ბორჯღალოსნები

19:00 | 29.12.2016 | ნანახია 1920 - ჯერ

გადავახვიოთ 2016: ეპიზოდი IV

ვაგრძელებთ წლის გამორჩეული მომენტების გახსენების რუბრიკას და გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს - წელს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ბორჯღალოსნები ივნისში ტესტ-მატჩების გასამართად წყნარი ოკეანის კუნძულებზე გაემგზავრნენ.

ბოლო გუნდი, რომელმაც წყნარი ოკეანის ტურნე ბეჭდაუდებელმა დატოვა უელსის ნაკრები იყო ეს 1986 წელს მოხდა. 30 წლის შემდეგ ამის გამეორება ბორჯღალოსნებმა მოახერხეს.

მილტონ ჰეიგის შეგირდები კუნძულებს “შესუსტებული” შემადგენლობით ეწვივნენ. ამ პერიოდში საფრანგეთის ტოპ 14-ში პლეი ოფები იმართებოდა და ჩვენმა მწვტრთნელმა მოწინავე კლუბებში “დასაქმებული” 8 ბორჯღალოსანი მოისაკლისა.

მიუხედავად ამისა ჩვენმა გუნდმა პირველი თამაში, სამოას წინააღმდეგ, მაღალ დონეზე ჩაატარა. გუნდებმა თითო ლელო დაამიწეს, ქართველთაგან თავი გიორგი თხილაიშვილმა გამოიჩინა, მერაბ კვირიკაშვილმა საკუთარ ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა - 19-19. ეს იყო გამარჯვების ტოლფასი ფრე, რადგან ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს.

სამოადან ქართველებმა ფიჯიზე გადაინაცვლეს და სუვაში ტონგას შეხვდნენ. მეტოქე აქაც წინ იყო, თუმცა ბორჯღალოსნებმა მათთან ერთად კლიმატურ პირობებსაც სძლიეს და გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი და ზუსტი გარდასახვით 23-20 იმარჯვეს. ამ თამაშში დავით კაჭარავამ ორი ლელო დაამიწა, კვირიკაშვილმა 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა შეასრულა, ხოლო ბოლო გარდასახვა მალაღურაძის ანგარიშზე იყო.

ტურნეს დასკვნით მატჩში ქართველთა მეტოქე მასპინძელი ფიჯი იყო. ტაიმის 3-3 დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ ბორჯღალოსნებმა აგროვეს და 14-3 იმარჯვეს. შეხვედრაში ერთადერთი ლელო გავიდა და ის ხმალაძის ანგარიშზეა, ხოლო კვირიკაშვილმა სამი ჯარიმა გაიტანა.

ამრიგად, წყნარი ოკეანის ისტორიული ტურნე ბორჯღალოსნებმა 2 მოგებით და ერთი ფრით დაასრულეს. შედეგად, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ის მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე აღზევდა და ეს პოზიცია ნოემბრამდე შეინარჩუნა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100611