე ‘ჯიქის’ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი იყო - 8 ლელო;
საუკეთესო მწვრთნელი, მოქმედი ჩემპიონის, ‘ლელო-სარასენსის’ თავკაცი ლევან მაისაშვილი გახდა;
ხოლო დასრულებული სეზონის საუკეთესო მსაჯად ნიკა ამაშუკელი აღიარეს;
დიდი 10 | 2015-2016 სეზონის 15-ეული
სიმბოლურში ყველაზე მეტი, შვიდი მორაგბე ‘ლელო-სარასენსიდანაა’. სამნი ‘ჯიქს’ წარმოადგენენ, ორი მოთამაშითაა წარმოდგენილი ‘ლოკომოტივი’, ხოლო ‘აიას’, ‘არმაზს’, ‘არმიას’, ‘ყოჩებს’ და ‘ბათუმს’ თითო წარმომადგენელი ყავთ. 8 ნომრის პოზიციაზე ორმა მორაგბემ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა და სიმბოლურში ორივეა შეყვანილი.
2015-2016 სეზონის დიდი 10-ის სიმბოლური 15-ეული ასე გამოიყურება:
15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენს), 12. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი/აია), 11. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენს), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი/ბრივი);
1. დავით გურგენაძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენს), 3. ნიკა პატარაია (ლელო-სარასენს/ბათუმი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენს), 5. სანდრო ქოიავა (ლელო-სარასენს), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები/ენისეი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. გურამ შენგელია (ჯიქი) | ელგუჯა სურგულაძე (ლელო-სარასენს).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია